"ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი!" - კვირის პალიტრა

"ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი!"

"20 ივნისის მონაწილე პირებს დღეს პოლიტიკაში შემოსვლა ისევ სურთ"

"მე გპირდებით, იმდენჯერ ივლიან მინისტრები და ჩინოვნიკები პარლამენტში ჩვენს ფრაქციაზე და იმდენ არაკომპეტენტურობას, ხშირ შემთხვევაში დანაშაულსაც ამოვატივტივებთ, რომ მათ წყნარად ძილის უფლებას არ მივცემთ", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ახალი ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნის შემდეგ. "ლელოს" წევრებთან ერთად ფრაქციაში არიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

"მთელი ევროპა გვაკვირდება, როგორ შევასრულებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ მივცემთ საშუალებას ობსტრუქცია მოუწყოს ამ ხელშეკრულებას. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია ეკონომიკის ამუშავებაც. ყველას, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული ეკონომიკის მინისტრით, ძალიან ბევრ კითხვაზე ექნებათ პასუხი გასაცემი: თუ რატომ გახდა ქვეყანა უპერსპექტივო, რატომ არის ისტორიულ მინიმუმზე ინვესტიციები, რატომ გაუფასურდა ლარი 100 პროცენტით და რატომ არ სთხოვენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომას, რომელიც არაკომპეტენტურია და რომელმაც დაანგრია ლარი", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

- არ გვაქვს ილუზია, რომ პასუხისმგებლიანი, რეფორმისტული, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული მთავრობა გვყავს და მარტივად მოვახერხებთ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული რეფორმების გატარებას. წინ დიდი ბრძოლები გველის! რაც შეეხება მიმდინარე ინიციატივებს, ჩვენ გამოვალთ სერიოზული წინადადებებით ეკონომიკის ასამუშავებლად. კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ვაპირებთ. შევიმუშავებთ და პარლამენტს წარვუდგენთ საკანონმდებლო ინიციატივებს. პროცესი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული გამართულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან სუსტია. შეზღუდულია ფინანსებზე წვდომა და არ ვითარდება ბიზნესი. საქართველოს საფონდო ბირჟა კი, რომელიც კაპიტალის ბაზრის ხერხემალია, ვერ ვითარდება და გავლენას ვერ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. ის, რომ ბირჟაზე ბოლო 2 თვეში არც ერთი გარიგება არ დადებულა, მის მდგომარეობას ნათლად ასახავს. ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონის ფინანსური ცენტრი, ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს.

ამასთან, სერიოზულ მონიტორინგს გავუწევთ მინისტრების მუშაობას, რაც უშედეგო და ხშირად დანაშაულებრივია.

- რომელ უწყებაში ხედავთ მინისტრების უშედეგო ან დანაშაულებრივ ქმედებებს? - შიგნიდან ყველაფერი უფრო კარგად ჩანს. შესაბამისად, შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ სახელმწიფო უწყებები მთლიანად ბიუროკრატიაზე არიან გადასული. არაპროფესიონალები (რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც) ნეპოტიზმის წყალობით იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს. რა დამსახურებისთვის სარგებლობს ეს ხალხი პრივილეგიებით? დღეს ქვეყანაში 540 ათასი კაცი სოცუზრუნველყოფაზეა, ქვეყნიდან მიდის ახალგაზრდობა და ეს არასრული ჩამონათვალია ჩვენი პრობლემებისა. როგორ შეიძლება ასეთი სახელმწიფოს მთავრობა იღებდეს პრემია-დანამატებს და სარგებლობდეს პრივილეგიებით?!

ამ მთავრობას ქვეყნის განვითარების არანაირი იდეა და გეგმა არა აქვს. ახლა იწყებენ ათწლიანი გეგმის წერას! ახლა ათწლიანი კი არა, ერთწლიანი კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის გეგმა უნდა იწერებოდეს!

- "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ერთიანი პოლიტცენტრის შექმნაზე საუბრობდა და მასში "ლელოსაც" მოიაზრებდა. - ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ. უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ "ოცნებას" არ გავატანოთ 43% ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. "ოცნება" არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.

- ოპოზიციაში არიან ისეთი ძალებიც, რომლებთანაც ვერ ითანამშრომლებთ. - დიახ, რა თქმა უნდა, რადგან პროდასავლური კურსი და ღირებულებები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- გახარიასაც პროდასავლური კურსი აქვს, მაგრამ თქვენი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მის პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებთ. - სად ნახეთ ანაკლიის პროექტის ჩამშლელი გიორგი გახარიას პროდასავლურობა?! ეკონომიკის მინისტრის ან პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს რომელი პროდასავლელი ინვესტორი შემოიყვანა ქვეყანაში ან რომელ დასავლურ პროექტს შეუწყო ხელი?! მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ!

- თქვენ 20 ივნისის მოვლენების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოხვედით. ექნება კი აზრი ამ კომისიის მუშაობას ან შედეგს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამნისტიის კანონის მიღების შემთხვევაში? - ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამნისტია შეეხოს ყველას. 20 ივნისის ღამეს მოხდა ისეთი დანაშაულები, რომლებსაც საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ამნისტია არ ეხება. ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის რა ვაპატიეთ? ამ პროცესების მონაწილე პირებს დღეს პოლიტიკაში შემოსვლა ისევ სურთ^.

- გახარიას გულისხმობთ? - თუნდაც გახარიას. მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს: ვინ გასცა დარბევის ბრძანება, ვინ დაავალა სამართალდამცავებს მოქალაქეებზე ნადირობა, ვისი ბრძანებით დაამტვრიეს სათვალთვალო კამერები და სერვერები, რომლებშიც მტკიცებულებები ინახებოდა? და ა.შ.

- თუ ასე განვსჯით, საზოგადოებას ისიც აინტერესებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის თქვენც, უარს ამბობთ "ოცნების" ინიციატივაზე, მონაწილეობა მიიღოთ იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების საქმეს გამოიძიებს. - ეს იგივეა, კორუფციული გარიგების საქმე თავად კორუფციონერებმა გამოიძიონ. არჩევნებიც თავად ჩაატარეს და კომისიასაც თავად ქმნიან? ვის სჯერა მაგათი ობიექტურობის?!

"ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტში 43%-იანი ჩამკეტის შემოტანით აღიარა, რომ არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად.

- ანაკლიის პროექტის ჩაშლის საქმეზეც თუ მოითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას? - ამ თემაზე საუბარს ვერიდები, არ მინდა, საზოგადოებამ ჩემი აქტიურობა სხვაგვარად აღიქვას. ხელისუფლებამ ხომ უკვე დამაბრალა, თითქოს საკუთარ ბიზნესს ვლობირებდი. სინამდვილეში, ჩემს გუნდთან ერთად უზარმაზარი ინვესტიცია მოვიზიდე საქვეყნო საქმისთვის. საერთაშორისო დონის ინვესტორებმა იმხელა ნდობა გამომიცხადეს, რომ რუსული საოკუპაციო არმიიდან 4 კილომეტრში პორტის მშენებლობაში ჩადეს ფული. მათ ნდობას აუცილებლად გავამართლებ.

დადგება დრო და ყველა გაიგებს, როგორ ჩაშალეს ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი! ანაკლიას მაინც ავაშენებთ - ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

ხათუნა ბახტურიძე