"ვერავინ მაიძულებს იმას, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება"
ლევანიკო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ერთ-ერთი აქტუალური პერსონაჟია, რომელზეც ხშირად საუბრობენ. ბიჭი, რომლის დედაც 5 შვილის ძიძაა, თუმცა თავისი შვილი სათანადოდ ვერ აღზარდა... "საეჭვო წარსულისა და რეალობის მქონე ალფონსი", "უსაქმური" - ამ და სხვა ეპითეტებით ამკობენ ხოლმე ლევანიკოს გმირს სოციალურ ქსელში...
მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი, რომელიც ამ როლს ასრულებს, 27 წლისაა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ "გზის" არქივში ინახება:
"კარგი დემაგოგი ვარ. გარკვეულწილად, ეს უნარი საჭიროც არის. ერთხელ მქონდა საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა და ვერანაირად ვერ ვაკეთებდი. გამოსავალი მარტივად ვიპოვე - ჩემი დემაგოგობის წყალობით დავამტკიცე, რომ იმ საქმის გაკეთება საჭირო საერთოდ არ იყო", - ამბობს მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი. როდის იბნევა, რას გააკეთებდა ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რა თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად და რა საყვედურებს ისმენს ბებიისგან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შევიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1994 წლის 24 იანვარი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...არქიტექტორი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აზრი შევიცვალე და მსახიობი გამოვედი. ამ ცვლილებას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია. ეს არ მომხდარა არც რომელიმე სპექტაკლის, არც რომელიმე მსახიობის გამო. სხვათა შორის, არქიტექტურა დღემდე ძალიან მიზიდავს. ხატვა მიყვარს.
- ჩემზე ამბობენ...
- ....ვერ ვიტყვი, რასაც ამბობენ (იცინის). ნიჭიერი ბიჭიაო და თავის ქება უხერხულია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ჩემი საყვარელი ადამიანები მხარში მიდგანან. ისინი კარგად და ჯანმრთელად არიან.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...დაფასების უნარი, მადლიერების შეგრძნება მაქვს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ეს დემაგოგობაა. კარგი დემაგოგი ვარ. გარკვეულწილად, ეს უნარი საჭიროც არის. დემაგოგობა ძალიან ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად მიწევს და არცთუ ისე ცუდად გამომდის. არ ვიცი, სხვებისთვის ეს რამდენად შესამჩნევია. ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში გამომდგომია. ყოველი გამარჯვება თავდაჯერებულობას მმატებს. ასეთ დროს რაღაცას ამტკიცებ. გსიამოვნებს, როცა ადამიანები შენს აზრზე გადმოგყავს. ერთხელ მქონდა საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა და ვერანაირად ვერ ვაკეთებდი. გამოსავალი მარტივად ვიპოვე: ჩემი დემაგოგობის წყალობით დავამტკიცე, რომ იმ საქმის გაკეთება საჭირო საერთოდ არ იყო.
- ჩემთვის მიუღებელია...
- ...ზიზღი. არ არსებობს ადამიანი, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ მეზიზღება. ამისგან ღმერთმა დამიფაროს.
- არ მჩვევია...
- ...უაზრო ლაპარაკი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ..."ჩემი ცოლის დაქალებში" გამოსვლა იყო.
- ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...დედას, ოჯახის სხვა წევრებს და არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ოჯახისგან ყოველთვის ყველაზე დიდ თანადგომასა და გულშემატკივრობას ვგრძნობ. ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნანუკა ხუსკივაძეს.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს შევცვლიდი.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...ტყუილში გამომიჭერენ. პატარ-პატარა ტყუილებს ვამბობ ხოლმე (იცინის). ეს საჭიროა. ამ დროს როგორ ვიქცევი (ფიქრობს)? ვდემაგოგობ.
- ვნანობ, რომ...
- ...რამდენიმე ადამიანისთვის პატიება არ მითხოვია. ახლა აზრი აღარ აქვს.მაშინ ხელი რამ შემიშალა? არ ვიცი, ჩემში შინაგანი წინააღმდეგობა ვერ გადავლახე.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე... - ...ვერ ვხვდები, რა ვთქვა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ბედნიერი ვარ და მიხარია.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი მართლა ითხოვს ჩემგან პატიებას.
- ვიბნევი, როცა... - ...მაქებენ. ამ დროს ცოტათი დაბნეულობა მჩვევია. ვიბნევი, როცა ადამიანს ვხვდები, მიღიმის, მომიკითხავს და ვერ ვიხსენებ, ვინ არის. ამ დროს ვთამაშობ, თითქოს ვიცანი და გულიანად, ზრდილობიანად მოვიკითხავ ხოლმე.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ეს ზოგჯერ უმნიშვნელო დეტალსაც კი შეუძლია. ამ დროს რას ვაკეთებ? მომენტალურად "ვფეთქდები". გაბრაზება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმყვება.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ჩემს მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგ და ძვირად ღირებულ კურორტზე, სადმე ზღვის სანაპიროზე დავისვენებდი. ჩემი მეგობრები ამერიკაში, საზაფხულო კინოსკოლაში სასწავლებლად წავიდნენ. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას მეც ვფიქრობ და იანვარში კინოსკოლაში წასვლას ვაპირებ.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაზე მაგარი გრძნობაა...
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ჯერ არავინ მყვარებია.
- სასურველი გოგო უნდა იყოს...
- ...არანაირი კრიტერიუმი არ მაქვს. გოგო ძალიან რომ მომწონებოდა, ალბათ, შემიყვარდებოდა კიდეც.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ბებია მსაყვედურობს, - მოსწიე, მოსწიე, ბევრი მოსწიეო (იცინის). "ჩემი ცოლის დაქალებს" რომ უყურებს, იმასაც მეუბნება, - რატომ იგინებიო?
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ზოგადად, სიკეთის კეთება ძალიან მაბედნიერებს. ამ შემთხვევაში ჩემს ფანტაზიას დიდ გასაქანს მივცემდი და ყველას რაც ძალიან უნდა, იმ სურვილს შევუსრულებდი, გავახარებდი. საჩუქრების გადაცემის მომენტში მათზე ბედნიერი ვიქნებოდი.
- ვერავინ მაიძულებს...
- ...ვერაფერს, რისი გაკეთებაც თავად არ მინდა. ვერავინ მაიძულებს იმას, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.
- როცა მარტო ვარ...
- ...ამ დროს თავს ყველაზე არაკომფორტულად ვგრძნობ. მარტოობა არ მიყვარს.
- ბედისწერის...
- ...არ მჯერა. ღმერთი ხომ გვეუბნება, თავისუფალი ხარო. არჩევანს ყოველთვის თავად ადამიანები ვაკეთებთ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს საუკეთესო წამალი მეგობრებთან ურთიერთობაა. შეიძლება, ერთად საათობით ვისხდეთ და ვილაპარაკოთ, ესეც ერთგვარი თერაპიაა.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...არქიტექტორი.
- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...
- ...ეს დედაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყოველთვის დავუჯერო.
- ვჯიუტდები, როცა...
- ...რაიმეს გაკეთებას მაიძულებენ.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...გავუღიმოთ ერთმანეთს.
თამუნა კვინიკაძე ჟურნალ "გზა"