"კოლაუმ ოჯახში რომ გამოაცხადა, დაქორწინებას ვაპირებო, აღშფოთებულმა მამამ კიბეზე ჩამავალ შვილს ტყვიის ჯერი მიაყოლა..." - კვირის პალიტრა

"კოლაუმ ოჯახში რომ გამოაცხადა, დაქორწინებას ვაპირებო, აღშფოთებულმა მამამ კიბეზე ჩამავალ შვილს ტყვიის ჯერი მიაყოლა..."

ასაკით თითქმის საუკუნეს მიაღწია, ხანგრძლივად იცხოვრა და ცხოვრების განმავლობაში ბევრი ტკივილი და ვნება განიცადა, ეს ზღვა ემოცია კი ულამაზესად გადმოსცა თავის შემოქმედებაში. ვის ეტრფოდა, ვის მიუძღვნა ლექსები და ვინ იყვნენ მისი პირველი და უკანასკნელი თანამეცხედრეები? ერთხელ "ცისფერყანწელთა" უკანასკნელ მოჰიკანს - ნიკოლოზ (კოლაუ) ნადირაძეს თავისი უმცროსი მეგობრისთვის, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილისთვის უთქვამს: ჩვენ, პოეტებს, თითქოს ღმერთმა დაგვავალა, ვყოფილიყავით ნამდვილი სიყვარულის დამცველი რაინდები. უიშვიათესი მოვლენაა ნამდვილი სიყვარული! არარომანტიკულობა ამცირებს სიყვარულს და აქცევს მას მიწაზე მიჯაჭვულს. რაღაც ძალიან რაინდულია სიყვარულიო! კოლაუ ნადირაძის სიყვარულის ამბებიც სწორედ ქალბატონი ნინოსგან მოვისმინე და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ნინო ჩხიკვიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, კოლაუ ნადირაძის შემოქმედების მკვლევარი:

- ყოველთვის, როცა კოლაუ ნადირაძის ცხოვრებაზე ვფიქრობ, უნებურად მაგონდება "ცისფერყანწელთა" მანიფესტი: გიყვარდეთ ქალი ვნებიანად და დაუზოგავად, ამრავლეთ ხალხი! მართლაც ვნებიანად უყვარდა კოლაუ ნადირაძეს!

"...ეგ ხომ ჩემს პირველ სიყვარულს ათოვს,/ ეგ ხომ შენი ხმის შრიალი არის!/

შენი უკვდავი ღიმილი მაკრთობს -/ გამოშუქება ციური მხარის!"...

- 14 წლის თამარ საყვარელიძე 15 წლის კოლაუს პირველად ვარინკა წერეთლის საღამოზე უნახავს და ისე მოხიბლულა, მაშინვე გადაუწყვეტია მისი ცოლად მოყვანა. თუმცა... ორი წლის შემდეგ დაქორწინებულან; მანამდე კი მათი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ეგ კი არა, 17 წლის კოლაუმ თამარის ბიძაშვილს (თამარს მამა ადრე გარდაეცვალა), ვარლამ საყვარელიძეს თხოვნის წერილი მისწერა, გაწუხებთ, მაგრამ მიზეზი, რამაც კალამი ამაღებინა, იმდენად სერიოზულია, ჩემს მომავალთან ისეა გადაჯაჭვული, არ დამძრახავთო! მე და თამარს გვიყვარს ერთმანეთი. ეს გრძნობა სიკვდილ-სიცოცხლეს ნიშნავს ჩემთვის და ეს უბრალოდ ყმაწვილური გატაცება როდიაო... და სთხოვა, დაქორწინების უფლება მიეცა, მაგრამ ამ ქორწინებას დიდი ტრაგიზმი სდევდა თან: საკურთხეველთან მისულებმა იცრუეს, მღვდელი მოატყუეს (ვინ იცის, იქნებ ამიტომაც დასრულდა მათი ქორწინება ასე ტრაგიკულად), ერთი წელი მოიმატეს, თორემ ჯვარს ვერ დაიწერდნენ. კოლაუმ ოჯახში რომ გამოაცხადა, დაქორწინებას ვაპირებო, აღშფოთებულმა მამამ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, კიბეზე ჩამავალ შვილს ტყვიის ჯერი მიაყოლა...

თამარზე რომ დაქორწინდა, კოლაუ 17 წლის იყო, მისი რჩეული, თამარ საყვარელიძე - 16 წლისა. ქართული კინოს მკვლევართათვის მისი სახელი კარგადაა ცნობილი. თამარ საყვარელიძე ფრანგმა კინემატოგრაფისტებმაც შეამჩნიეს. ამ ქალს განსაკუთრებული მონაცემები ჰქონდა. სამწუხაროდ, თამარი გადაღებების დროს გაცივდა, ექიმებმა დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს, როგორც ტიფიანს, ისე მკურნალობდნენ, ამასობაში ტუბერკულოზი განუვითარდა. თავის დროზე ცისფერყანწელებმა თბილისში საქველმოქმედო საღამოც კი გამართეს მშვენიერი თამარის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ, 1924 წელს 26 წლისა გარდაიცვალა. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, თამარ საყვარელიძემ მეტეორივით გაიელვა და გაქრა. გაქრა მისი ოცნებები მომავალზეც... საოჯახო არქივში თამარის კოლაუსადმი მიწერილი რამდენიმე ბარათია შემორჩენილი: "ერთადერთო სიხარულო და სიცოცხლევ, ჩემო კოლია! უპირველეს ყოვლისა, გისურვებ ჯანმრთელობას და შემდეგ სურვილების ასრულებას. ჩემო ბედნიერებავ, დღეს მივიღე შენი წერილი და სიხარულისგან კინაღამ შევიშალე. კოლია, ჩემო ძვირფასო, მე არ შემიძლია დავივიწყო შენთან ერთად სოფელში გატარებული ის დღეები. რომ იცოდე, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, სიტყვით ვერ გადმოვცემ ამ სამ დღეში განცდილს. როცა წახვედი, თითქოს ადგილისა და დროის შეგრძნება დავკარგე... მეც არ ვიცი, რა მემართებოდა... გიმზერდი მანამ, სანამ თვალს არ მიეფარე. უმალ წამოვდექი და გავშორდი სახლს, სადღაც შორს მივდიოდი და დიდხანს ვტიროდი. ჩემო ძვირფასო, შენს გარდა არავის შეუძლია ტანჯვა შემიმსუბუქოს. მხოლოდ შენ, ერთადერთი გამიგებ, შენ ერთმა შესძელი ჩემს სულში ჩახედვა და მისი ამოკითხვა. კოლია, სამუდამოდ გახსოვდეს ჩვენი სიტყვები: ერთად ვიცხოვროთ და ერთად დავლიოთ სული ერთმანეთის მკლავებში... ღმერთო, ახლა ამ წუთას ჩემთან რომ იყო, ძალიან ბევრს გიამბობდი. შენ ხომ მხოლოდ მე მეკუთვნი".

თამარის ერთ ბარათს თარიღი არ უზის, მაგრამ, როგორც შინაარსიდან ირკვევა, იმდროინდელია, როცა კოლაუ მოსკოვში სასწავლებლად გაემგზავრა და აქ უმცროსი ქალიშვილი, ნელი და ახალგაზრდა მეუღლე ოჯახში, მშობლებთან დატოვა... ამ წერილებში კარგად გამოსჭვივის ახალგაზრდა ქალის სულის მოძრაობა: "ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო კოლიავ!" მეუღლეს მხოლოდ სიყვარულით მიმართავს, ეფერება, - ურიცხვს გაკოცებ და ყოველგვარ ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაშიო... ასე იწყება თითქმის ყველა წერილი და მერე თანდათან შეაპარებს საყვედურს. სასაყვედურო კი თითქმის ერთადერთია - უპასუხოს შეყვარებული ცოლის წერილებს: რას მივაწერო შენი სიჩუმე, არ ვიცი. ორი კვირაა შენს წერილს მოველი, მოთმინება გამომელია, აღარ ვიცი, რა ვიფიქროო... მერე ისევ ესიყვარულება: ჩემო ცხოვრებავ, ხომ იცი ჩემი გულის ამბავი, იმდენ წელიწადს იცოცხლეთ შენ და ჩემმა პატარა გოგონამ, რამდენ ცრემლსაც ვაფრქვევო და... ნუთუ არ გრცხვენია, შე უსინდისოო, წამიერად ბრაზიც შემოერევა, მაგრამ უმალვე ეცვლება განწყობა და ისევ სიყვარულით აგრძელებს: რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, ყველა წერილზე მიპასუხებდიო... და თუ ღმერთმა ინება, არასდროს მოგშორდები, სადაც წახვალ, მეც იქ წამოგყვებიო!.. შენს თავს ვერავინ მომაშორებს ვერც ცოცხალსა და ვერც მკვდარსო!.. უგონოდ შეყვარებული ახალგაზრდა ქალის ეს სიტყვები თითქოს ბედისწერად იქცა. ბედისწერად ექცა სიყვარული თამარ საყვარელიძეს, ქალს, რომელმაც აჩუქა ორი ქალიშვილი: ერთ-ერთ წერილში უფროსი ქალიშვილის ამბავს სწერს, უკვე ფეხი აიდგა და ისეთი სანახავია, ყველა გიჟდება, სულ შენ გიხმობს და, ჩემი ნახვა თუ არ გინდა, შენი შვილი მაინც არ გენატრებაო? კოლაუს ქალიშვილები - ნელი და მარგო

19 წლის კოლაუ უკვე მამა იყო. უეცრად დააწვა მხრებზე ყმაწვილკაცს ოჯახის სიმძიმე... პეტერბურგიდან ჩამოსული კოლაუ ცისფერყანწელთა ჯგუფს შეუერთდა. ბოჰემური ცხოვრების კულტმა თავისი კვალი დაატყო მათ ოჯახურ სიმტკიცეს: ერთხელ, თურმე, კოლაუ და თამარი თეატრში უნდა წასულიყვნენ. თამარი მოემზადა, კოლაუმ კი უეცრად შემოირბინა შინ და მოუბოდიშა, რა ვქნა, აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, მაპატიე, თეატრში ვერ წამოგყვებიო, გაწბილებულ თამარს მამამთილი გაჰყვა თეატრში... მეორე მოქმედების მერე ცისფერყანწელთა მთელი ჯგუფი შევიდა დარბაზში და მათ შორის კოლაუც ყოფილა. თამარს ეს რომ დაუნახავს, გული ჩასწყდომია, მაგრამ რას გააწყობდა!

კოლაუს მამა საყვარელ რძალსა და შვილიშვილებს ყურადღებას არ აკლებდა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ბოლომდე შეარყია ოჯახის ერთიანობა: 1919 წელს თამარმა შვილები დედასთან დატოვა და თბილისში გადმოვიდა იმ იმედით, რომ კარგ სამსახურს იშოვიდა და მერე შვილებსაც წამოიყვანდა.

გამორჩეული გარეგნობის წყალობით პოპულარობა მალე მოიპოვა: პერესტიანმა და ბარსკიმ "სურამის ციხეში" ვარდოს როლზე მიიწვიეს, შემდეგ დაიწყო მუშაობა "მამის მკვლელზე", რომლის გადაღებებზეც გაცივდა და ტუბერკულოზით 1924 წელს ისე გარდაიცვალა. მიუხედავად დიდი მონდომებისა, კოლაუსთან შერიგება ვერ მოასწრო: შეხვედრა ჰქონიათ დათქმული, ტელეფონით უნდა გადაეწყვიტათ ამ შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ სიცხიანი თამარი საწოლიდან ვეღარ წამომდგარა. ასე ჩაიშალა მათი უკანასკნელი შეხვედრაც. პოეტის არქივში აღმოჩნდა სერგო კლდიაშვილისადმი პაწია, ფანქრით ნაწერი ბარათი, სადაც წერს, პაოლოს გადაეცი, რომ თამარი სოხუმიდან სოფელში გაატარეს და რიონის სადგურზე ვნახე... მძიმე ავადმყოფიაო. სავარაუდოდ, აქ ნახსენები თამარი მისი მეუღლე უნდა იყოს, რომლის დასახმარებლად ცისფერყანწელებმა საქველმოქმედო საღამოც კი გამართეს "ქიმერიონში", მაგრამ ყველა ცდა, გამოეყვანათ ახალგაზრდა ქალი მძიმე მდგომარეობიდან, დაგვიანებული აღმოჩნდა... თამარის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე კოლაუმ დაწერა ლექსი "ჩემს ბავშვებს":

"გადაგეკარგეთ, დაგტოვეთ ოხრად,/ ასე უიღბლოდ გამოჩეკილნო!/ თქვენს წინ მომინდა მუხლების მოხრა,/ სიყვარულის და ცრემლების შვილნო!/...მე აღარ შემწევს მეტი ურჩობა!/ სისხლით აივსო თვალის უპენი./ ტუბერკულოზით დედა გეხრჩობათ/ და ბნელ ქუჩებში მეც ვიღუპები!..."

თამარი მისივე თხოვნით, დაასაფლავეს თბილისში, ძველი ვერის სასაფლაოზე, ამჟამად ვერის ბაღს რომ ვუწოდებთ... ვიდრე ამ სასაფლაოს გააუქმებდნენ, ერთი პირობა, შვილებს სდომებიათ დედის გადმოსვენება, მაგრამ კოლაუს უარი უთქვამს, ნუ შევაწუხებთ მის ძვლებსო, და ასე დაიკარგა თამარ საყვარელიძის საფლავი. სამაგიეროდ, მისი ხატება შემორჩა კოლაუ ნადირაძის ხსოვნას. ასე შეიქმნა რამდენიმე შედევრი: "ტრიოლეტები", "შენ ჩემში ცოცხლობ", "მინაწერი", "მე ისევ მახსოვს", "თოვს", "იყო და თითქოს არა ყოფილა", "მინაწერი", "მე ვიმეორებ მხოლოდ შენს სახელს". არც შემდეგ კარგავს სიმძაფრეს პირველი სიყვარულის განცდა პოეტში. პირიქით, წლებთან ერთად მოურჩენელი სენივით მძაფრდება და კიდევ სხვა ლექსები იქმნება, თუმცა სიცოცხლე მაინც თავისას მოითხოვს!..

უჩვეულო პირველი პაემანი და... ახალი ცხოვრების დასაწყისი!

- ერთხელ მეგობრის ოჯახში მისულ ახალგაზრდა კოლაუ ნადირაძეს სამი წლის ოქროსკულულებიანი, ცისფერთვალა არსება შემოჰგებებია და ბავშვის დანახვაზე კოლაუს უკითხავს, ვისია ეს პატარა ანგელოზიო? საღამოს კი სტუმრებს ადევნებულ პატარა ნორას კოლაუს მხარზე ჩასძინებია. ასეთი იყო მათი პირველი შეხვედრა. კიდევ რომელი შეყვარებული მოიგონებს ასეთ მშვენიერ პირველ პაემანს?

ერთხელ ქალბატონმა ნორამ ღიმილით მითხრა, მამაჩემის ყველა მეგობარს ძიას ვეძახდი, კოლაუსთვის კი ასე არასდროს დამიძახებია; "კოლეც" - შევარქვი და ასეც ვეძახდიო. ჰოდა, ერთხელაც "კოლეცმა" ჩემს დაბადების დღეზე საოჯახო ალბომში ასეთი ექსპრომტი ჩამიწერა: моей любимой Норочке!

как средъ туч галубая лазуръ/ Улыбаясъ зовет и чарует./ Так и мне среды тревоги и буръ/ Взор твой чистый отраду дарует. - от любящего Колъца."

ეს მიძღვნა 1930 წლითაა დათარიღებული. მოგვიანებით, როცა ნორა საგატოვსკაია 17 წლისა გახდა, კოლაუ ნადირაძე უძღვებოდა მის საზეიმო სუფრას და ქალბატონ ნორას ისიც კი ახსოვს, როგორ დალია კოლაუმ მისი სადღეგრძელო - მივესალმები შენს 17 გაზაფხულსო!.. აბა, მაშინ რას წარმოიდგენდნენ, რომ გავიდოდა რაღაც 6 თვე და... ისინი დაქორწინდებოდნენ?! ისე, განა გაუჭირდებოდა ამ საოცრად მომხიბვლელ მამაკაცს 17 წლის გოგონას მოხიბვლა? თითქოს გრძნობის გამხელას ელოდა ყმაწვილი ქალი, მათი სიყვარულის ამბავი ელვისსისწრაფით განვითარდა: გადასალახი იყო მხოლოდ ფორმალური, მაგრამ მაინც არსებული ბარიერი, რაც მთავარია, ასაკი, ასე რომ აკრთობდა საპატარძლოს ოჯახსა და საზოგადოებას. პოეტის საქციელი კი ხშირად ჭაბუკურ სიშლეგეს ჰგავდა. ქალბატონი ნორა მიყვებოდა, თუ როგორ უცდიდა, ხესთან ატუზული, სასწავლებლის ეზოში (ნორა გამოსაშვებ გამოცდებს აბარებდა მუსიკალურ სასწავლებელში, რომლის დირექტორიც მელიტონ ბალანჩივაძე იყო) და დაატარებდა "ცისფერყანწელთა" საყვარელ ქუჩებს, უყვებოდა, როგორ ათენებდნენ ღამეებს, პოეზიით შეპყრობილნი, ამ სადარბაზოებში, როგორ გადაკეტავდნენ გზას, როგორ ქეიფობდნენ გადაბმულად თეთრ ხიდზე.

დრო გადიოდა და მათი შეხვედრებიც უფრო ფრთხილი ხდებოდა. კოლაუ მეგობრის ოჯახს ვეღარ სტუმრობდა, არც ნორას აძლევდნენ მასთან შეხვედრის ნებას და ახლა კოლაუს წერილებით ესაუბრებოდა. პოეტიც წერილს წერილზე სწერდა. ამ ბარათებს სხვადასხვა სამალავში ტოვებდნენ: სამუსიკო სასწავლებელთან მდებარე რკინის რიკულის ხვრელში, რიონის სანაპიროზე ჩამავალი კიბის ერთ-ერთი საფეხურის ქვეშ. კოლაუმ საგანგებოდ დადო იქ ქვა და იმ ქვის ქვეშ დებდნენ წერილებს, მაგრამ როცა რიონი ადიდდა, საფეხურიცა და "საიდუმლო ქვაც" დაფარა, მაშინ კოლაუს მეგობრის, ასევე "ცისფერყანწელის", შაჰრუხ ჩარკვიანის ქუდი გახდა მათი სანდო "საფოსტო ყუთი". შაჰრუხი ნორას ოჯახში სტუმრობდა, მოიხდიდა შლაპას, საკიდზე დაკიდებდა, მიეპარებოდა ნორა შაჰრუხის შლაპას, კოლაუს წერილს ამოიღებდა და საპასუხოდ თავისას ჩადებდა... "ჩემო სატრფოვ, ჩემო იმედო და სიცოცხლევ! მთელი ეს დღე და გასული ღამე თავად არ ვიცი, როგორ გავატარე. შენზე ფიქრი და შიში, რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენონ და არ გაგტანჯონ, მოსვენებას არ მაძლევს და ტვინს მიბურღავს... არ არსებობს ძალა, რომელიც შენს თავს მომაშორებს, გენაცვალე მე შენ ათასჯერ და სამუდამოდ. კ.ნ." კოლაუ ნადირაძე და ნორა საგატოვსკაია

ნორას მშობლებმა, ბოლოს და ბოლოს, გაიგეს, რომ კოლაუ და მათი გოგონა არ წყვეტდნენ საიდუმლო სასიყვარულო მიმოწერას და გადაწყვიტეს, გოგონა ბათუმში, ბიძაშვილთან "გაეხიზნათ". ნორამ ეს ამბავი მაშინვე აცნობა კოლაუს. ისიც ბათუმში გაემგზავრა, ნორას მახლობლად დაიქირავა ბინა და ახლა ბათუმში გაგრძელდა მათი საიდუმლო შეხვედრები. ერთხელ თეატრში დაუპატიჟებია ნორა ბიძაშვილთან ერთად და ნორას ბიძაშვილს კოლაუ "ამოუცვნია". ამ ამბავმა დააჩქარა მათი დაქორწინება - გაიპარნენ. მაგრამ ნორას მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გზა მოეჭრათ, ვარაუდობდნენ, ბათუმის მატარებელშივე მოძებნიდნენ, მაგრამ კოლაუმ აქაც გამონახა გამოსავალი: ეტლი დაიქირავა, მახინჯაურში წავიდნენ და ისე ავიდნენ მატარებელში. იქიდან სამტრედიაში საერთო ნაცნობის, ანიჩკა თოფურიას ეზოს მიადგნენ. ანიჩკას მათი ერთად დანახვა არც გაჰკვირვებია, უფიქრია, ეტყობა, კოლაუ ქუთაისში მიდის და გზად ნორაც გამოაყოლესო. ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით გამასპინძლებია წყვილს. ეს მოხდა 1939 წლის 28 ივლისს - კოლაუმ და ნორამ სამტრედიის მმაჩის ბიუროში მოაწერეს ხელი. იქიდან ხონში წავიდნენ... ხონში გატარებული დღეები განსაკუთრებით დაამახსოვრდა ქალბატონ ნორას. ერთი უცნაური ამბავიც მომიყვა: კოლაუ საუზმის მოსატანად გავიდა რესტორანში, მე ნომერში დამტოვა, კარი გარედან გაიკეტა, ვინმემ არ შეგაწუხოსო. გადის რამდენიმე წუთი და აშკარად ჩამესმის საალერსო სიტყვები, ჯერ დავიბენი, მეგონა, კოლაუ დაბრუნდა, ოთახი მოვათვალიერე და, როცა დავრწმუნდი, ოთახში არავინ იყო, შემეშინდა კიდეც. ამასობაში კოლაუ დაბრუნდა. ყველაფერი ვუამბე და ლამის ადგილზე გაშეშდა, სწორედ ამ სიტყვებს ვიმეორებდი, გადასასვლელზე რომ გადავდიოდიო!.. უცნაურია, მაგრამ... ეს (ვითომ უცნაური კი?) "წვდომა" პოეტის სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა.

- გუშინ მის არქივს ვათვალიერებდი და მისი ლექსი - "აფხაზეთში", ვიპოვე. იმ ღამით კოლაუ მესიზმრა - თავისი ოთახის (სამუშაო) კედელზე გაკრულ ამ ლექსის (ორ გვერდზე ნაბეჭდ) გაგრძელებაზე მითითებდა: აუცილებლად მოძებნე და იპოვიო! მართლაც, მეორე დღეს ძველ ხელნაწერებსა და წერილებში ლექსის ადრეული, უფრო ვრცელი ვარიანტი აღმოვაჩინეო, - მითხრა ქალბატონმა ნორამ.

პ.ს. კოლაუ ნადირაძეს და ნორა საგატოვსკაიას ერთი ვაჟი შეეძინათ - ნუგზარი. ქალბატონ ნინო ჩხიკვიშვილს კი ბატონი კოლაუს შვილიშვილის - ბაბუის სეხნია ნიკა ნადირაძის მეშვეობით დავუკავშირდი.

(სპეციალურად საიტისთვის)