"ოცნებას" სულ რაღაც 8-9 დეპუტატი რომ გამოაკლდეს, უმრავლესობა ვეღარ ექნება"
"ვერ წარმომიდგენია გახარიას ოპოზიციონერობა. ვინ უნდა გააკრიტიკოს, თავისი თავი?"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე "ლელოს" მსგავსად შვიდკაციანი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული მმართველ პარტიას დეპუტატები გამოეყონ და მათი ფრაქცია ამ გზით დაკომპლექტდეს. ვინ აპირებს მმართველი პარტიის დატოვებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ფრაქციისთვის, მოახერხებენ თუ არა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სერგო ჩიხლაძე გვესაუბრება:
- ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პარლამენტში რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ფრაქცია უნდა იყოს. გვარებს ჯერ ვერ დაგისახელებთ. გიორგი ვაშაძე როდესაც საქართველოში ჩამოვა, გვარებსაც დავასახელებთ.
- თქვენ თქვით, რომ არიან დეპუტატები, რომლებიც "ქართული ოცნებიდან" წამოსვლას და თქვენს ფრაქციაში გაერთიანებას გეგმავენ. - "ოცნებაში" ეროზია მიმდინარეობს. შესაბამისად, წამოსულები ოპოზიციურ ფრაქციებში უნდა შევიდნენ.
ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ჩვენს იდეოლოგიას იზიარებს. ირაკლი კობახიძესა და მის მსგავს ოდიოზურ ფიგურებს არ ვგულისხმობ.
- შეიძლება თქვენს გუნდში კახი კახიშვილი ვიხილოთ? - არა, მასთან კონსულტაცია არ მიმდინარეობს. თუმცა კახიშვილის შემთხვევა იმ დაავადების სიმპტომია, რაც ხელისუფლებას სჭირს. სხვათა შორის, "ოცნებას" სულ რაღაც 8-9 დეპუტატიც რომ გამოაკლდეს, უმრავლესობა ვეღარ ექნება.
- ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძე ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე ლაპარაკობდა... - ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეა ისევ ძალაშია. აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ სუბიექტთან. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენს იდეას ხორცს შევასხამთ და სხვა ოპოზიციურ ძალებთან, მათ შორის "ნაცმოძრაობასთან" ერთად, "ოცნებას" გავისტუმრებთ ოპოზიციაში.
- როგორ წარმოგიდგენიათ, შემოვა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა"? - შემოვა. ეს პრაგმატულადაც სწორი იქნება და პოლიტიკურადაც.
რაც მეტი ოპოზიციურად მოფიქრალი თავი იქნება პარლამენტში, მით მეტი გარანტია გვაქვს თუნდაც იმისა, რომ მიშელის 5-პუნქტიანი გეგმა სრულფასოვნად შესრულდეს.
- გიორგი გახარიას გუნდთან თანამშრომლობას ამ შემთხვევაშიც გამორიცხავთ? - რა თქმა უნდა, ის ხომ ჩვეულებრივი "ქართული ოცნებაა"? "ოცნების" ერთ-ერთი მთავარი სახე, წლების განმავლობაში მთავარი აღმასრულებელი.
სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინა არ არის, მისი დამსახურებაა, რომ პანდემიასთან ბრძოლა არ გამოგვივიდა და ასიათასობით მოქალაქე გაღარიბდა. გახარია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კრიზისმენეჯერია, არაფერს ვამბობ 20 ივნისსა და გაზრდილ კრიმინალზე მისი შს მინისტრობისას.
გახარია არის "ქართული ოცნების" გეგმა ბ. არა მგონია, ამომრჩეველს, რომელიც ხმას აძლევდა ოპოზიციურ პარტიებს, გაუჩნდეს სენტიმენტი და ხმა გახარიას პარტიას მისცეს. ვერ წარმომიდგენია მისი ოპოზიციონერობა. ვინ უნდა გააკრიტიკოს, თავისი თავი თუ ბიძინა ივანიშვილი?! ერთადერთი სასიკეთო რამ, რისი გაკეთებაც ოპოზიციისთვის შეუძლია, "ქართული ოცნებისთვის" ხმების წართმევაა. ის არჩევნებში ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება.
- თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი ფრონტით გამოსვლა რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ? - მთავარია, "ოცნებამ" 43% ვერ აიღოს. ეს ნიშნავს, რომ პროპორციულ ნაწილში უნდა ვიყოთ ერთიანი. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი ხმების მაქსიმუმი უნდა წამოიღოს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის დიდ არეალს ვხედავ. სხვა მხრივ, ყველას ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. რაც შეეხება მერის არჩევნებს, ამ მიმართულებითაც იქნება თანამშრომლობა. ოპოზიციონერ ლიდერებს შორის იყო ზღვარდგადასული კრიტიკა, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს დაემთხვა. შემდეგ ამას მოჰყვა მერობის კანდიდატებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ძალიან დიდი დაპირისპირება იყო. ვნებები უკვე ჩამცხრალია.
იმედია, "ნაციონალური მოძრაობაც" მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის შესახებაც და პარლამენტში შემოსვლის თაობაზეც.
- მმართველი გუნდის ლიდერები მოგიწოდებენ ბოდიში მოიხადოთ არჩევნების გაყალბების ბრალდებისა და თამარ ჟვანიას ბულინგის გამო. - არავისთან არა გვაქვს ბოდიში მოსახდელი. პირიქით, თამარ ჟვანიამ პასუხი უნდა აგოს გაყალბებული არჩევნების გამო.
ხათუნა ბახტურიძე