საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა - კვირის პალიტრა

საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.

გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები.

ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ, პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"