როგორ განადგურდა სამკურნალო მცენარეების პლანტაციები
ყველას გვსმენია, როგორ ამტკიცებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს კეთილდღეობისთვის აუცილებელი რესურსები აქვსო. რასაკვირველია, გვაქვს, თუმცა სახელმწიფოს მათი ამოქმედების ნება დიდად არ ეტყობა. არიან მხოლოდ ცალკეული მოქალაქეები, რომლებიც საქმის გაკეთებას ცდილობენ. შედეგი დიდწილად მათ ბრძოლის უნარზეა დამოკიდებული - ჩვენში ხომ არაერთი საქმე, სახელმწიფოს დახმარების ნაცვლად, წინააღმდეგობას აწყდება. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კაჭარავა 13 წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ ჩამორთმეული კატაბალახას 3 ჰექტარი პლანტაციის ნაცვლად სხვა ნაკვეთი მიიღოს. წლებია ცდილობს სახელმწიფო მოხელეები ამ უაღრესად საჭირო საქმის აღდგენის აუცილებლობაში დაარწმუნოს, მაგრამ ამაოდ. ამასობაში 10 წლის განმავლობაში აღმავალი გზით მიმავალი საქმე კვდება. ჩვენი სამკურნალო მცენარეები კი დასავლეთ საქართველოს ველური ბუნებიდან ჩალის ფასად გააქვთ უცხოელებს და რაც ყველაზე ცუდია, უდიერად მოპოვების გამო არაერთი მცენარე გადაშენების ზღვარზეა.
თამარ კაჭარავა:
- სამკურნალო მცენარეების შესწავლა-მოყვანის საქმეს წლები შევალიე, რადგან დარწმუნებული ვარ და ვიყავი მის პერსპექტიულობაში, მაგრამ როდესაც საქმე ფეხზე დადგა, სახელმწიფომ სწორედ მაშინ გაანადგურა. როდესაც წარმოვიდგენ, რა რეაქცია ექნებოდა ამგვარ ამბავზე ნებისმიერი იმ ქვეყნის წარმომადგენელს, სადაც ფიტოინდუსტრია განვითარებულია, ჩვენი სახელმწიფოს ნაცვლად უხერხულობა მე მიპყრობს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამ დარგში კარგი განათლება მივიღე მოსკოვში და სრულიად ახალგაზრდა უკვე ამ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი სოხუმში. 1986 წელს, როდესაც ჩერნობილში ტრაგედია დატრიალდა და სამკურნალო მცენარეების ბაზარზე უკრაინული ნედლეულის ვაკუუმი შეიქმნა, სწორედ სოხუმს დაავალეს ჩვენი სამკურნალო მცენარეების შესწავლითა და გამრავლებით შეგვევსო. ჩვენ ხომ ამის უზარმაზარი რესურსი გვაქვს. დიდი შრომა გავწიე როგორც მცენარეების მოძიების, ასევე ნიადაგის დიაგნოსტირებისთვის და როდესაც თესვა უნდა დაგვეწყო, სწორედ მაშინ გავხდით იძულებული სოხუმი დაგვეტოვებინა.
თუმცა იმედის ნაპერწკალი მაშინდელი სოფლის მეურნეობის აკადემიის გადაწყვეტილება იყო - სოხუმელი სპეციალისტები დაგვიბარეს და იმავე მიმართულებით მუშაობა შემოგვთავაზეს. ცხადია, სამკურნალო მცენარეებზე მუშაობა გავაგრძელე, მით უფრო, რომ მალე გამოჩნდა პატრიოტი კაცი, ბიზნესმენი გოგი ცომაია, რომელმაც გვითხრა, ოღონდაც თქვენ საქართველოში სამკურნალო მცენარეები მოიყვანეთ, ამ საქმეს მე დავაფინანსებო. სხვათა შორის, გოგი ჩემი ბიძაშვილი იყო და პირდაპირ ვუთხარი, პირობას ვერ მოგცემ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფულს უკან ამოიღებ, ეს უნდა იცოდე-მეთქი. მითხრა, ასეთ საქმეში ჩადებული ფულის ამოგებას არ მოვიკითხავ, დრო მოვა, ამ საქმიდან ფიტოინდუსტრია ჩამოყალიბდება და მოგება ჩემს ქვეყანას ექნებაო. მაშინ თესლის ჩამოტანის შესაძლებლობა მხოლოდ ბულგარეთიდან და რუსეთიდან იყო. ასე რომ, ბოლოს
რუსეთიდან ძალზე ძვირად ღირებული, მაგრამ საუკეთესო ხარისხის კატაბალახას თესლი ჩამოვიტანე და წეროვანში ჩვენი სამკურნალო ბალახების შპს-თვის გადმოცემულ 3 ჰექტარზე დავთესე. თუმცა არა მარტო კატაბალახა, მცირე ნაწილზე სხვა მცენარეებიც, მაგალითად, გულყვითელა, კვლიავი, ბეგქონდარა და სხვ. და მიუხედავად იმისა, სამკურნალო მცენარეების, მათ შორის ყველაზე მეტად კატაბალახას, მოყვანა ძნელია, პირველივე ჯერზე კარგი მოსავალი მივიღეთ.
ყოველ შემთხვევაში, მომდევნო სეზონისთვის ჩვენივე თესლი ავიღეთ და საქმე წარმატებით განვაგრძეთ.
- წარმომიდგენია, რამხელა სიამოვნება იქნებოდა, როდესაც სანთლით საძებარი სამკურნალო მცენარეები თავად მოიყვანეთ. - დიახ, ეს ადვილი წარმოსადგენია. ფიტოინდუსტრია იმდენად აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და იმხელა სიმდიდრეა ნებისმიერი ქვეყნისთვის, აბა, როგორ არ გავიხარებდით, მით უფრო, რომ რამდენიმე სასარგებლო საქმეს ვაკეთებდით ერთად.
სამკურნალო მცენარეების მიღებას მაშინვე დაგვთანხმდა ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მენეჯერი და ამ პროცესის პარალელურად დავიწყეთ სტუდენტების აღზრდაც. ახალგაზრდები თან თეორიულად სწავლობდნენ ამ საქმეს, თან მოვლა-მოყვანას ადევნებდნენ თვალს. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ამ საქმის სპეციალისტებს გამალებით ამზადებენ. გარდა ამისა, მოსავლის ხარისხსაც ხომ გააჩნია? კატაბალახას 68-მდე ჯიში არსებობს, ამათგან კი ჩვენ საუკეთესო გვქონდა.
ამ ჯიშის მცენარეში 28%-მდე აქტიური სამკურნალო ნივთიერებები შედიოდა. როდესაც ეს გერმანელ სპეციალისტებს ვუთხარით, არ დაგვიჯერეს - კატაბალახაში საშუალოდ 15%-მდეა მსგავსი ნივთიერებები, მეტი არაო. მაგრამ როდესაც შეამოწმეს, ჩვენს კატაბალახაში იმაზე მეტი დადებითი მონაცემი ნახეს, ვიდრე ვეუბნებოდით.
გერმანელების გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაინტერესდნენ და ინდუსტრიის გაგრძელების საუკეთესო საშუალებებიც გამოჩნდა, მაგრამ სწორედ ამ დროს წეროვანში ნაკვეთი წაგვართვეს, ლტოლვილების სახლები ჩადგეს, მიწათმოქმედების ინსტიტუტის შენობიდანაც გამოგვყარეს და თემქაზე გადაგვიყვანეს, სადაც ჩვენი ყველა სამუშაო შეწყდა და პლანტაციაც განადგურდა. თავად ლტოლვილი ვარ და აბა, ლტოლვილების დასახლების წინააღმდეგი როგორ ვიქნები, მაგრამ სახელმწიფო წამით არ დაფიქრდა, რომ ნაკვეთისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება შეიძლებოდა, რათა ერთი საქმის გაკეთებით მეორე არ განადგურებულიყო. ამით დამთავრდა ქართული სამკურნალო მცენარეების პლანტაციებზე საუბარი.
- ეს როგორ? უკვე ფეხზე დაყენებული ასეთი საქმე... მით უფრო, რომ სამკურნალო მცენარეების კულტურული პლანტაციის შექმნა ძნელია. - რა თქმა უნდა, ძნელია. უპირველესად სამკურნალო მცენარეთა თვით თესლის ბაზარია მკაცრად ლიმიტირებული და ძვირი (სამაგიეროდ, სტაბილური შემოსავლით). კიდევ სხვა საქმეა მცენარეთა მოყვანა - სამკურნალო მცენარეებს ზრდის სტიმულატორ ქიმიურ სასუქებს ხომ ვერ მიუყრი, ის ფრთხილად და მხოლოდ ორგანული სასუქებით უნდა მოიყვანო, რათა ადამიანებს წამლად გამოადგეს. იყო უამრავი სხვა სირთულეც... ყველაფერი რომ დავძლიეთ და 1 ჰექტარზე 1 ტონა კატაბალახა მოვიყვანეთ, სწორედ მაშინ გაგვანადგურეს...
- ახლა რას შვრებით? - კაბინეტიდან კაბინეტში დავდივარ იმის სათხოვნელად, რომ ეს საქმე საქართველოში კვლავ ავაღორძინოთ. ზოგი დახმარებას რომ დამპირდება, სწორედ მაშინ ხსნიან თანამდებობიდან. ზოგიც მპასუხობს, თავი დაგვანებე, ამ საქმეს თავად გავაკეთებთო. გამოდის, თავიდან მიცილებენ, რეალურად კი ვიცით, რომ არც არანაირი ცოდნა არა აქვთ და არც რამის წამოწყების სურვილი.
მეცნიერები დღეს ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებენ და თავადაც ასეთი გახლავართ, ჩემი ენთუზიაზმი "ვერ გაჩერდება", არ შემიძლია. ამჟამად პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ვამზადებ სტუდენტებს ამ სპეციალობით, რათა როცა დრო დადგება და ჩვენი სახელმწიფო გონს მოვა, სპეციალისტები გვყავდეს. ვიკვლევ და არაერთ წიგნს ვბეჭდავ ჩვენი ქვეყნის სამკურნალო, საღებავ, სანელებელ და ა.შ. მცენარეებზე. გარდა ამისა, სამკურნალო მცენარეების მოყვანისა და ინდუსტრიალიზაციის გეგმას ვერაფრით ვეშვები. თუ ქვეყანა მართლა გიყვარს, ამ საქმის იგნორირება არ შეიძლება. ასე რომ, მანამდე ვაპირებ ბრძოლას, სანამ არ აღმოვაჩენ ქვეყნის გულშემატკივარ კაცს, ვინც საქართველოში ამ საქმეს თავიდან დაიწყებს.