"ქალაქს გამოქცეული" კაცის ამბავი
ბოლო დროს ადამიანი გაურბის ქალაქის ყოველდღიურ რუტინას, მრავალსართულიან სახლებში ცხოვრებას და როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, სოფელს მიაშურებს ხოლმე, შემდეგ კი საკუთარი ხელითა და უნარებით იქ თავისი სივრცის შექმნას ცდილობს. ზურა ქავთარაძეს თბილისი ძალიან უყვარს, მაგრამ სოფლად მეტ სილაღეს გრძნობს. ის სამი წლის წინ მეგობართან, მარიამ საჯაიასთან (პარლამენტის ყოფილი წევრი) ერთად სოფელ მუხრანში ტრიალ ადგილას დასახლდა. მათი მიზანი იყო იქ თავად შეექმნათ ყველაფერი და ააშენეს კიდეც ნამჯის სახლი, დაამუშავეს ბოსტანი და დასახლდნენ. ზურა ქავთარაძე ახლა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
ზურა ქავთარაძე:
- განათლებით ღვთისმეტყველი ვარ, სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს მონასტერში ვცხოვრობდი, დამაინტერესა ამ სფერომ და სემინარიაში ჩავაბარე... განსაზღვრული დროის შემდეგ ისე მოხდა, რომ მუხრანში დავსახლდით და მარიამთან ერთად გადავწყვიტე განსაკუთრებული სახლი ამეშენებინა.
ბუნებისა და მიწის სიყვარული სოფლიდან და პაპისგან მომდევს. მას ბაღში ჩავყავდი, მანახებდა, როგორ შრომობდა. რომ წამოვიზარდე, უკვე თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს. ეს ყველაფერი გაღვივდა, გაღვივდა და ერთ დღესაც სოფელში წამოსვლა გადავწყვიტე. მთელი ცხოვრება ძიებაში ვიყავი, არა წარმატების სადევნელად, უბრალოდ, ბევრი რამ მაინტერესებდა.
როცა სოფელში გადასვლა გადავწყვიტე, მე და მარიამიც მაშინ გადავიკვეთეთ. მასაც სახლის აშენება სურდა. იმ პერიოდში მეგობარმა ნამჯის სახლის იდეა შემომთავაზა. მოვიძიეთ ინფორმაცია, რა როგორ გაგვეკეთებინა, პირველი ნამჯის სახლის პატრონთან კახეთშიც ვიყავით. თუმცა ჩვენ ცოტა სხვა გზით წავედით.
- მხოლოდ ორი კაცი აშენებდით სახლს?
- კი. მხოლოდ სახურავის კრამიტით გადასახურავად დავიქირავეთ მუშა, რომელმაც გვასწავლა და მასთან ერთად გავაკეთეთ კიდეც. შელესვაზე, ნამჯის ფუთების ჩალაგებაზე, საიტის დახმარებით მოხალისეები დავიხმარეთ სხვადასხვა ქვეყნიდან.
- სად ცხოვრობდით, სანამ სახლს ააშენებდით? - მანამდე კარავში ვიცხოვრეთ, რათა დავკვირვებოდით, ქარი საიდან უბერავდა, მზე როგორ უდგებოდა იმ ადგილს, წვიმა საიდან მოდიოდა. სახლი ისე დავდგით, რომ ზამთარში შენობაში მზე შემოგვდიოდა.
- ამ ყველაფრის შესწავლა დამოუკიდებლად შეძელით? - კი, წიგნების, ინტერნეტის საშუალებით და მშენებლებსაც ვეკითხებოდით. ყველაფერი მონდომებაა და შეუძლებელი არაფერია.
მშენებლობის სანახავად ვინც მოდიოდა, სახეზე ეტყობოდათ გაოცება, ნამდვილია თუ არაო, ასეთი კითხვა ეწერათ სახეზე.
განსაკუთრებული არაფერი გვსურს, მაგრამ იმას, რაც შენი ხელით არის გაკეთებული, დიდი მნიშვნელობა აქვს. სახლი ხალისით ავაშენეთ.
- ნაკვეთი შეიძინეთ? - 4500 კვადრატული მეტრი. სახლის გარდა, მეორადი მასალით დამხმარე ნაგებობაც ავაშენეთ, სადაც სახელოსნო უნდა გამეკეთებინა. ამისთვის პროექტი დავწერე, ხეზე უნდა მემუშავა და ბავშვებისთვის მესწავლებინა მეორადი ხის მასალითა და მდინარიდან ამოტანილი ხით მისი დამუშავება. ამ იდეას ახლა სხვაგან დავნერგავ. ბულაჩაურთან შევიძინე ტერიტორია, ლამაზი ადგილია და "მწვანე ბანაკთან" ერთად შევუდგები საქმეს.
- თქვენს ეკობოსტანზეც მოგვიყევით. - მუხრანი ვაკე ადგილია, ქარიანი, მჭიდროდ დასახლებული.
პირველ წელს კარგი ბოსტანი გვქონდა, მეორე წელს გვაწვალა. ბოსტნის გაკეთებისას ერთ-ერთი პრიორიტეტი ის იყო, რომ თუ სოფელში ცხოვრობ, სუფთა პროდუქტი უნდა გქონდეს.
სამეზობლო ყველაფერს წამლავდა. არადა, ისეთი კარგი მიწაა, რომ ბევრი რამ თავისით მოვიდა. ბევრი ბოსტნეული გვქონდა, ნაწილს სხვებს ვჩუქნიდით, ნაწილი გვიფუჭდებოდა. ვცადეთ და არაყიც გამოვხადეთ. ასე რომ, სახლის შენებასთან ერთად ცოტა რთული იყო ყველაფრის გაძღოლა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი შრომის სწორად დაგეგმარება.
ამ სამი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. საოცარი ტემპით ვმუშაობდით, რადგან ქალაქიდან სოფელში გადასულ ადამიანს ერთდროულად გინდა შედეგი. ერთი, რაც იქ დაგვხვდა, ძალიან კარგი ხეხილის ბაღი, ნამდვილი სამოთხე იყო.
- ეს ხარისხიანი მიწის შედეგია. - არც ეს არის პრობლემა, ნიადაგის შექმნაც შეიძლება კომპოსტით, ნეშომპალით. მთავარია, იპოვო სასურველი გარემო. ახლა ბულაჩაურში აღმოვაჩინე გამორჩეული ადგილი.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს? - პრობლემა მაინც ის არის, რომ ცოდნა, ინფორმაცია ჩვენთან მწირია. თუ რაიმე ახალი გავიგეთ, მაინც ინტერნეტში უნდა იჯდე. ჩამოყალიბებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე არ არსებობს. ყველას თავის გამოცდილება აქვს. ამასთან, ცხოვრების სტილიც სხვადასხვანაირია, მაგალითად, აღმოსავლეთში სოკოს რომ ჭამენ, დასავლეთში იმას შხამიანს ეძახიან. ბევრი განსხვავებაა. ამიტომ, თუ თავად არ გამოცადე, ყველაფერი პრობლემატური მოგეჩვენება.
სირთულეებში გარკვევას იმდენი დადებითი ახლავს, რომ ხვდები, ეს არის ადამიანის ბუნებრივი გარემო, სადაც ბედნიერი უნდა იყოს. ამისთვის ვიბადებით და არა იმისთვის, რომ 38-ე სართულზე ვიცხოვროთ. შვილები, ახლობელ-მეგობრები შენს კარ-მიდამოში მოდიან და არა კორპუსში. თვითონაც იღებენ გამოცდილებას, ხედავენ, რამდენად ბედნიერი ხარ და შენთან სტუმრობით ისინიც ბედნიერი არიან.
- ანუ იმავე გზას ისევ გაივლიდით? - რა თქმა უნდა, და ვაპირებ კიდეც. ამიტომ სიახლის შიში ნუ გვექნება! ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გვიწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ მაინც გადავდგით. ამიტომ ჯობია, სანამ ახალგაზრდა ხარ მიზანს მიაღწიო...
მიყვარს თბილისი, დამენანებოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლო დროს ვეღარ ვეგუებოდი ამ დაძაბულობას, აგრესიას... ბევრად მეტი თავისუფლება და სილაღეა სოფლად. ეს გადაწყვეტილება საუკეთესო ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში.
მთავარია, დრო სწორად განაწილდეს და არ გაიფლანგოს...
- ალბათ, ეს ბავშვობის ოცნების ახდენაც არის... - დამოუკიდებლად გააკეთო ის, რაც ადრე წარმოგისახავს და თვითონ აღმოჩნდე ამ ყველაფრის შემოქმედი, ბავშვობაში განცდილი სიხარული, აღფრთოვანება განაახლო და შენი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად აქციო, ამას რა ჯობს?!