ვინ არის ლაშა "სვანთან" ერთად დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი "უმკა" და რაში ედებათ მათ ბრალი? - კვირის პალიტრა

ვინ არის ლაშა "სვანთან" ერთად დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი "უმკა" და რაში ედებათ მათ ბრალი?

უკრაინული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ორი გავლენიანი "კრიმინალური ავტორიტეტი" დააკავეს. მათ შორის ერთი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ლაშა ჯაჭვლიანი, იგივე ლაშა "სვანია".

სამართალდამცავთა ცნობით, პოლიციამ ორი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდი"- "უმკა", იგივე სერგეი ოლეიკინი - დნეპრის აეროპორტში, ხოლო ლაშა ჯაჭვლიანი - სასტუმროში დააკავა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, სამართალდამცავები აგრძელებენ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლას:

"ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან. პოლიციამ უკრაინაში ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდები" დააკავა. ახალი კანონპროექტი და სამართალდამცავთა პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, ისევ განვაგრძოთ ომი ამ მოვლენასთან. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ავაკოვმა.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა "კანონიერი ქურდების" საქმიანობა სრულად დაადგინეს. ეს ორი ადამიანი უკრაინაში კრიმინალური დაჯგუფების "უმაღლეს საფეხურზე" იდგა. ისინი ქმნიდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციას სხვების დახმარებით აკონტროლებდნენ. ისინი აიძულებდნენ ადამიანებს, ახალი დანაშაული ჩაედინათ და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდნენ.

სამართალდამცავები პროკურორის წარმომადგენლებთან ერთად 1 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და "კრიმინალური ავტორიტეტების" საქმიანობასთან დაკავშირებით მათ ყველა ინფორმაცია მოიძიეს.

როგორც ცნობილია, "უმკა", იგივე სერგეი ოლეიკინი "კანონიერ ქურდად" 2014 წლის თებერვალში სანქტ-პეტერბურგში "მონათლეს".

ლაშა ჯაჭვლიანი "კრიმინალური სამყაროს" წევრი 1995 წელს გახდა. რუსთაველი "ქურდი" კიევში რამდენჯერმე დააკავეს. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ