გაძარცვული მუზეუმი და გადარჩენილი რელიქვია - კვირის პალიტრა

გაძარცვული მუზეუმი და გადარჩენილი რელიქვია

- რამდენიმე წლის წინათ იგი მუზეუმში გამოფენაზე მქონდა მიტანილი. საინტერესო ექსპონატი იყო და დიდი ყურადღებაც მიიქცია, მაგრამ წინათგრძნობამ მიკარნახა, რომ მუზეუმიდან დროზე ადრე გამომეტანა. ასეც მოვიქეცი და ზუსტად ერთ კვირაში მუზეუმი გაიძარცვა - უამრავი მედალი და სხვა ღირებული ნივთი დაიკარგა, - მოგვითხრობს ანზორ გაბიტაშვილი.

რა ექსპონატზეა ლაპარაკი? ოქროს სამაჯურზე არა, არც თრიალეთის ოქროს თასზე, ცხადია, არც საწმისზე... ქართული ფეხბურთის ოქროს საწმისი 1981 წლის თასების თასის ფინალის ბურთია. სწორედ "ოქროს ბურთი" ჰქონდა მხედველობაში ეროვნული ნაკრების ფიზიოთერაპევტ ანზორ გაბიტაშვილს.

ვისაც 1981 წლის თასების თასის ფინალი ("დინამო"-"კარლ ცაისი") ტელევიზიით ან ჩანაწერის სახით უნახავს, დააკვირდებოდა, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე შერბის "დინამოს" ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი და ისტორიულ ბურთს არავის უთმობს.

სხვათა შორის, მატჩის სემდეგ გადაღებულ ამ სამახსოვრო ფოტოზეც იმიტომ ვერ მოხვადა - ამ დროს გასახდელში ისტორიული ბურთის "დასამალად" იყო შესული. მან ეს რელიქვია საქართველოში ჩამოიტანა და საკუთარ კოლექციაში საპატიო ადგილი მიუჩინა:

- ბურთების მდიდარი კოლექცია მაქვს, ძველი "დინამოდან" დაწყებული, საქართველოს ნაკრების მატჩების ბურთებით დამთავრებული. მათ შორისაა პერუჯაში გამართული იტალია-საქართველოს შეხვედრის ბურთიც. 5 წლის წინ "კარლ ცაისის" 100 წლის იუბილეზე თბილისის "დინამოს" ვეტერანები იენაში იყვნენ მიწვეულები. გერმანელებმა იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული ბურთი მაჩუქეს. ასეთი სულ ხუთი ბურთია. ერთი ჩემს კოლექციაშია.

13 მაისიც იუბილეა - ზუსტად 30 წლის წინათ მაშინდელმა საქართველოს ნაკრებმა, თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა - ფინალში ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გილებით "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა. ქართულ ფეხბურთში ამაზე დიდი მიღწევა არ გავქვს და ალბათ ამიტომაცაა, ჩვენს კალენდარში 13 მაისი ბევრისთვის "წითელი რიცხვებით" რომ აღინიშნება.

- 1981 წლამდე ქართული ფეხბურთის წარმატებები თითზე ჩამოითვლებოდა - 1964 წელს "დინამომ" მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, 1978 წელს იგივე გაიმეორა, ხოლო 1976 და 1979 წლებში სსრკ-ს თასს დაეუფლა. საერთაშორისო სარბიელზე კი 1981 წელს გაიბრწყინა. ეს სულ სხვა სიმაღლე იყო და ამიტომაცაა, თასების თასის ფინალის დღე - 13 მაისი დღემდე რომ არავის დავიწყებია. სხვათა შორის, 1980 წლის ოქტომბერში "უოტფორდთან" გასვლითი მატჩის წინ სიზმარი ვნახე - "დინამოელებს" თასების თასი ეჭირათ. ეს ამბავი ნოდარ ახალკაცსა და კახი ასათიანს მოვუყევი. გაეცინათ, თასს ჩვენ ვინ დაგვანებებსო... ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც ჩემი სიზმარი გამართლდა...

სამწუხაროდ, მსგავსი საკლუბო მიღწევა ახლო მომავალში არც დაგვესიზმრება. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს...

- არ მჯერა, რომ უახლოეს წლებში "დონამოს" წარმატება განმეორდება. ამის თქმის საფუძველს ქართული ფეხბურთის მდგომარეობა მაძლევს. თანაც, ბოლო დროს "მაიმუნობები" გამოვლინდა, რაც დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს.

ანზორ გაბიტაშვილს დამშვიდობების წინ ვუსურვე: თქვენი კოლექცია ევროპის, ან მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩამოტანილი საქართველოს ნაკრების მატჩის ბურთით გამდიდრებულიყოს-მეთქი.

- ნეტავ, გავიდეთ და გპირდებით, პირველივე მატჩის ბურთს საქართველოში ჩამოვიტან. საბჭოთა დროში "დინამო" ეროვნული ნაკრები იყო. მთელი საქართველო მასზე მუშაობდა. დღესაც კარგი ნაკრები გვყავს, ქეცბაიას იმედიც მაქვს, მაგრამ მარტო თემური საქმეს ვერ აუვა. თუ ნაკრების წარმატება გვინდა ქეცბაიას მთელი საქართველო მხარში უნდა ამოუდგეს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)