"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში" - კვირის პალიტრა

"ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში"

ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას გამოყენებას ცდილობს.

"ირაკლი კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ირაკლი კობახიძე აშკარად ცდილობს ფრიდონ ინჯიას გამოყენებას.

ჩემთვის ეს ძალზედ სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, იძულებული რომ არ ვიყო და ვალდებული, სულ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და არანაირი გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯფუფის საქმიანობის ფორმატში, საპარლამენტო თათბირებსა და შეხვედრებზე. ვიცით, რომ სამწუხაროდ, ბატონი ფრიდონ ინჯია სიწუწკეს იჩენს და ცდილობს, მიისაკუთროს "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში ის აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრის წართმევისთვის კი არ იბრძვის, არამედ თურმე საკუთარი წევრი უნდა რომ ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას "პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა", - განაცხადა ინაშვილმა.

მან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ მალე პოლიტიკის დატოვება მოუწევს.

"მინდა ვუთხრა ბატონ კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსოვს ჩვენ, რომელიც ზოგი ღრუბელ-ღუბელ დაფრინავდა, ზოგი კიდევ ღრუბლებზე მაღლა იყო, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. ასე არ გაგრძელდება, დიდი ხანია ბატონმა კობახიძემ, არჩევნების მთავარმა გამყალბებელმა გადააბიჯა ყველა ზღვარს და ყველა "წითელი ხაზი" გადაკვეთა. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება ხოლმე. ასეთი ტიპის პოლიტიკოსები მერე ძალიან მალე ტოვებენ პოლიტიკას. ეს მინდა ვუწინასწარმეტყველო ბატონ კობახიძეს, რომ ის მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში", - განაცხადა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"