"განსაკუთრებული ემოცია გვეუფლება, რადგან ჩვენი საყვარელი ბაბუა, ბოლოს და ბოლოს, უბრუნდება საკუთარ სამშობლოს" - კვირის პალიტრა

"განსაკუთრებული ემოცია გვეუფლება, რადგან ჩვენი საყვარელი ბაბუა, ბოლოს და ბოლოს, უბრუნდება საკუთარ სამშობლოს"

განსაკუთრებული ემოცია გვეუფლება შვილიშვილებს, რადგან ჩვენი საყვარელი ბაბუა, გიორგი კვინიტაძე, ბოლოს და ბოლოს, უბრუნდება საკუთარ სამშობლოს, მიწას,- ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა მერაბ ოდიშელიძემ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში გენერლის საფრანგეთიდან სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვინიტაძე მისთვის არის პატრიოტიზმის და სიმამაცის მაგალითი.

"სამშობლოდან 100 წლის წინ წასული საქართველოს ჯარის მხედართმთავარი ბრუნდება თავის ქვეყანაში. საფრანგეთში მისი ოთხი თაობა ვცხოვრობთ და ჩვენთვის ის იყო სიმამაცის და პატრიოტიზმის მაგალითი, მაგრამ ამავდროულად იყო მაგალითი სიძლიერის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იყო, საკუთარ თავს სხვაზე ძლიერად არასდროს თვლიდა. იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობის ქართველებისთვისაც ჩვენი ბაბუა, გენერალი გიორგი კვინიტაძე იქნება სიმამაცის, თავდადებისა და პატრიოტიზმის მაგალითი. მადლობა ყველას, ქართველ ერს, ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა მერაბ ოდიშელიძემ.

ჟურნალისტებთან გენერლის ღვაწლის შესახებ ისაუბრა კიდევ ერთმა შვილიშვილმა ნოდარ ოდიშელიძემ.

"ჩემთვის ეს არის უზარმაზარი ემოცია. მოგეხენებათ, მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე არამხოლოდ ოჯახისთვის წარმოადგენდა დიდ ღირებულებას, არამედ ის ეკუთვნოდა თავის ერს, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც ის იბრძოდა. არ შეიძლება, რომ ეს ემოცია არ დაგეუფლოს მის შთამომავალს, ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 100 წლის შედეგ ის უბრუნდება სამშობლოს. დღეს დადგა დღე, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ნატრობდა და სოცოცხლეში ვერ მოესწრო", - განაცხადა ნოდარ ოდიშელიძემ.