"წულუკიანი შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს" - კვირის პალიტრა

"წულუკიანი შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს"

"ქალბატონი წულუკიანი კვლავ "მოწოდების სიმაღლეზეა" და პოლიტიკურად მოტივირებული, შეფუთული ტყუილებით და აბსურდული ბრალდებებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს "ქართული ოცნების" ხელისუფლების შემზარავ დანაშაულს, რასაც გელათის სამონასტრო კომპლექსის განადგურების პირას მიყვანა ქვია", - ამის შესახებ ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და გელათის საკითხთან დაკავშირებით, მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს:

"კულტურის უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მინისტრის პასუხად ვიტყვი: 1. "გელათის დამცინავი პოსტი" არასდროს დამიდია. პირიქით, ძალიან განვიცდი გელათის მდგომარეობას და არ მგონია საღლიცინო თემა იყოს, რა განწყობაც ჩემ სტატუსებში კი არა, თავად წულუკიანის ბრიფინგში იკვეთებოდა. არც სიტყვა "სკოჩი" მიხსენებია და არც რამე მიმტკიცებია. ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ და ხდება - საქართელოს მთავარი კულტურულ-რელიგიური და ისტორიული ძეგლის კარს მომდგარი კატასტროფა

2. ის, რომ წებოვანი ლენტი გაუგებრობას წარმოშობს, მისივე უწყების - ძეგლთა დაცვის სამსახურის ბრალია, რომელსაც თავისი განმარტებით უნდა ამოეწურა ეს გაუგებრობა. რაციონალური და კომპეტენტური განმარტებები ვერ ჩანაცვლდება წულუკიანის "სიტყვაკაზმული" ბრიფინგით და მისი მითითებებით ანონიმ ექსპერტებზე, რომლებიც თურმე "ნაწყენი და გაბრაზებული" არიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მიმართვისა ძეგლთა დაცვის სამსახურისადმი, საერთოდ არანაირი განმარტება არ მიგვიღია.

3. და ბოლოს, სრულიად უკონტექსტო, კომიკური და მოგონილი ბრალდება ჩემს მიმართ, თითქოს მთავრობაში ყოფნის დროს, "ფეისბუკით" არ გამოვეხმაურე რაღაც ნახატების და მუზეუმების თემას. განვუმარტავ ქალბატონ წულუკიანს, რომ 2010 წელს არც ერთი თანამდებობა არ მეკავა, მეტიც, საერთოდ არ ვიმყოფებოდი საქართველოში, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი აშშ-ში.

ამას გარდა, საერთოდ, ან რა ნახატებზე ან რა მუზეუმზე საუბრობს ქალბატონი წულუკიანი, ისიც კი არ მესმის. რაც შეეხება ფეისბუკზე გამოხმაურებებს, რაღაც არ მახსოვს, მთავრობაში ყოფნის დროს, თავად წულუკიანი გამოხმაურებოდა გელათთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს.

არადა, როგორც თვითონ დღეს განაცხადა, 2008 წლიდან 2020 წლამდე, დანაშაულებრივი ექსპერიმენტები ტარდებოდა თურმე გელათზე. ამ წლებში კი, 2012დან 2020მდე, სწორედ ქალბატონი წულუკიანი იყო მთავრობაში, და არა მე", - წერს გვარამია.