მიჰას სტუმრები, გახარიას ხალხი და "ოცნებურების" არმია
ბოლო 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა "დატვიტა" და თან "გვანუგეშა", ეს ვირუსი საბოლოოდ რომ დამარცხდეს, ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდესო. კი, ვიფიქროთ გაერთიანებაზე! ცალკე ისრაელი ჩაეხუტება ისლამურ სამყაროს, აქეთ თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის "ჩაბრატებაზე" ვფიქრობ და კიდევ იმაზე ვოცნებობ, რომ "ოცნება" ჭკუას მოეგება!
გახარიას მომხრეების სამსახურებიდან წამოსვლა (ან გამოყრა) უფრო მნიშვნელოვან საკითხად ვაქციეთ, ვიდრე დმანისური ინციდენტი და ვინ რას ბჟუტურებს ამ მტკივნეულ თემაზე, კაციშვილმა არ იცის. სად არის სახელმწიფოებრივი აზროვნება? "ამ კონფლიქტს არ დავუშვებთ. პირველ რიგში, აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები და მეორეც, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია", - ამ ბაჯაღლოობას რომ იტყვის თანამდებობის პირი, იქ რა უნდა გაგიკვირდეს? დმანისური კონფლიქტის გამწვავებას რომ აბრალებენ მედიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ხედავენ ამ ჩოჩქოლში, ეგებ საკუთარ უნიათობაზე ელაპარაკა ხელისუფლებას.
გავიგეთ, რომ სააკაშვილთან წავიდნენ ნიკა მელია, კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი, მაგრამ მათი წასვლის გამო დასცხეს თავ-პირში ერთმანეთს ქვემო ქართლში? მე თუ არა, ვინ, ძალიან კარგად ვიცი, რომ პარტიები აზერბაიჯანელსა და ქართველს კი არა, მშობლებსა და შვილებს დააჭმევინებენ ერთმანეთს და სად არის ამ დროს ხელისუფლება? ტყუილად ვაჭმევთ პურს, ფულსა და ნერვებს? როდემდე უნდა ვუყუროთ თითების გაბზეკვით ერთმანეთზე გადაკიდებულთა (და არიან კი ერთმანეთზე გადაკიდებულნი?..) კინკლაობას? ახლა ერთ საქმედ ისიც გვაქვს განსახილველი, კახი კახიშვილის "ოცნებისგან" განდგომა ვის წისქვილზე დაასხამს წყალს. ისაო, ესაო, კახის ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, მაგრამ ორივეზე უარი თქვაო. რატომ თქვა უარი, კომპეტენცია არა აქვს, შესაძლებლობები თუ პასუხისმგებლობას გაექცა? ეგებ უფრო იმიტომ, რომ ახლოითგან საშინელი სანახავია მოსწრებაზე გადასული პარტიულების მადა და ამ ცოდვა-მადლის განკითხვაში არ მიიღო იმ ადამიანმა მონაწილეობა, რომლის ავტორიტეტმა მმართველ პარტიას ხმები მოუტანა (მდინარაძე-კობახიძისგან განსხვავებით, რომლებმაც ქოცელექტორატის არმია შეამცირა!).
ღმერთმა მეტი სადარდებელი არ მომცეს, ვიდრე პარტიების რეიტინგის კლებაა, მაგრამ სახელმწიფო "მოღვაწეთა" ასეთი უპასუხისმგებლობანი ქვეყნის პერსპექტივას ჩანასახშივე რომ კლავს, ამის გამო პასუხი ვის მოვთხოვოთ? ისევ სააკაშვილს თუ გუბაზ სანიკიძეს? ახლა მე ასეთ რამეს ვიტყვი და ნუ დამეთანხმებით, თუ გნებავთ: როცა გახარიას გუნდის წევრები თანამდებობის გარეშე რჩებიან, სირცხვილის გრძნობა სადაა? ცალკე ორთოდოქსი "ქოცები" გვმოძღვრავენ, პოლიტიკური თანამდებობები უნდა დატოვოს ოპოზიციაში გადასულმა (თუ გადასასვლელმა) გახარიას ხალხმაო, ცალკე ჩვენ ვრჩებით სახტად, ეს ის ხალხი არაა, 41-მა რომ შეირჩია, მხარი დაუჭირა და ახლახან აირჩია? თურმე ერთი წლის წინ გახარია კარგი კრიზისმენეჯერი იყო, ახლა წასულა ხელიდან (პარტიიდანაც) და "ხსნილი" გამოცხადდა პოლიტიკური მსგეფსის პერიოდში ნაპრემიერალის ლანძღვა-თათხვაზე! ესეც არაფერი, რასაც პოლიტიკოსები ერთმანეთზე ამბობენ, თითქმის სრულად სიმართლეა და მე იმას დავეკითხები გახარიას, პანდემიის დროს რომ სამშენებლო ბიზნესს "წააშველა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელი, რამდენად გამართლებულად თვლის ამ ფაქტს? ეს ბიუჯეტი ხალხისაა და ხელაღებით რომელიღაც სეგმენტზე მილიონების გასროლა ვერ გამიმართლებია ვერაფრით! სადაც ფული ისედაც კეთდება, იქ სუბსიდირება რა საჭიროა? უძრავ ქონებაში სახელმწიფო ფულის ჩადება დანაშაულად მიმაჩნია იმ დროს, როცა სამმილიონიან ქვეყანაში კატასტროფული ეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს!
პ.ს. საოცართა პარტიაა "ქართული ოცნება". "ფეისბუკმპოსტველთა" "ოცნებურმა" არმიამ ზუგდიდის "გახარიისტი" მერის გადადგომა ასე შეაფასა: გემის ჩაძირვამდე პირველები ვირთხები გარბიანო. ანუ გამოდის, რომ "ქოცური" გემი იძირება? ვირთხებზე ყოველთვის ნაკლებს ვდარდობდი, აი, ეს გემების ჩაძირვა კი ძალიან გაგვიხშირდა ამ ბოლო ათწლეულებში და - "რა გითხრათ, რით გაგახაროთ!"
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს