"ქართულმა ოცნებამ" ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბა" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბა"

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს, რომლითაც ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არადემოკრატიულია.

"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მას აღარ უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რითაც გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან და რითაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას მიუხედავად ჩვენი შეხვედრებისა და მან არ გამოიყენა ის კონსტიტუციით ერთადერთი უფლება, რაც აქვს პრეზიდენტს, რომ ვეტო გამოიყენოს კანონებზე, როდესაც ეს კანონები არის არადემოკრატიული. დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან მარტივად ვამბობთ - დაბრუნდეს ძველი ნორმები კვლავ მოქმედებაში. "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში მოუწევს ჩვენთან შემოვიდეს დებატებში და გასცეს პასუხი რატომ მიიღო არადემოკრატიული კანონი, რატომ უნდა, რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები, რატომ ამკაცრებს სანქციებს პროტესტში მონაწილე ადამიანებთან მიმართებაში?! ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური თუ რეპრესიული ნორმები, რომელიც მიიღო "ქართულმა ოცნებამ", ამიტომ ჩვენ ვარეგისტრირებთ დღეს ამ კანონს", - განაცხადა ვაშაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" ამ კანონის რეგისტრაციით ბოდიში მოუხადა საქართველოს საზოგადოებას იმისთვის, რომ გააყალბა არჩევნები"

ვაშაძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრების პოზიციას, რომ ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი და აღნიშნა, რომ ბოდიში ვინ მოიხადა, ეს კარგად ჩანს შარლ მიშელის დოკუმენტში.

"ასეთი დონის საერთაშორისო ჩართულობა გახდა საჭირო, რომ უკან დაეხიათ. ეს კანონი (საარჩევნო რეფორმა) არის "ქართული ოცნების" ბოდიში. ვინ მოიხადა ბოდიში, შარლ მიშელის დოკუმენტი წავიკითხოთ თავიდან ბოლომდე და კარგად ჩანს", - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ვაშაძე ამბობს, რომ ეს შეთანხმების ნაწილი ვერ გახდებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თამარ ჟვანია პოსტზე დარჩება, რეფორმის შედეგად, მას გაყალბების მექანიზმები არ ექნება.

"მეც მიმაჩნია, რომ თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს თანამდებობა, მაგრამ ამის მექანიზმი კანონში ვერ გაიწერება, ამ ილუზიაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას. არც შეთანხმების ნაწილია ეს, ამის ჩაწერა კანონში საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების გამო, შეუძლებელია. ეს არის პრეცედენტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით შექმნა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც ოპოზიცია მხარს უჭერდა. სურვილის დონეზე რა თქმა უნდა, მინდა, რომ თამარ ჟვანიამ და ყველა ვითომ დამოუკიდებელმა წევრმა რაც შეიძლება მალე დატოვოს ცესკო.

გაყალბების მექანიზმი აღარ ექნება, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება 2/3- ით და ოპოზიციას ჰყავს რვა წევრი ამ კომისიაში", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

"ინტერპრესნიუსი"