მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონატები
"საოცარ ბედნიერებას განიჭებს ის, რომ საუკუნეების წინ შექმნილ ნივთს სიცოცხლე გაუხანგრძლივე და ისტორიას კიდევ დიდი ხნით შემოუნახე"
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი ხელოვნების ნიმუშთა უდიდესი საცავია. უძველესი ექსპონატების, ნაქარგობისა და ქსოვილებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაზე რესტავრატორები ზრუნავენ. რესტავრაციის პროცესის სირთულეებსა და ექსპონატების ისტორიულ მნიშვნელობაზე მანანა პაპიძესა და ეთერ სულხანიშვილს ვესაუბრეთ.
მანანა პაპიძე: - ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, მუზეუმში მუშაობა კი სტუდენტობიდანვე დავიწყე. განყოფილებაში მაშინ ცნობილი რესტავრატორი ნინო სვანიძე მუშაობდა.
მან აღადგინა XV საუკუნეში შექმნილი გიორგი VIII-ის "გარდამოხსნა" (ამბობენ, რომ 1612 წელს სიონის ტაძრიდან შაჰ-აბასს გაუტაცია და თავისი ცხენისთვის გადაუფარებია, დაკნინების მიზნით. ძალიან მალე ირანში შავი ჭირი გავრცელებულა და გაწყვეტილა ხალხი. შეშინებულ შაჰს "გარდამოხსნა" ისევ თავის ადგილას, სიონში დაუბრუნებია - ავტ.).
ეს არის ძალიან რთული, საინტერესო და ამავე დროს - საპასუხისმგებლო პროფესია, რადგან საქმე ეხება საეკლესიო ექსპონატებს, რომლებიც ბევრ სასულიერო პირს ნანახიც არ აქვს. მუზეუმში მხატვრული ქარგვის მრავალი ნიმუშია დაცული. მათ შორის არის კიდევ ერთი "გარდამოხსნა", რომელზეც მე ვიმუშავე. მისი ავტორი უცნობია და თარიღდება XVII საუკუნით. ეს არის სიმბოლური მნიშვნელობის ნივთი, იგივე არდაგი, რომელსაც საკურთხევლიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაბრძანებენ. იგი სიმბოლურად გამოხატავს იმ ტილოს, რომელშიც, ოთხივე სახარების თანახმად, ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე წარგრაგნა იოსებ არიმათიელმა. ამ "გარდამოხსნის" შესახებ არანაირი სხვა ცნობა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ბარაკონის მონასტრიდან იყო. ტილოს ქსოვილის ცენტრში ამოქარგული იყო არდაგზე დასვენებული მაცხოვრის ფიგურა, მის ირგვლივ თავისუფალი არე კი შევსებული იყო ჯვრის ფორმის ყვავილებით. შარავანდედი მოქარგული იყო ვერცხლმკედით, მაცხოვრის თმა და წვერ-ულვაში - ყავისფერი აბრეშუმის ძაფით. ფერხთით იოანე მახარებლის მოხრილი ფიგურაა, "გარდამოხსნის" ზედა ნაწილში კი გამოსახულია ორი ანგელოზი. ოთხივე კუთხეში, ტრადიციულად, მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებებია... რესტავრაციის შედეგად "გარდამოხსნა" უკვე სამუზეუმო ექსპონატია, რადგან საეკლესიო მსახურების დროს აღარ გამოაქვთ.
ეთერ სულხანიშვილი: - ხელოვნების მუზეუმში 1986 წლიდან ამ საქმეზე ვმუშაობ. მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც თავი დავანებე მხედველობის გაუარესების გამო. ნემსით მუშაობა რთული და ძალიან დამღლელია, მოხრილი ზიხარ და ერთ დეტალს რამდენიმე დღის განმავლობაში ამუშავებ.
განსაკუთრებულად პატარა ქისა მახსენდება. მას პეპლის ფორმა აქვს და გიორგი XII-ის თანამეცხედრემ, მარიამ დედოფალმა მოუქსოვა თავისი მეუღლის სულიერ მოძღვარს. გიორგი XII-ისა და ერეკლე II-ის სულიერი მოძღვარი გვარად სულხანიშვილი იყო და რადგან მეც სულხანიშვილი გახლავართ, ემოციური აღმოჩნდა ამ ნივთზე მუშაობა.
- თქვენ იმუშავეთ შეიდიშებზეც. ეს არის ქართველი ქალის სამოსის ერთი დეტალი.
- ეს სამოსი - გრძელი კაბა დამშვენებული სარტყლით, გულისპირითა და ჩიხტიკოპით, რომელიც გავრცელებული იყო XVIII-XIX საუკენეების საქართველოში, კომპლექტის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს თავსაბურავს, ზედა და ქვედა სამოსს. ქვედა სამოსი, ანუ საცვალი (პერანგი, პერანგის ამხანაგი - შეიდიში, ჩიხორა და ღამე ჩასაცმელი ზედატანი - კოფთა) საქართველოში ფერადი იცოდნენ, ამიტომაც მუზეუმში დაცული შეიდიშები, ძირითადად, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ალისფერი, შინდისფერი აბრეშუმის ქსოვილისგანაა. რაც შეეხება ტერმინს "შეიდიში", ეს სიტყვა თავდაპირველად ქსოვილის აღმნიშვნელი ყოფილა. ეს იყო სქელი და მტკიცე ქსოვილი და შეკვრისას ხშირ ნაოჭს ისხამდა, რაც კაბის ქვედატანის ლამაზად დგომას უწყობდა ხელს.
ქალს ცხენზე ჯდომისას აუცილებლად უნდა სცმოდა, რათა დაზღვეული ყოფილიყო ქვედა საცვლის გამოჩენისგან. თუმცა შეიდიშის ბოლოების გამოჩენა სირცხვილად არ ითვლებოდა, ტოტებს არ მალავდნენ, განსაკუთრებით კი გასათხოვარი ქალები. კაბის კალთებს ზედმეტად იწევდნენ მაღლა, რადგან ტოტების ბოლოები დაქარგული იყო ოქრომკედით და მისი გამოჩენით მნახველს აჩვენებდნენ, რამდენად კარგი ხელსაქმე იცოდნენ. დიდებული ქალბატონები ინტენსიურად ხმარობდნენ მას (და არა მარტო ისინი, გლეხი ქალის ჩაცმულობის აუცილებელი დეტალიც იყო), რაზეც მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი კოლექციაც მიუთითებს. ამ კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატია დედოფალ დარეჯანის, ერეკლე II-ის მეუღლის შეიდიშიც...
დამღლელია, ერთსა და იმავე ექსპონატზე 5-6 წელი რომ მუშაობ. ნინო სვანიძე რვა წელი მუშაობდა "გარდამოხსნაზე". ეს რომ შეძლო, ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე. თუმცა საოცარ ბედნიერებას განიჭებს ის, რომ საუკუნეების წინ შექმნილ ნივთს სიცოცხლე გაუხანგრძლივე და ისტორიას კიდევ დიდი ხნით შემოუნახე.
ნინო ჯავახიშვილი