ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 25 მაისს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, ვიდეომასალა უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
მელიას ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ დაცვის მხარის წინასწარი ინფორმირება არ მოახდინა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მტკიცებულების გამოკვლევას აპირებდნენ. ადვოკატის თქმით, იმისათვის, რომ დაცვის მხარის მიერ ნიკა მელიას დაცვის უფლების განხორციელება ჯეროვნად მოხდეს, პროცესი უნდა გადადებულიყო.
ბრალდების მხარის განმარტებით, დაცვის მხარე ითხოვდა, მოწმეთა შესახებ წინასწარ სცოდნოდათ, დღევანდელ პროცესზე კი მოწმეს არ კითხავენ.
მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (Eუროპეან Eნდოწმენტ ფორ Dემოცრაცყ) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს. ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა. ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.