"კორონა" არ არის ხევსურეთშიო... ვის უნდა შეხვდეს, სულ დაცლილია სოფლები..." - კვირის პალიტრა

"კორონა" არ არის ხევსურეთშიო... ვის უნდა შეხვდეს, სულ დაცლილია სოფლები..."

"ხშირად პოეტობას მაბრალებენ. კი დამიწერია ლექსები, მაგრამ ეგეთ ლექსებს ხომ მთაში ყველა წერს"

"ალუდაურები ხახმატელები ვართ, სადაც ზაფხულობით თუ ადის ხუთიოდე ოჯახი. ზამთარში ხახმატსა და ბისოში არავინ რჩება. ივლისში, ათენგენობას და ხატობის დროს ავდივართ ხოლმე. ძნელია დაცლილი სოფლებისა და ნასახლარების ყურება. ამას წინათ აქა-იქ 1-2 კაცი დავინახე, კარტოფილს თესავდნენ. გული მომიკვდა", - გულისტკივილით გვეუბნება დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი, ფილოლოგი ბაბუა ალუდაური.

"წლებია სოფლები მუდმივ მცხოვრებს გამოემშვიდობა"

- 50-იანი წლების ბოლოს, ბისო-ხახმატს ერთი დაწყებითი სკოლა ჰქონდა, სადაც 24 მოსწავლე ვიყავით. დაახლოებით 30 წელია, იქ სკოლა აღარ არის. ხევსურეთში სულ 4 სკოლაა - შატილში, ბარისახოში, მაღაროსკარსა და შუაფხოში.

"კორონა" არ არის ხევსურეთშიო... ვის უნდა შეხვდეს, სულ დაცლილია სოფლები... ახალგაზრდები ბარად ჩამოვიდნენ და ნახეს, იქ უფრო იოლია ცხოვრება.

დღესდღეობით სოფელ გუდანამდეა ელექტროენერგია გაყვანილი. იქიდან ბისო-ხახმატამდე პირდაპირი ხაზია, დაახლოებით 3 კილომეტრი. არადა, რა უნდა იქამდე მიყვანას? კი არის მაღალმთიანი რეგიონების პროგრამა და ამის საფუძველზე პენსიებმა მოიმატა, მაგრამ იქ აღარავინაა დარჩენილი და ვის ემატება პენსია ან ხელფასი?

ერთადერთი, ბარისახოს სკოლაა და საზღვრის დაცვის სამსახური, სადაც არიან დასაქმებულები. ინფრასტრუქტურა, გზა და დენი თუ არ არის მოწესრიგებული, რომელ დაბრუნებაზეა ლაპარაკი?

სოფელ როშკაში ტურიზმის განვითარება შეიძლება, იქ როშკის ჭიუხების მასივია, აბუდელაურის ტბები და რამდენიმე ოჯახს საოჯახო სასტუმრო და კვების ობიექტებიც აქვს. იგივეა შატილსა და ჯუთაში. სხვა სოფლები მიტოვებული და ჩაბნელებულია. 1987 წელს დიდთოვლობა იყო ხახმატში, რამდენიმე სახლი დაანგრია, ბიძაჩემის სახლიც მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დავკარგეთ. ზვავმა ელექტრობოძები წამოიღო და მას მერე აღარც სინათლეა. ხალხსაც აუცრუვდა გული და წლებია ეს სოფლები მუდმივ მცხოვრებს გამოემშვიდობა...

ინგუშებისა და არხოტიონების საარაკო მეგობრობის ამბავი

- ორი წლის წინ დაიწყო კამპანია ამღის გადასარჩენად. ამღა ხევსურეთისთვის ნამუსის ქუდია. ის არის არხოტის სასაზღვრო სოფელი (ინგუშეთს ესაზღვრება). იქ 20 ძველი სახლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამღის გარდა, არხოტის ხეობაში დაგეგმილია ახიელის ციხის რეაბილიტაციაც.

არხოტიონისა და ინგუშების მეგობრობა ბევრ წელს ითვლის. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა დაჭრილი ხევსური ინგუშებს შეუფარებიათ და პირიქით. 1944-იან წლებში, ინგუშები შუა აზიაში გადაასახლეს და იქ არხოტიონები ჩაასახლეს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ინგუშები მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდნენ და ქართველებმა სახლები ულაპარაკოდ დაუცალეს, თითო-თითო წყვილი საქონელიც დაუტოვებიათ, რომ დაბრუნებულებს პირველი ხანები ცხოვრება არ გასჭირვებოდათ.

როცა ამღის აღდგენის ფონდმა ღონისძიება გამართა, ინგუშეთიდან მთელი დელეგაცია ჩამოვიდა. იქ ერთი სალოცავია - რკენა ჰქვია და როგორც რჯულიანთა, ისე ურჯულოთა სალოცავად ითვლება. რკენას გარდა, ასეთი სალოცავი სამია ხევსურეთში: ხახმატის წმინდა გიორგის ჯვარი და შატილში ანატორიის ჯვარი. ისინი ისეთი ძლიერი სალოცავები იყო, რომ ქისტები, ჩეჩნები და ინგუშები ერთად ლოცულობდნენ, მათ აქამდე შეინარჩუნეს ამ ხატებში მოსვლის ტრადიცია. ამღაში ყოფნის დროს ინგუშებმა საკლავიც დაკლეს, ღამეც ათიეს, ერთი ინგუში და არხოტიონი ნაროზაული ძმადაც გაიფიცნენ - ხუცესებმა შეასრულეს რიტუალი და ძმად გაფიცეს.

ინგუშები და არხოტიონები 2008 წლამდე, სანამ საზღვარი ჩაიკეტებოდა, ჩვეულებრივ მიმოდიოდნენ ერთმანეთში, არხოტიონებიც ჩადიოდნენ ინგუშეთში. იქ რამდენიმე უბანია, სადაც წიკლაურები, ოჩიაურები, ჯაბუშანურები ცხოვრობდნენ. ბევრი ქართველი იქაც დასაფლავდა. გაბრიელ ჯაბუშანურის ძმა, მზექალი, გაბრიელის მუზა ქალიც და ბევრი სხვა...

ინგუშები ქართველების საფლავებს, როგორც თავისას, ისე უვლიან. მათი გადასახლების წლებში არხოტიონებიც უვლიდნენ მათ საფლავებს.

"სამ მწვერვალს დავარქვით მათი სახელები"

- ყაზბეგსა და ხევსურეთში სამთო მარშრუტებზე დავდივართ და მწვერვალებს სახელებს ვარქმევთ. ეს მაშინაა შესაძლებელი, ადამიანის გარდაცვალებიდან 20 წელი თუა გასული. უხუცესი მთამსვლელი, 86 წლის შოთა მირიანაშვილი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის ხელმძღვანელი და მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტია. მისი თაოსნობით პირველად 1971 წელს მივიღე ალპინიადაში მონაწილეობა. მას მერე ბატონ შოთასთან ვარ.

ჩემი ინიციატივით, სამ დალაშქრულ მწვერვალს დაერქმევა სახელი. პირველს შოთა ნიშნიანიძის, რომელიც მაშინ 1 წლის გარდაცვლილი იყო და მისი სახელი დავარქვით გუდამაყრისა და ხევსურეთის გასაყარზე არსებულ ჭიუხების მასივის ერთ-ერთ მწვერვალს; მეორე გოდერძი ჩოხელისთვის შევარჩიეთ, ოღონდ მთა, რომელიც გუდამაყარსა და ყაზბეგს შორისაა, გამყოფი ქედია. იქიდან ორივე მხარე ჩანს, ხევსურეთიც და ხევიც, ანუ სნოს ხეობა. როცა გოდერძი ავად იყო, მოხევეები თავიანთ ოჯახებში აცხოვრებდნენ. გოდერძი მარსაგიშვილს თავისთან გადაჰყავდა და არავის აკარებდა მწერალს, ეუბნებოდა, თავი დაანებეთ, კაცმა უნდა წეროს, იმუშაოსო. მესამეა გაბრიელ ჯაბუშანურის სახელობის მწვერვალი, რომელიც არხოტში იყო დაბადებული, ინგუშეთში მასწავლებლობდა. ჭიმღის ჭიუხის მასივის ერთ მწვერვალს დავარქვით მისი სახელი. იმედია, მალე მათ სახელებს ოფიციალურად გავაფორმებთ.

ფოტოებით ნაამბობი გოდერძი ჩოხელის ცხოვრების გზა

- სტუდქალაქში გოდერძი ჩოხელთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემს სოფელში, ხახმატშია გადაღებული მისი "ადამიანთა სევდა". მსახიობების მთელი ჯგუფი გოდერძისთან ერთად ბიძაჩემის სახლში ცხოვრობდა. ამის მერე უფრო დავახლოვდით.

თვითონ სუფთას, ერთგულს და უღალატოს, ბევრმა უღალატა და გული ატკინა, ვისაც დახმარება შეეძლო, ყველამ მოიშორა. მას არაფერი უნდოდა, მხოლოდ იმის საშუალება ჰქონოდა, ფილმი გადაეღო. გოდერძი როგორიც გავიცანი, მას შემდეგ არ შეცვლილა, ისევ ისეთ უბრალო ბიჭად დარჩა, როგორიც ყმაწვილკაცობაში იყო.

სადაც დავდიოდი და რაიმე პეიზაჟს ვხედავდი, მახსენდებოდა ვაჟას "ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე, გულამღვრეული ჯავრითა", ასეთ ხევს რომ ნახავ, ხომ გაგახსენდება ეს სტრიქონები? ბევრი მასალა რომ დამიგროვდა, ვაჟასეული ადგილების ფოტოგამოფენა ჯერ დუშეთის სკოლებში, მერე კი სხვადასხვა ქალაქის სკოლებშიც გავაკეთე. მას შემდეგ, რაც საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში 2 წლით სამუშაოდ გადავედი, ილიასეული ადგილების ფოტოალბომის გაკეთებაც გადავწყვიტე. ხომ იცით, ილიაც რამდენ მთის ტოპონიმს ახსენებს... ბოლოს, კი მომინდა გოდერძის ფოტოალბომზე მემუშავა. ფოტოალბომში შესულია ყველა ადგილი, სადაც მას მოუწია ყოფნამ: ის კლდე, რომლის ძირშიც გოდერძი დაიბადა (დედა ერთი სოფლიდან მეორეში მიდიოდა და გზაში იმშობიარა), გოდერძის სახლი, სადაც ცხოვრობდა, დედის საფლავი, ტოპონიმები და ის სახელები, რომლებიც მის ნაწარმოებებშია ნახსენები. ზოგ ფოტოს თან მისი შესაბამისი ციტატა ახლავს. დაახლოებით 110 ტოპონიმია. ეს არის ფოტოებით ნაამბობი ადამიანის ცხოვრების გზა... ხშირად პოეტობას მაბრალებენ. რომელი პოეტი მე ვარ, კი დამიწერია ლექსები, მაგრამ ეგეთ ლექსებს ხომ მთაში ყველა წერს.

ხევსურეთის 360 მემატიანე

- ხევსურეთს მემატიანედ 360-მდე ციხესიმაგრე ჰყავს და აქედან 12-ს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს. უმეტესობა ისეთ ადგილას არის, მისვლა შეუძლებელია - არც სამანქანო გზაა და არც ბილიკი. ან რა გასაკვირია, როცა ათწლეულებია იქ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს...

უმეტესობა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულში აღდგენილია მუცო და ფუძნარის ეკლესია, რომლებიც განწირული გვეგონა.