"გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა? ხალხი ერთმანეთს ჯოხებით და ჩაქუჩებით დასდევდა, ეს ყველაფერი კი პოლიციის დაკვირვების ქვეშ ხდებოდა - უმძიმესი სურათია" - კვირის პალიტრა

"გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა? ხალხი ერთმანეთს ჯოხებით და ჩაქუჩებით დასდევდა, ეს ყველაფერი კი პოლიციის დაკვირვების ქვეშ ხდებოდა - უმძიმესი სურათია"

"როდესაც ძალადობას ვუყურებდით საათების განმავლობაში, გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა? ხალხი ერთმანეთს ჯოხებით, ხელკეტებით და ჩაქუჩებით დასდევდა, ეს ყველაფერი პოლიციის დაკვირვების ქვეშ ხდებოდა - უმძიმესი სურათია", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალადობისკენ მიდრეკილ ახალგაზრდებს, კრიმინალურ დაჯგუფებას და ქუჩას მოკავშირედ იკრავს, შემდეგ კი აძლევს ხელშეუხებლობას.

"ფაქტებზე სხვადასხვა ვერსია ისმის. როგორიც არ უნდა იყოს ფაქტები, რომელი თემიდანაც არ უნდა ყოფილიყო უფრო მეტი აქტიური ძალადობისკენ მიდრეკილი ახალგაზრდა, ამას ამ მომენტში მნიშვნელობა არ აქვს.

ამ მომენტში მნიშვნელოვანია პოლიცია როგორ რეაგირებდა, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, სწრაფად რატომ არ იყო რეაგირება? როდესაც სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ქალაქში დაიძრა, მთელი ეს პერიოდი პოლიცია სად იყო?! შემდეგ, როდესაც ძალადობას ვუყურებდით საათების განმავლობაში, გამშველებლის როლში რატომ უწევდა პოლიციას ყოფნა?

ამაში ვადანაშაულებ არა იმ პოლიციელებს, არამედ მათ ხელმძღვანელობას, რომლებიც როდესაც ბიძინა ივანიშვილის პირად ან მისი გაგებით, პოლიტიკურ ინტერესს ეხება საქმე, უზარმაზარ ძალებს ხარჯავდნენ შეშაზე, აქ აკავებდნენ ადამიანებს წალამზე, ჩანთებს უსინჯავდნენ, მელიას დაკავებაზე რამხელა ოპერაცია ჰქონდათ, ივანიშვილის სახლთან ძალების რა მობილიზებაა ხოლმე.

აქ ხალხი ერთმანეთს ჯოხებით, ხელკეტებით და ჩაქუჩებით დასდევდა, ეს ყველაფერი პოლიციის დაკვირვების ქვეშ ხდებოდა - უმძიმესი სურათია.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივიდა საქმე აქამდე. ეს არის პირდაპირი შედეგი იმის, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალადობისკენ მიდრეკილ ახალგაზრდებს, კრიმინალურ დაჯგუფებას ქუჩას მოკავშირედ იკრავს და აძლევს ხელშეუხებლობას", - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, დმანისში ბოლო 2 დღე დაძაბული ვითარება იყო. გუშინ, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე პირები თავს დაესხნენ პირველი არხის გადამღებ ჯგუფს.