"ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას, შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას" - კვირის პალიტრა

"ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას, შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას"

ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას, შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას და აგრძნობინებს ამ ადამიანებს პასუხისმგებლობას იმ სკამებზე, რომელზეც ახლა ასე კომფორტულად არიან მოთავსებულები, - ასე მიმართა „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

მისი განცხადებით, შესაძლოა, პროტესტი გაგრძელდეს.

"აქ არის სწორედ ჩვენი ძალა, როცა ვაცნობიერებთ იმას, რომ დღევანდელ დღეს აქ უნდა ვიდგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, აქ დგომა მოცემულ დროსა და ადგილზე. ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი, შესაძლოა პროცესები უცებ ვერ გადაწყდეს, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც მართულია ნაწილობრივ ემოციებით, მაგრამ ამას წინ უძღვის სტრატეგია, დაგეგმვა, მთელი ეს დაგეგმვითი ნაწილი აისახება სწორედ დღევანდელ დღეზე იმიტომ, რომ ეს არის პროტესტი, რომელიც 209 დღის წინ არ არსებობდა.

დღეს არის მრავალათასიანი პროტესტი იმიტომ,რომ არის გულწრფელი და პირველ რიგში, სამართლიანი. ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემები გადაჭრას. დღის წესრიგში დადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და არსებობის საკითხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვემართება ასეთი რამ, ამა თუ იმ პარტიას ვაძლევთ ხოლმე ძალაუფლებას, შემდეგ კაცი აღარ ჩანს, ვინც გააკონტროლებს ამ გადაცემულ ძალაუფლებას და აგრძნობინებს ამ ადამიანებს პასუხისმგებლობას იმ სკამებზე, რომელზეც ახლა ასე კომფორტულად არიან მოთავსებულები. ჩვენ ამას ვადევნებთ თვალს და გამწარებული ვართ ყველა, მაგრამ თითქოს ზემოქმედების ბერკეტი და მექანიზმი ხელთ არ გვიპყრია, ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა, რომ ამას ასე მივიჩნევთ. რა არის ზემოქმედების ბერკეტი, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი სიმრავლე და პასუხისმგებლობის შექმნა",-განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ.

"ინტერპრესნიუსი"