"ერთ დღეს დედას ტირილით ვუთხარი, აღარ შემიძლია, საქართველოში უნდა წავიდე-მეთქი... მივხვდი, ვეღარ ვძლებდი უთუშეთოდ" - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს დედას ტირილით ვუთხარი, აღარ შემიძლია, საქართველოში უნდა წავიდე-მეთქი... მივხვდი, ვეღარ ვძლებდი უთუშეთოდ"

"ვერხოვანში სამანქანე გზა მაინც მიდის და... ჩვენ არც გზა გვაქვს, არც მზის გამათბობელი და არც ცხელი წყალი. აქ გაცილებით მძიმე პირობებია. რამდენი წერილი დავწერეთ და ვის სახელზე აღარ! რამდენი ხელმოწერა შევაგროვეთ, რომ როგორმე იმ გზებიდან ჩვენამდე მაინც გამოგვიყვანონ გზა, მაგრამ ჩვენი არავის ესმის, ყურადღებას არავინ გვაქცევს"

თუშეთში ერთადერთხელ ვიყავი და აგერ უკვე მე-10 წელია, თვალიდან და გულიდან არ ამომდის მისი სილამაზე და არც თავგადასავლები, რომლებიც იქ გადამხდა. მახსოვს, ეთერ თათარაიძეს რომ გავუზიარე შთაბეჭდილება, გაიღიმა და, - ეგრე იცის თუშეთმაო, - გემრიელი თუშური კილოთი "დამამშვიდა". ალბათ ამიტომაც არ გამომპარვია ერთი თუში გოგონას ამბავი, რომელიც ქვემო ალვანში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს, მაგრამ მისი სული, გული და გონება მუდამ მთაშია, ისევე, როგორც გვიანი გაზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე - თავადაც მთელ დროს იქ ატარებს. გომეწარი რომ ახსენა, სრულიად ავფორიაქდი, რადგან ყველაფერი თვალწინ დამიდგა - ჩემი დაუვიწყარი თუშური ზაფხული გომეწრის ალაზნის ხეობის სოფელ ვერხოვანში, ხახმატის სალოცავი და უძველეს კოშკში გათენებული ღამე... 26 წლის ნათია აბაიძისთვის კი მთათუშეთი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თუ რატომ, ამას თავად გვიამბობს:

- თუშეთისადმი სიყვარული ცაცო ბებომ შთამაგონა. ბებო გვარად ლილაური იყო, სოფელ ლალისყურიდან, ქვემო ალვანის გვერდზე სოფლიდან. მთაში კი ჩვენს სოფელს საჩიღოლო ჰქვია, გომეწარშია, ჩაღმა თუშეთში. გეცოდინებათ, რომ საერთოდ, თუშეთი ხეობებად არის დაყოფილი. ჩვენი მხარე გომეწრის ერთ-ერთ - ივანაურთის ხეობაშია. სოფელი ილიურთაც ხომ იცით? (ვუდასტურებ - ავტ.) ჰოდა, ილიურთაში მთავრდება სამანქანო გზა და იქიდან ჩვენს სოფლამდე საცხენოსნო ბილიკით მიდიხარ.

რაც შეეხება მთათუშეთის სიყვარულს - 5 წლის ვიყავი, ბებომ ქვემო ალვანიდან მოკლე გზებით პირველად რომ წამიყვანა მთაში, საჩიღოლოში. კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი, მე და ჩემი ძმა - კოტე ხურჯინით წაგვიყვანეს - იქამდე მანქანა არ მიდის და მაშინ ბავშვები ასე დაჰყავდათ - ცხენით და ხურჯინში ჩასმულები. მას შემდეგ ბებიას ყოველ წელს დავყავდი მთაში და სწორედ მას შემდეგ მიმიხარია იქ, მიყვარს და ვგიჟდები იქ ყოფნაზე. პაპა მეცხვარე იყო და ძირითად დროს ცხვარში ატარებდა. ხანდახან თუ მოდიოდა ხოლმე სოფელში. გარსო პაპა ახლა ძალიან მოხუცია, 87 წლის არის და ძალიან საყვარელი პაპაა, ისეთი საყვარელი, რომ "საკალელო" შევარქვით და სოფელშიც ასე იხსენიებენ. სამწუხაროდ, ბებო აღარ გვყავს...

- მთის ხალხს სისხლში აქვს ლექსების წერა. პაპა არ წერდა ლექსებს?

- პაპა - არა, მაგრამ... მამაჩემი ზაქრო მართლაც მოლექსე კაცია. უკრავს კიდეც და ძალიან კარგადაც მღერის, მაგრამ არ უყვარს თავის გამოჩენა და, ჩემგან განსხვავებით, არც ბევრი ლაპარაკი უყვარს (იცინის).

- პირველად რითი დაგამახსოვრა თავი თუშეთმა? - პირველი მოგზაურობა ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემი მეორე მოგზაურობა თუშეთში. 28 აგვისტოს, მარიამობას ვარ დაბადებული და ჩემს 6 წლისთავს მთაში, თუშეთში შევხვდით. ვიცი, თქვენც გიკვირთ, მარიამი რომ არ მქვია, მაგრამ... დედას ძალიან უნდოდა, გოგონა თუ ეყოლებოდა, ნათია დაერქმია, მაგრამ რადგან ჩემს უფროს დას სახელი ანა ბებომ დაარქვა, შემდეგ კი ჩემი ძმა, კოტე დაიბადა, ხოლო მერე მე გავჩნდი, ამჯერად დედამ აისრულა ნატვრა და ნათია დამარქვა. თუმცა, ისეთ კარგ დღეს ვარ დაბადებული, სახელს რაღა მნიშვნელობა აქვს (იცინის)?!. ჰოდა, კი იცით, მარიამობას როგორ აღნიშნავენ მთაში, ასე რომ, თუშეთში იმ დღეს, მე რომ 6 წლის გავხდი, დიდი დღესასწაული იყო, მთელი ჩვენი სოფელიც ქეიფობდა და მეც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან... დიდი ტორტი გამომიცხვეს, ხელში დამაკავებინეს, ფოტოც გადამიღეს და სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი ზარ-ზეიმით სოფელი სწორედ ჩემს დაბადების დღეს აღნიშნავდა.

- დიდი სოფელია საჩიღოლო?

- ახლა აღარ არის დიდი, ასე, 9-10 სახლიღა შემორჩა. ჩვენს სოფელში რამდენიმე გვარის ხალხი ცხოვრობდა - ქოთილაიძეები, აბაიძეები, გუთანაიძეები, ჩახვაშვილები... სამწუხაროდ, უკვე ძალიან ბევრი სახლი დაინგრა. პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, ზაფხულობით ბევრი თუში ამოდიოდა სოფელში, ბავშვებიც ამოჰყავდათ და კარგად ვერთობოდით, ვთამაშობდით. ახლა კი თითქმის აღარავინ ამოდის. გაუჭირდათ და ყველამ გაყიდა საქონელი. ერთადერთი, დღეობების პერიოდში ამოდიან, ისიც - რამდენიმე დღით. მე და ჩემი და-ძმა მაინც ყოველ წელს გაზაფხულობით ფეხით ავდივართ. მხოლოდ 2 წელი დამიგვიანდა ასვლა - ერთხელ, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, და მეორედ, როდესაც დედასთან წავედი საზღვარგარეთ: დედა 11 წელია უკვე, საბერძნეთში მუშაობს. თუმცა, ძალიან მალე დავბრუნდი საქართველოში და, იქიდან მოყოლებული, მე და ჩემი ძმა თვეების განმავლობაში მთაში, სოფელში ვართ ხოლმე და - სულ მარტონი.

- ნადირი რომ მოვიდეს ან რამე პრობლემა რომ შეგექმნათ, არ გეშინიათ?

- შიშის გრძნობა არასდროს არ გვქონია, არადა, მთაში რომ ვართ, სულ ტყე-ღრეში დავდივართ... იშვიათად მეცხვარეები თუ შემოგვივლიან - სტუმარი მოვიდაო და, ისეთი ბედნიერები ვართ, რაც გვაქვს, ყველაფრით ვუმასპინძლდებით. მაისიდან ავდივართ და სექტემბრის ბოლოს ვბრუნდებით ალვანში. ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება მთათუშეთის გარეშე. დედასთან რომ გავემგზავრე საბერძნეთში, 8 წლის უნახავი მყავდა. საბუთი არ ჰქონდა და თვითონ ვერ ჩამოდიოდა. მეც იმ მიზნით წავედი, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დავრჩენილიყავი. მუშაობაც დავიწყე, მაგრამ... იქ ჩასვლა ზაფხულს დაემთხვა, თუშეთის დღეობების პერიოდს, და მალევე მივხვდი, ვეღარ ვძლებდი უთუშეთოდ. ერთ დღეს დედას ტირილით ვუთხარი, აღარ შემიძლია, საქართველოში უნდა წავიდე-მეთქი... დედა განერვიულდა, ოღონდ შენ არ იტირო და, ახლავე გაემგზავრეო. ასე დავტოვე გულდათუთქული დედა და უკან დავბრუნდი იმ იმედით, რომ ისიც მალე ჩამოვიდოდა, მაგრამ აგერ უკვე 3 წელი გავიდა და ჯერჯერობით ვერ ჩამოდის.

- ნათია, სოფელ ვერხოვანში რომ ვიყავი, გაოგნებული დავრჩი, მზის გამათბობელი და ცხელი წყალი რომ დამხვდა, არადა, იმის იქით აღარც არაფერი იყო, გარდა მეცხვარეების სადგომებისა. როგორია 4-თვიანი ცხოვრება საჩიღოლოში, რა პირობები გაქვთ და-ძმას, რას საქმიანობთ ან რით ერთობით? - ვერხოვანში სამანქანე გზა მაინც მიდის და... ჩვენ არც გზა გვაქვს, არც მზის გამათბობელი და არც ცხელი წყალი. აქ გაცილებით მძიმე პირობებია. ჩემი სოფელი ძალიან ძნელად მისადგომია. არადა, სხვა სოფლებამდე მიდის გზები. რამდენი წერილი დავწერეთ და ვის სახელზე აღარ! რამდენი ხელმოწერა შევაგროვეთ, რომ როგორმე იმ გზებიდან ჩვენამდე მაინც გამოგვიყვანონ გზა, მაგრამ ჩვენი არავის ესმის, ყურადღებას არავინ გვაქცევს. სოფელში ხალხი ვეღარ ამოდის, მათი სახლები კი ინგრევა. ძველი ციხე დგას და მალე ისიც მთლიანად დაინგრევა. არ გვინდა, ნასოფლარად იქცეს ერთ დროს სიცოცხლით სავსე სოფელი.

- არადა, თუშეთზე თითქოს ზრუნავს სახელმწიფო... - თუშეთზე ფიქრობენ, ოღონდ - მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც უკვე ისედაც განვითარებულია, - ომალოზე, შენაქოზე და ა.შ. აქეთა თუშეთი კი - გომეწარი არავის აინტერესებს. მგონი, ბევრმა თუშმაც კი არ იცის, სად არის საჩიღოლო. არადა, როგორ შეიძლება, ამ ულამაზეს კუთხეს არ მოუარო, არ გაუფრთხილდე და არ დაინტერესდე, რომ იქ ადამიანებმა იცხოვრონ?! ბევრს დავდივარ და ხან ბეგქონდარას ვკრეფ, ხან კრაზანას, თავშავას, ვირისტერფას - თქვენც დამიდასტურეთ, რომ უგემრიელესია ამ მცენარეებისგან დამზადებული ჩაი. სხვათა შორის, პაპასთვის ჩამომაქვს ხოლმე ქვემო ალვანში, ძალიან ხშირად სვამს და სხვებსაც ურჩევს მის მიღებას. სოფელში ყოფნისას, ლამის უთვალავ ფოტოს ვიღებ - მხატვრული ფოტოების გადაღებაც მიყვარს და მომენტების შერჩევაც. მობილურით ვიღებ და სულ ვოცნებობ, ნეტავ, ისეთი ფოტოაპარატი მომცა, რასაც და როგორც ვხედავ, ზუსტად ისე რომ აღვბეჭდო-მეთქი!

- თუკი ასეთი პირობები გაქვს, გარდა თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობისა, რითი უნდა შეიქციო თავი საჩიღოლოში? - რამდენიმე წელია, გაზაფხულზე, ძირითადად მაისის ბოლოს საქონელი აგვყავს მთაში. საკუთარი 30-35 ძროხა გვყავს, დანარჩენი სხვისია და სულ 60 სულამდე იქნება. მთაში ძროხებს ვწველით და ყველი ამოგვყავს, მერე, უკან დაბრუნებულები ამ ყველს ვაბარებთ. ადრე მე და მამა დავდიოდით, ახლა მე და ჩემი ძმა მივდივართ ხოლმე. სამი დღე გვჭირდება, საქონელთან ერთად ფეხით, ჟველურთას გზით მოკლეზე რომ ავიდეთ ჩვენს სოფლამდე. ნაბდებიც თან გვაქვს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია. პირველ ღამეს აბანოს თავზე ვჩერდებით ხოლმე. ხომ გახსოვთ, იქ საკმაოდ ციცაბო ფერდობია. ისეც მომხდარა, რომ საქონელი ხევში გადავარდნილა. არც სხვა ხიფათისგან ვართ დაზღვეული. ერთხელ, მაგალითად, საკუთარმა ცხენმა ისე გადამიარა ფეხზე, ძალიან გავმწარდი და დარჩენილი გზა გასივებული ფეხით ძლივს ვიარე. საშინელ ამინდშიც გვივლია. შარშან, გაზაფხულზე რომ წავედით, მახსოვს, ერთდროულად წვიმაც მოდიოდა, სეტყვაც და თოვლიც. სერს რომ მივადექით, სერის ქვემოთ მხოლოდ პირველი მოსახვევი იყო გაწმენდილი, დანარჩენი ზვავით იყო დაფარული. სადმე რომ არ ჩავვარდნილიყავი, ჯერ ჯოხს დავარტყამდი ხოლმე და მხოლოდ ამის შემდეგ ვადგამდი ფეხს. მაშინ ძლივს გავიყვანეთ საქონელი. მთელ დღეს საქონელს ვმწყემსავთ და სრულიად არ მბეზრდება. კონკრეტულად ცხენების განსაკუთრებულ სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვა, საერთოდ, ცხოველებიც ძალიან მიყვარს. ხშირად ვჯირითობ და თანაც - არცთუ ურიგოდ. საკუთარი ცხენი მყავდა და, სამწუხაროდ, მომიკვდა, მაგრამ... ჩემი ძმისანი იგივე ჩემები არ არიან?!. ჩემი ძმა დაოჯახებულია, ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს და პაწაწინა გოგონა, უსაყვარლესი მარიამი. მე არ დამარქვეს, მაგრამ მას მაინც ხომ დაარქვეს!

- როგორც ვიცი, პროფესიით დიზაინერი ხარ, ხომ არ ვცდები? - დიახ, ასეა. ერთხელაც მომეპრიანა, ფინანსური პრობლემებიც გვქონდა და ტანსაცმლის დიზაინერობა ვისწავლე, მაგრამ... ამ კუთხით არც მიმუშავია და, სიმართლე გითხრათ, არც ჭრა-კერვა მიყვარს. გიდის გადამზადების კურსიც გავიარე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოვიყენე, რადგან პანდემია დაიწყო... ყველაზე ძვირფასი და საიმედო საქმე ჩემთვის მაინც საქონლის მწყემსვაა... ყველსაც ვყიდით ხოლმე, თუმცა - ძალიან იაფად. ფასის მომატებას აზრი არც აქვს, რადგან რა თანხასაც ვადებთ, ისიც ეძვირებათ. ერთხელ, მახსოვს, ვიღაც კაცმა შეიცხადა, რა ძვირად ყიდიო?! გამეღიმა, რას ამბობთ, ეს როგორ არის ძვირი, არც კი იცით, რამხელა შრომაა მასში ჩადებული-მეთქი. სიცილი დაიწყო, - ნეტავ შენ რა იცი, რა შრომაა ჩადებულიო?! რომ ვუთხარი, ჩემი გაკეთებულია-მეთქი, აშკარად გაოგნდა.

- ნათია, შეგიძლია ემოცია გამინაწილო და მითხრა, რა არის შენთვის თუშეთი? - ფაქტობრივად, თუშეთთან ასოცირდება ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება; თუშეთს უკავშირდება ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება. ყოველ წელს ახლის მოლოდინი მაქვს, თითქოს რაღაც ახლის აღმოჩენას ველი. ჩემი და ომალოშია გათხოვილი, სამი შვილი ჰყავს და სასტუმრო აქვს. მასთან რომ მივდივარ, ბევრ კარგ ადამიანს ვხვდები, ახალ მეგობრებს ვიძენ. თუშეთში არასდროს მბეზრდება, არასდროს ვიწყენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობ, ჩემს სოფელში, ფაქტობრივად, არც მობილური იჭერს და არც ინტერნეტია, და მაინც... შეუძლებელია მოვიწყინო, რადგან თუშეთი ისეთი საოცარია, ისეთი ზღაპრული, რომ თავადვე მაძლიერებს, შთამაგონებს და მილამაზებს ცხოვრებას. მიხარია, რომ ჩემი ფოტოებით ძალიან ბევრ ადამიანს გავაცანი ჩემი სოფელი. თქვენი საშუალებითაც ვცდი, რომ ვინმეს მივაწვდინო ხმა, ყურადღება მოგვაქციონ; გაიგონ, თუ როგორ გვჭირდება გზა, რადგან ზუსტად ვიცი, თუ გზა იქნება, ძალიან ბევრი ამოვა სოფელში და თავის სახლებსაც მიხედავენ. ულამაზესი სახლები დაინგრა, სამსართულიანი, მოჩუქურთმებული აივნებით. ისე მწყდება გული, ყოველ წელს ახალ-ახალი ნანგრევი და ბზარი რომ მხვდება! ერთი სამსართულიანი სახლი განსაკუთრებით მომწონს და რამდენი ავდივარ, ვამოწმებ, რა მდგომარეობაშია. ყოველ ჯერზე, ასვლისას, მთას რომ გადავცდები, პირველად შიშით იმ სახლს გავხედავ ხოლმე, ნეტავ, ამ ზამთარს როგორ გაუძლო, დაინგრა თუ არა-მეთქი... იმედია, კიდევ გაუძლებს, მაგრამ როდემდე? როგორ არ მინდა, რომ ოდესმე ჩემს სოფელს ნასოფლარი დაერქვას!..

ირმა ხარშილაძე ჟურნალი "გზა"