"საგამოძიებო კომისიის ერთ სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით - პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან" - კვირის პალიტრა

"საგამოძიებო კომისიის ერთ სხდომაზე შეიარეთ და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით - პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან"

"ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ", - ასე ეხმიანება "გირჩის" ერთ- ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია და არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო, არამედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა გამოიძიოს.

რაც შეეხება მოქმედ კომისიას, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის ფორმალობაა. რაც შეეხება კარლ ჰარცელის მოწოდებას, რომ ოპოზიციამ კომისიაში მონაწილეობა მიიღოს, ხვიჩია აცხადებს, რომ სავალდებულო არაა ისინი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ.

"მე და კარლ ჰარცელი განსხვავებული ადამიანები ვართ, სავალდებულო ხომ არ არის, ერთმანეთს ვეთანხმებოდეთ? კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შეიარეთ, დააკვირდით და კარლ ჰარცელს თქვენც არ დაეთანხმებით. პრობლემა შინაარსთან გვაქვს, შემადგენლობას არ ვერჩით, მშვენიერი ადამიანები არიან", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ფორმალური კომისია არ არის და მას ასევე სჭირდება ოპოზიციის ჩართულობა.

"ინტერპრესნიუსი"