რუსული "ჯოკონდას" ტრაგიკული ბედი - კვირის პალიტრა

რუსული "ჯოკონდას" ტრაგიკული ბედი

"კომუნისტების დროს მამა სულ მაფრთხილებდა, რომ არ მეთქვა, ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები"

"ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი, მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა", - ეს სიტყვები ალექსანდრე პირველზე შეყვარებულ ბარბარე თურქესტანიშვილს ეკუთვნის, რომლის პორტრეტი საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში აქვთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ნახატზე გამოსახული "უცნობი ქალი", ხშირად რუსულ "ჯოკონდად" მოხსენიებული, ქართველი ბარბარე თურქესტანიშვილია, რომლის ერთადერთი შთამომავალი ნინო თურქესტანიშვილი ჩვენს მკითხველს ტრაგიკული ბედის ბარბარეს ისტორიას უამბობს:

- ბარბარე თურქესტანიშვილი ჩემი წინაპარია. მისი ერთადერთი პირდაპირი შთამომავალი მე ვარ. მამაჩემი იყო ამ შტოს ბოლო მამაკაცი და ქალი მე გახლავართ. გვარი თურქესტანიშვილი ჩემით მთავრდება. მე ფრანგს გავყევი ცოლად და გოგონა შემეძინა, თუმცა ჩემი შვილი ფიქრობს, რომ თუ ბიჭი შეეძინება, ეს გვარი მისცეს. რუსეთში ცხოვრობენ თურქესტანოვები, ჩვენი სხვა შტოს წარმომადგენლები, ჩამოსულიც იყვნენ ჩვენთან სტუმრად და გვენათესავებიან.

კომუნისტების დროს მამა სულ მაფრთხილებდა, რომ არ მეთქვა, ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები. ადრეულ წლებში მამამ რუსულიდან თარგმნა ბარბარეს წერილები, რომლებიც დღემდე შენახული მაქვს.

- მოგვიყევით ბარბარე თურქესტანიშვილზე... - ბარბარე თურქესტანიშვილი 1775 წელს თელავში დაიბადა. მისი პაპა, თავადი ბაადურ თურქესტანიშვილი, ვახტანგ მეექვსის მიერ პეტრესთან გაგზავნილი პირველი დესპანი იყო, რომელიც 1724 წელს ვახტანგის ამალას გაჰყვა რუსეთში, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იმპერატორის კარზე დარჩა. სწორედ თურქესტანიშვილმა მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი.

ბარბარეს მამა ილია რუსეთის არმიაში მსახურობდა და მაშინ გარდაიცვალა, როცა ბარბარე 14 წლის იყო. დედა მარია ალექსანდროვნა ერიოპკინა ბარბარეს 20 წლის ასაკში გარდაეცვალა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მისი ბედი იმპერატორს დაუკავშირდა და იმპერატორის დედის, მარია ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა.

- როგორ წარიმართა მისი ცხოვრება მეფის კარზე?

- ბარბარე ფოტოზე ლამაზია, მაგრამ ცხოვრებაში არც ისეთი ლამაზი ყოფილა. უფრო - გონიერი, ენამოსწრებული და იუმორით სავსე ქალი იყო, ამიტომ მალე იმპერატრიცას კეთილგანწყობა მოიპოვა, მის საზოგადოებაში ყოფნა ყველას სიამოვნებდა. რასაკვირველია, ალექსანდრე პირველსაც მოეწონა, მერე კი ისე შეუყვარდა, რომ გრძნობას ვერ მალავდა. ცდუნებას ვერც ბარბარემ გაუძლო და მალე მისი საყვარელი გახდა. იმპერატორის ახალი გატაცების შესახებ ხმა მალე გავრცელდა, მათ უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა იდეალური ურთიერთობა არ ჰქონიათ და ხშირად კამათობდნენ. ბარბარე მეგობარს სწერდა: "მე ვტკბებოდი იმ გულისყურით, რომლითაც იგი მისმენდა. ჩვენი აქ ყოფნა ნამდვილი ნეტარებაა. მე აღარც თვრამეტი წლის ვარ, აღარც ოცის და ასეთ ასაკში კეთილგანწყობის ის მცირეოდენი გამოვლინებაც კი, რაც ამ დღეებში მხვდა წილად, შეიძლება სახიფათოც გახდეს ჩემთვის".

- როგორც ამბობენ, იმპერატორი ალექსანდრე მექალთანე იყო... - ალექსანდრე პირველი 23 წლის ასაკში გამეფდა, ცოლიც შეირთო, მაგრამ გული მალე აუცრუვდა. სასახლის ყველა ლამაზმანთან ჰქონდა რომანი. ცნობილია მისი 15-წლიანი რომანი მარია ნარიშკინასთან. ბოლოს მარიას ღალატის გამო ერთმანეთს დაშორდნენ და მალე მექალთანე იმპერატორმა ბარბარეს დაადგა თვალი.

ბარბარე თურქესტანიშვილს იმპერატორის ოფიციალურ ფავორიტობაზე პრეტენზია არ ჰქონია. ამიტომ ცდილობდა, იმპერატორთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა ყველასთვის დაფარული ყოფილიყო.

1918 წლის შემოდგომაზე იმპერატორის დედამ თავადის ქალი ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. "მარია ფიოდოროვნას მოგზაურობაში მიჰყვებიან: ნარიშკინი - გართობისთვის, ალბედილი - ფულისთვის, თურქესტანოვა - ჭკუისთვის","- წერდა გრაფი გოლიცინი თავის მოგონებებში. ბარბარეს დღიურებით ირკვევა, რომ მისთვის ეს მოგზაურობა სასიმოვნო არ იყო, პირიქით, ძალიან დამღლელი აღმოჩნდა: "გუშინ მომაკვდინებელი ვახშამი, დღეს - მეჯლისი... მთელი სისწრაფით მივქრივართ და დანიშნულების ადგილზე ჩასულები დასვენების ნაცვლად, მეჯლისზე წასასვლელად ვემზადებით. გარწმუნებთ, ამას ვერანაირი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს, თუმცა მისი აღმატებულება სირთულეებს შესანიშნავად ართმევს თავს და ახალგაზრდებზე უკეთ გამოიყურება".

მოგზაურობა სასიამოვნო ვერც იქნებოდა, მით უფრო, რომ იმ დროს ბარბარე ორსულად იყო. ავსტრიაში ყოფნისას ბარბარე შეუძლოდ გახდა, საგანგებოდ მოწვეულმა ექიმმა ფრეილინა გულდასმით გასინჯა და უთხრა რომ ფეხმძიმედ იყო. ქალისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა იყო, თუმცა რუსეთში დაბრუნებამდე საიდუმლოს დამალვა მოახერხა.

ევროპაში მოგზაურობა 1818 წლის ბოლოს დასრულდა. ბარბარეს ფეხმძიმობა უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. და ამას საგულდაგულოდ მალავდა, რადგან იმპერატორთან ოფიციალური ურთიერთობის პრეტენზია არ ჰქონია. იმპერატრიცა პეტერბურგში წლის ბოლოს დაბრუნდა, ბარბარეს კი მალე ქალიშვილი მარია (მიმი) შეეძინა.

- როგორ წარიმართა ბარბარეს ცხოვრება? - მშობიარობიდან ორ თვეში საწამლავი დალია და ორი კვირა სიკვდილს ებრძოდა. ამ ხნის მანძილზე იმპერატრიცა მის საწოლს არ მოშორებია, ზრუნავდა და მისთვის ლოცულობდა. ბარბარემ ვერ აიტანა ის შეურაცხყოფა, რომ მეფისგან ეყოლებოდა ქალიშვილი, რომელსაც არ აღიარებდნენ, ამიტომ მოიკლა თავი.

- იმპერატორმა შვილი აღიარა?

- იმ დღეებში მთელი პეტერბურგი მხოლოდ ამ იდუმალებით მოცულ გარდაცვალებაზე საუბრობდა. 42 წლის ბარბარეს იმპერატორის პარალელურად, 24 წლის თავად ვლადიმერ გოლიცინთან ჰქონდა რომანი. გოლიცინს ისე უყვარდა ბარბარე, რომ ჩვილი იშვილა და მისი აღზრდაც ითავა. მარია ოფიციალურად გამოცხადდა გოლიცინის ასულად.

იმპერატორის ღირსებისთვის ჩრდილი რომ არ მიეყენებინა, ბარბარემ საიდუმლო სამარეში წაიღო, ამიტომ საიმპერატორო კარმა სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ქოლერა დაასახელა. ბარბარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში დაკრძალეს. მარია კი დედასავით უიღბლო აღმოჩნდა და 24 წლისა უკურნებელი სენით გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავდა იმპერატორის ბაბუას. ცნობილია ისიც, რომ მარია გოლიცინა ლერმონტოვს ჰყვარებია.

ხათუნა კორთხონჯია