რა არის ისრაელის ანტისარაკეტო "რკინის გუმბათი"
2011 წლიდან ისრაელის ქალაქებს "ჰამასისა" და "ჰესბოლას" რაკეტებისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტაქტიკური სისტემის - "რკინის გუმბათის" ბატარეები იცავს.
ბატარეაში შედის მრავალმიზნობრივი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც გამოშვებული რაკეტის ფრენის ტრაექტორიას განსაზღვრავს და ინფორმაციას უსწრაფესად აწვდის ცეცხლის მართვის პუნქტს, რომელიც რამდენიმე წამში ითვლის, ხვდება თუ არა გამოშვებული "ქასამი" თუ "გრადი" დასახლებულ პუნქტს. თუ არ ხვდება, მაშინ ანტირაკეტას არ უშვებენ, რითაც იზოგება ძვირად ღირებული (40 ათას დოლარამდე) ანტირაკეტების მარაგი, ხოლო თუკი ტერორისტების რაკეტა ქალაქის უბანს ემუქრება, მაშინ "ტამირის" ტიპის ანტირაკეტა სტარტს იღებს (ერთ ბატარეაში ამ ანტირაკეტების სამი გასაშვები დანადგარია, თითოულ დანადგარში კი "ტამირის" ტიპის 20 ანტირაკეტაა განთავსებული), აქტიური რადიოლოკაციური დამიზნებით ფეთქდება "ქასამისა" თუ "გრადის" უშუალო სიახლოვეს და მათ დეტონაციას ახერხებს, თუმცა ღაზის სექტორიდან "ჰამასის" მიერ ისრაელის ქალაქებისკენ გაშვებული ორი ათასამდე რაკეტიდან ყველას მოგერიება "რკინის გუმბათმა" ვერ შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ 4-70 კმ ფრენის სიშორის ტაქტიკური რაკეტების მასიური შეტევების მოგერიებაში მას მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება, ეს ტექნიკურად მაინც ურთულესი აღმოჩნდა, რადგან "ქასამებსა" და "გრადებს" გრძელი ზალპებით ისროდნენ.