"თუ კრიზისი დასრულდება და მხარეები შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, თვითმართველობის არჩევნებს ღირსეულად გავართმევთ თავს, თუ არა და..." - კვირის პალიტრა

"თუ კრიზისი დასრულდება და მხარეები შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, თვითმართველობის არჩევნებს ღირსეულად გავართმევთ თავს, თუ არა და..."

"ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, მაგრამ არ ამოწურულა. ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ შესრულდება შარლ მიშელის მიერ დატოვებული შეთანხმების დოკუმენტი როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიციის მხრიდან", - ასე აფასებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე. რა ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან, როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინ როგორ საბრძოლო სტრატეგიას გამოიყენებს და ვის უფრო აქვს გამარჯვების შანსი, ამის შესახებ ვერსიებს, ანალიტიკოს თენგიზ ფხალაძესთან განვიხილავთ.

თენგიზ ფხალაძე: - საუბარია იმაზე, უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა". იმ პარტიების საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, ვისაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაც ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ იმოქმედოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

- როგორ ახსნით "ნაციონალურ მოძრაობაში" პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით არსებულ მკვეთრად განსხვავებულ პოზიციებს, რატომ ვერ შეჯერდნენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ერთი იდეოლოგიის და პოლიტიკური პლატფორმის მქონე პოლიტიკოსები? - არ ვიცი, "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგას თუ არა. ჩვენთან პოლიტიკური პარტიები იქმნებიან ვინმეს გარშემო ან ვინმეს წინააღმდეგ, ასე რომ, ქართულ პოლიტიკურ პარტიებში სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ხალხის ყოფნა არ უნდა გაგვიკვირდეს.

- ჩვენ რომ დღეს სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი არ გვაქვს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის თუ არა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პარტიები იდეის კი არა, ლიდერის გარშემო ერთიანდებიან. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყნის სწორად განვითარებისთვის? - ნამდვილად არის! და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. აქ მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი ისეთი პოლიტიკური პარტია აქვთ გამოცვლილი, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მსოფლმხედველობითა და პლატფორმით. აქ ყველაფერი პირად ურთიერთობებამდეა დასული, ასეთი პოლიტიკური პარტიები კი ვერასდროს შექმნიან ისეთ სრულფასოვან პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დემოკრატიის განვითარება, უპირველესად, გულისხმობს სწორედ ძლიერ იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი პარტიების შექმნას და ადამიანების გაერთიანებას იდეებისა და ღირებულებების გარშემო.

- გასაგებია. როგორ აფასებთ "ქართული ოცნების" მიერ, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ინიციატივას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების შემსწავლელ, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ოპოზიციის პასუხს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არჩევნები უკვე შეფასდა და ახლა, დროის კარგვას აზრი არ აქვს? - ეს ის საკითხია, რომლის თაობაზეც ოპოზიციამ უფრო არგუმენტირებულად უნდა გაგვცეს დასაბუთებული პასუხი, რატომ არ თანხდება ამ შეთავაზებას. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის მოლოდინში ვართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - ქვეყნის გარეთ.

- ბოლო დროს, ისევ დაიწყო საუბარი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე. თქვენი ვერსიით, რამდენად შესაძლებელია, ოპოზიციაში ისეთი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც დისტანცირებული იქნება "ნაციონალური მოძრაობისგან" და იბრძოლებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ? - ის, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის მოთხოვნა არსებობს საზოგადოებაში, ეს ცხადია. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, შეძლებენ თუ არა მას კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. რატომ? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ორპოლუსიან პარადიგმაში ვითარდებოდა. ასე იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში და ასეა "ქართული ოცნების" მმართველობის დროსაც. საინტერესოა, რამდენად შეძლებენ ამ პარადიგმიდან ამოსვლას პარტიები, რომლებსაც ორპოლუსიანმა სისტემამ განვითარების საშუალება არ მისცა. მე მგონია, რომ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, გამოსავალი მხოლოდ კოალიციის შექმნაა. დამოუკიდებლად ასეთ პოლიტიკურ ცენტრს ვერცერთი პარტია ვერ ჩამოაყალიბებს. ამასთან, მათ უნდა შეეძლოთ თვისობრივი სიახლის შეთავაზება, რომელიც გამოარჩევთ დღეს არსებული მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიებისგან.

- ალბათ, ასეთი პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის საჭიროა ოპოზიციონერ ლიდერებს შორის ნდობა. როგორ უნდა შექმნან იმ ლიდერებმა კოალიცია, რომლებიც ერთმანეთს "ქართული ოცნების" აგენტებად მიიჩნევენ ოპოზიციაში. მაგალითისთვის, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეის ავტორს, გიორგი ვაშაძეს ხშირად ახსენებენ, რომ ვანო ჩხარტიშვილის სიძეა, გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" ბე ვარიანტად მიიჩნევენ... - სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთისთვის ტალახის სროლა ახალი ამბავი არ არის. სამ მილიონიან ქვეყანაში ვიღაც ვიღაცის სიძე, შვილი, მეგობარი ან ყოფილი თანამშრომელი იქნება. მთავარია, პოლიტიკოსი გავლენებისგან იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რა გააკეთა და რისი შეთავაზება შეუძლია, როგორი დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და რამდენად მოდის მისი ინტერესები სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

- ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რა მოლოდინი გაქვთ? შევძლებთ სრულფასოვნად გავართვათ თავი პოლიტიკურ ბრძოლას, თუ ისევ დასავლელი პარტნიორის გასაშველებლები გავხდებით? - ჯერ შეუძლებლად მიმაჩნია ამის განსაზღვრა, იმიტომ, რომ ჯერ ქვეყანაში, როგორც გითხარით, პოლიტიკური კრიზისი დასრულებული არ არის. თუ კრიზისი დასრულდება და მხარეები ჯეროვნად შეასრულებენ ნაკისრს ვალდებულებებს, თვითმმართველობის არჩევნებს ღირსეულად გავართმევთ თავს, თუ არა და - რა გითხრათ...

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)