"არ ვიცი, რას ნიშნავს ხელფასი... ქართველმა ხალხმა მომიყვანა დღემდე, განსაკუთრებით - ქართველმა ქალებმა" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რას ნიშნავს ხელფასი... ქართველმა ხალხმა მომიყვანა დღემდე, განსაკუთრებით - ქართველმა ქალებმა"

პოეზიის ქალღმერთი და დედოფალი, ლექსთა მხატვარი და ხატვის მელექსე, სახალხო პოეტი, სამშობლოს ცრემლშეუშრობელი ჭირისუფალი, ქართლის ცხოვრების მემატიანე, ქართველი საფო - ეს იმ ეპითეტების ნაწილია, რომლითაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად შეამკო თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი და ხატთა შემამკობელი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"არასდროს მქონია ოფიციალური სამსახური, არ ვიცი, რას ნიშნავს ხელფასი. 30 წელია, ქართველი ხალხის დახმარებით და წყალობით ვქმნი, რაც მაქვს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჩემი ერისთვის. ქართველმა ხალხმა მომიყვანა დღემდე, განსაკუთრებით - ქართველმა ქალებმა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ, ისინი არიან ყველაზე კეთილშობილები და გულიანები, მე ეს ხალხი მიხანგრძლივებს სიცოცხლეს..."

"საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებამ თავზარი დაგვცა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ შემაძრწუნებელ ინფორმაციას არც კი ვიჯერებდით. 1994 წლის თებერვალში სპეცრეისით თბილისი-გროზნო ჩეჩნეთის დედაქალაქში გავემგზავრეთ. მოხდა საოცრება, 4 ქალბატონს მოგვეცა უფლება და გვერგო პატივი, წუთიერად დავმდგარიყავით პრეზიდენტის სასახლესთან საპატიო ყარაულში. ჩემდა საამაყოდ, ერთ-ერთი მათგანი მე გახლდით..."

"ჩვენი დარბევა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ჩაგვიკეტეს უნივერსიტეტის კარი, უნდოდათ, ვარაზისხევში ჩავერეკეთ და რა ტრაგედიაც მოხდა 9 აპრილს, ის 25 თებერვალს მომხდარიყო. ეს გეგმა ალბათ იმიტომ გადაიდო, რომ უფრო მასშტაბურ დარბევას აპირებდნენ. ასე მეტ შიშს ჩანერგავდნენ ხალხში. 25 თებერვალს, მერაბ კოსტავას გარდა, ყველა იმდროინდელი ლიდერი დაპატიმრებული იყო. ქალბატონმა მარიკა ლორთქიფანიძემ მერაბ კოსტავა "გამოგვთხოვა" და დაგვპირდა, თუ დავიშლებოდით, ყველა პოლიტპატიმარი იმ დღესვე გათავისუფლებული იქნებოდა. მახსოვს, უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ენერგიას, მუხტს მისცემდა მომიტინგეებს. შუქიც გამორთეს, აქა-იქ კანტიკუნტად სანთლებიც აინთო. ჩანთაში 8 თებერვალს დაწერილი ლექსი მედო, "დავით მეფეს", რომელზეც მოგვიანებით დაიწერა ცნობილი სიმღერა "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება". კიბეზე გაჭირვებით ავედი, მიკროფონთან მისვლის საშუალება მომეცა და ქართველებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ლექსი წავიკითხე. სწორედ მაშინ უთქვამს ზვიად გამსახურდიას: დაიმახსოვრეთ, ეს გოგონა თინათინ მღვდლიაშვილია, ქართული პოეზიის მომავალი ვარსკვლავი და მშვენებაო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 20 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი