"ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ კარიერაზე არიან გადართული და ხალხის პრობლემები ნაკლებად ადარდებთ" - კვირის პალიტრა

"ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ კარიერაზე არიან გადართული და ხალხის პრობლემები ნაკლებად ადარდებთ"

"პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს კულტურას, მაგრამ კულტურამ შეიძლება განსაზღვროს პოლიტიკა", - წერდა გერმანიის პრეზიდენტი თეოდორ ჰოისი, რომლის დროსაც, ომისგან დანგრეული გერმანია ფერფლისგან აღდგა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. ალბათ, ყველასთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე ინტელიგენციის წარმომადგენლები. ამჯერად თემაზე სასაუბროდ მხატვარ ნიკუშა შენგელაიას დავუკავშირდით...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ კარიერაზე არიან გადართული და ხალხის პრობლემები ნაკლებად ადარდებთ, ეს - აშკარაა. ჩვენი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და ამჩნევს. ამ მხრივ ოპოზიცია პირველობას არავის უთმობს: ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქართული ოპოზიციის ქმედებები მეტყველებდა, რომ მისი წევრები საკუთარი ძალაუფლების მოპოვებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე ხალხზე..."

"ფაქტია, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში უფრო სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოავლინა: ის ყველანაირად ცდილობდა ოპოზიცია პარლამენტში შეეყვანა და სწორედ პარლამენტი ექცია პოლიტიკური პაექრობის ასპარეზად... როდესაც ჩამოდის ეუთო-ოდირი და ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ამ შეფასებას ყველამ პატივი უნდა სცეს. ბოლოს და ბოლოს, ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების შეფასება ევალება. თუ პოლიტიკოსი ხარ, მის დასკვნას ანგარიში უნდა გაუწიო... ესენი კი თითიდან გამოწოვილ მიზეზებს იგონებდნენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, ხელისუფლება როგორ გადაეგდოთ და ქვეყნის სათავეში თვითონ როგორ მოსულიყვნენ..."

"ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშებია, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ხალხს სულ სხვა ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენი მასმედიაც აყოლილია ამ პროპაგანდას. ოპოზიციიურ ტელევიზიებში მხოლოდ ნიკა მელიას პატიმრობაზე იყო ლაპარაკი და ხალხი ძალიან გაბეზრდა. მოსახლეობას პოლიტიკა საერთოდ აღარ აინტერესებს, მას აინტერესებს ცხოვრების დონის გაუმჯობესება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე