ფსიქიკური პანდემია
"ჩვენმა ბავშვებმა თამაშის უნარიც დაკარგეს, რაშიც მშობლებსაც მიუძღვით უდიდესი "წვლილი". ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რომ ბავშვის ტვინი სწორედ თამაშის დროს ვითარდება და არა - ინფორმაციების მექანიკური მიწოდებისას"
პანდემიის უარყოფით მხარეებზე უსასრულო საუბრის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს საზოგადოებას ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე შემაშფოთებელი - ონლაინგაკვეთილების მძიმე ფსიქოლოგიური შედეგები. ამის თაობაზე კვლევა არაერთ ქვეყანაში გამოქვეყნდა. დასკვნა მძიმეა: ონლაინგაკვეთილებით გამოწვეულმა ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა, შესაძლოა, კოვიდპანდემიის დასრულებისთანავე ბავშვებში ფსიქიკური პანდემია გამოიწვიოს. როგორ აისახება ჩვენს ბავშვებზე ონლაინგაკვეთილების მძიმე შედეგები? გვესაუბრება ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი.
- ონლაინგაკვეთილების მძიმე შედეგების შესახებ მართლაც არაერთი კვლევა გამოაქვეყნეს აშშ-მა, ჩინეთმა, ინდოეთმა და ევროპის არაერთმა ქვეყანამ. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ იმატა ბავშვების დეპრესიულობის, შფოთვითი აშლილობების, აპათიის გამოვლინების შემთხვევებმა. ჩვენი ბავშვებიც ისევე დაზარალდნენ ცხოვრების ვირტუალურ სივრცეში გადატანით, როგორც ყველა ბავშვი მსოფლიოში. რასაკვირველია, კომპიუტერებსა თუ გაჯეტებთან ურთიერთობის გამო სირთულეები ადრეც გვქონდა, მაგრამ არა - ამ მასშტაბის.
თუ პანდემიამდე სკოლა ზოგჯერ ბავშვების ცოცხალ სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაც კი იყო, ონლაინგაკვეთილებმა ეს შესაძლებლობაც ჩაკლა და მივიღეთ საათობით - 7-8 საათის განმავლობაში ეკრანებთან მსხდომი, არაბუნებრივი სამყაროთი დათრგუნვილი ბავშვები, რომელთაც თუნდაც უმოძრაობის გამო შესაძლოა მომავალში არაერთი პრობლემა შეექმნათ, მხედველობისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების ჩათვლით.
იმის მიუხედავად, რომ შეიძლება უმოძრაობა ფსიქიკურ პრობლემად არ განიხილებოდეს, ჯანმრთელი ფსიქიკისთვის აუცილებელია, ადამიანმა თავისი წილი აქტიურობა შეძლოს. მე 11-18 წლის ბავშვებთან ვმუშაობ და მათთანაც გამოიკვეთა ონლაინგაკვეთილებით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. ეს დაეტყოთ როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს.
- მშობლები, ძირითადად, რა პრობლემებს ამჩნევენ?
- პირველი ჩივილი ბავშვების აპათიურობაა - სიცოცხლის, ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა. ბავშვები ისე ჩაიძირნენ ვირტუალურ სივრცეში, რომ საერთოდ დაკარგეს ხალისი და ინტერესი რეალური სამყაროს მიმართ. ზოგიერთმა მშობელმა სცადა გარემომცველ სამყაროსთან შვილების კონტაქტი აღედგინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან მეგობართან წასული ბავშვები ხშირად ნირწამხდარნიც კი დაბრუნდნენ, რადგან მათ ერთად გართობა ვეღარ მოახერხეს - დაავიწყდათ, რა უნდა ექნათ კომპიუტერის გარეშე.
- ზოგიერთი ბავშვი ონლაინგაკვეთილებამდეც ასე იყო - მეგობართან მისულიც კი ტელეფონს იყო ჩაშტერებული და ცოცხალ თამაშს ვეღარ ახერხებდა. - იყო, მაგრამ ასე არა. სხვათა შორის, მოზარდობის ასაკში დეპრესიულობა სწორედ ამით ხასიათდება - ის არ ყვირის, არ ხმაურობს, მაგრამ სიცოცხლის ხალისს კარგავს. არადა, ამ ასაკში მთავარია თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ბავშვებს დაუცხრომელი სურვილი აქვთ, რომელიმე ე.წ. სასტავის წევრი იყვნენ, Aგამოკეტილობამ კი ყველა ეს მისწრაფება დათრგუნა. ზოგიერთ ბავშვს ონლაინგაკვეთილებმა შფოთვითი აშლილობაც განუვითარა. ერთ-ერთმა მშობელმა შემომჩივლა, რომ მისი შვილი მასწავლებლისთვის გასაგზავნ ტექსტს 16-ჯერ გადაწერდა ხოლმე. მითხრა, სულ ბოლოს ტექსტში სტრიქონებს შორის მანძილსაც კი მთელი ერთი საათის განმავლობაში ამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ გზავნის მასწავლებელთანო. 16-ჯერ ტექსტს ისინიც კი არ წერენ, ვინც სტატიებს სამეცნიერო ჟურნალებში გზავნის და რატომ უნდა გაეკეთებინა ეს ბავშვს? იმიტომ, რომ სახლში გამოკეტვისა და ონლაინგაკვეთილების გამო მას ცხოვრების კონტროლის ყველა სხვა ფუნქცია ხელიდან გაუსხლტა და ეს მექანიზმი ონლაინტექსტების საკონტროლოდ აამუშავა, რაც, თავისთავად, შფოთვითი აშლილობაა.
დღეს ბავშვები თავიანთი დეპრესიულობის შესახებ ხშირად თავადვე ლაპარაკობენ. როდესაც ერთ-ერთმა გოგონამ მითხრა, ეს იყო მაშინ, როდესაც ბედნიერი ვიყავიო და ჩავეკითხე, ეს როდის იყო-მეთქი, მიპასუხა, არ ვიცი, არ მახსოვსო. Aანუ მან თავის დაკარგულ ბედნიერებაზე მიმითითა, რაც ამ ასაკის ადამიანისგან ადვილი მოსასმენი არ არის. მეორე, 12 წლის ბავშვმა გამომიცხადა, ჩვენი თაობა სევდიანი თაობააო.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა სილაღეს გულისხმობს და ითვლება, რომ ბავშვი სირთულეებს ადვილად უმკლავდება, ონლაინსკოლაში გადანაცვლებამ ისინი დათრგუნა, დაღალა. კომპიუტერთან ჯდომისა და ინფორმაციის არაბუნებრივი გზით მიღების გამო ბევრ ბავშვს შუადღის შემდეგ არაქათი აღარ აქვს.
- არადა, ბევრი მშობელი ამბობს, რომ ონლაინგაკვეთილებზე ბავშვები მხოლოდ ერთობიან, არაფერს სწავლობენ.
- ეს ჩემთვისაც უთქვამთ, თანაც - ჩემივე მეგობრებს და როდესაც ვეკითხები, რა იგულისხმება ამ დროს თამაშში-მეთქი, მპასუხობენ, რომ ონლაინგაკვეთილის პარალელურად ბავშვები ტელეფონში მეგობრებს ეთამაშებიან, მაგრამ ეს ხომ ის თამაში არ არის, რაც ნორმალურია ბავშვებისთვის? ონლაინთამაშებს ხომ სიახლოვისა და თავგადასავლების განცდა არ მოაქვს?!
ონლაინ, ანუ არაბუნებრივი ურთიერთობისას ბავშვის ტვინი გაათმაგებულად და დამთრგუნველად მუშაობს, მათ ქანცი სძვრებათ. რატომ? იმიტომ რომ ვირტუალური ურთიერთობა ვერასოდეს იქცევა ბუნებრივად, ვერასოდეს შეცვლის ნამდვილ ცხოვრებას. ადამიანი ასეა შექმნილი - მისთვის ურთიერთობისას მთავარი სიტყვები კი არ არის, არამედ სხეულის, სახის ენა. მხოლოდ მიმიკებით, სხეულის ენით ინფორმაციის მიღების შემდეგ შემოდის ცნობიერებაში სიტყვები და რა მიმიკები უნდა აღიქვან ბავშვებმა, როდესაც ეკრანზე მასწავლებელსაც ვერ ხედავენ ხეირიანად?!
ბავშვებთან ერთად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მასწავლებლებიც, რომლებსაც მადლობასაც არ ვეუბნებით. მათი ცოცხალი ურთიერთობა მოზარდების ინდივიდუალიზმისა და უნარების წარმოჩენის საუკეთესო საშუალება იყო, ონლაინგაკვეთილებმა კი მასწავლებლებისთვის ბავშვები სტატისტიკად აქცია.
ამას წინათ მეგობრის ბავშვი მწერდა, მამაჩემს უთხარით, ონლაინგაკვეთილისას კარს უკან ნუ დგას და ნუ მამოწმებსო!A ანუ რა ხდება? მოზარდობის ასაკში ბავშვს განმარტოება და ფსიქოლოგიური ავტონომიის მოპოვება სურს. ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ამას ბავშვები სკოლაში მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ, ონლაინგაკვეთილებისას კი მათ ფსიქოლოგიური ავტონომიაც ხანგრძლივად დაკარგეს, რაც მძიმედ დააწვა მათ ფსიქიკას.
- ონლაინგაკვეთილებისას ჩვენი განათლების სისტემის ხარვეზებიც გამოჩნდა, როცა ბავშვებს უამრავ ინფორმაციას ვაწვდით, მაგრამ არ ვასწავლით ბედნიერების შეგრძნებას. სკოლებში გაქრა ხელოვნებისა და სპორტის სწავლების საჭიროება. - მეც ვფიქრობ, რომ ჩვენი განათლების სისტემა ზრდის მოსიარულე "გუგლებს", კომპიუტერებს ჩაჭიდებულ ცერბერებს, რომელთაც უამრავი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ "რუკა", რომლის მიხედვით ბედნიერებისკენ უნდა იარონ.
სპორტის თემა კი ჩვენში, კარგა ხანია, "ჯანდაბის" სახით არსებობს - ანუ თუ ვინმეს სპორტის რომელიმე სექციაზე დაჰყავს შვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს. ჯანმრთელობა აუცილებელია, მაგრამ სპორტიც და ხელოვნებაც საკუთარ სხეულთან, სულთან, საკუთარ სურვილებთან საუბარს უნდა ასწავლიდეს ბავშვებს. ისინი ამ სწავლებით უნდა გალაღდნენ, ჩვენთან კი მსგავსი არაფერი ხდება, მით უფრო - ონლაინგაკვეთილებისას. ადამიანისთვის საკუთარი სულის ხმის გაგონებაა იმის საფუძველი, რომ ამ არეულ სამყაროში ბედნიერება მოიპოვოს. არ არის საკმარისი, კარგად იცოდეს მხოლოდ ეკონომიკა ან იურისპრუდენცია. არაერთი ადამიანი მინახავს, რომელთაც, მშობლებისა თუ საკუთარი აზრით, თავბრუდამხვევი კარიერა აქვთ, მაგრამ ბედნიერები არ არიან. ამისთვის ჩვენი ბავშვები ცოდონი არიან. ძალიან ძნელია ასეთ სტრესებთან გამკლავება, მით უფრო, თუ საამისოდ გზებს არ ვასწავლით. ამ ეტაპზეც სწორედ ასე დგას საკითხი - რა ვქნათ ახლა, როდესაც ონლაინსისტემამ ჩვენი ბავშვები ასე დათრგუნა, წინ წამოვწიოთ მათი კარიერა და ამ ზაფხულს თავი გამოვუტენოთ მეცადინეობით, თუ ავირჩიოთ მათი ბედნიერება და ჯანმრთელობა და დროებით მაინც, ზაფხულში, მოვუხსნათ ყველა დატვირთვა, რაც სწავლებას ეხება? ხომ არ აჯობებს, რაც შეიძლება მეტი ვათამაშოთ, რომ ბედნიერების განცდა აღიდგინონ? სამწუხაროდ, ჩვენმა ბავშვებმა თამაშის უნარიც დაკარგეს, რაშიც მშობლებსაც მიუძღვით უდიდესი "წვლილი". ბევრი მშობელი ვერ ხვდება, რომ ბავშვის ტვინი სწორედ თამაშის დროს ვითარდება და არა - ინფორმაციების მექანიკური მიწოდებისას. მშობლებმა ბავშვებს დავიწყებული თამაშები უნდა ასწავლონ. ჩვენი ბავშვები ამ დამთრგუნველი სიტუაციიდან მაქსიმალური განტვირთვით უნდა გამოვიყვანოთ.
უახლესი კვლევები მაქვს ხელთ, ათამდე უცხოელი მკვლევრის მიერ შედგენილი, სადაც ნათქვამია, რომ ისეთი სტრესები, როგორიც ამჟამად ბავშვებს ცოცხალ სამყაროსთან მოწყვეტით განუვითარდათ, შფოთვით აშლილობას, აპათიას იწვევს, რაც ზრდასრულობისას შეიძლება ფსიქიკურ დაავადებად ჩამოყალიბდეს. ჩვენ შეგვიძლია ამას ხელი შევუშალოთ და ბავშვები ამ ზაფხულს მაინც მაქსიმალურად გადავიყვანოთ სხვა რელსებზე, ავარიდოთ ნებისმიერი სასკოლო დავალება, ენების, მათემატიკისა და ა.შ. სწავლა.
და არა მხოლოდ ეს - როგორც ფსიქოლოგი, მეც იმ პედიატრთა განგაშს ვუერთდები, რომლებიც ბავშვების სახლგარეთ გაყვანას დღეში მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში მაინც მოითხოვენ. თუკი ჩვენ შევძლებთ, ჩვენს შვილებს ისეთი პირობები შევუქმნათ, რომ ცოცხალ სამყაროსთან ხანგრძლივი მოწყვეტით მიღებული სტრესი შევუმსუბუქოთ და რეალურ ცხოვრებას დავუბრუნოთ, მერწმუნეთ, ისინი მომავალში წარმატებულებიც იქნებიან და ბედნიერებიც!