ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს - კვირის პალიტრა

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში თანახმაა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობის თანამდებობაზე. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, თავად ისედაც აპირებს, იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის.

"თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად , ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ თუ არა კანდიდატობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!"- აცხადებს ჯაფაიძე.

კითხვაზე, თუ ოპოზიციაში გამოიკვეთება, რომ თავად საერთო კანდიდატი არ იქნება, ასეთ შემთხვევაში დაუჭერს თუ არა მხარს სხვა კანდიდატურას, ჯაფარიძე ასე პასუხობს: "თუ მე არ ვიქნები, ესე იგი, საერთო კანდიდატი არ იქნება. ეს ამას ნიშნავს",- აცხადებს ჯაფარიძე