"ღამის ცვლაში ყოფნისას, ბეტონის სველ იატაკზე ვიძინებდი, რადგან საწოლი აიღეს, ლეიბი და საბანიც წამართვეს" - რას ჰყვებოდა მეტროპოლიტენის ყოფილი მემანქანე... - კვირის პალიტრა

"ღამის ცვლაში ყოფნისას, ბეტონის სველ იატაკზე ვიძინებდი, რადგან საწოლი აიღეს, ლეიბი და საბანიც წამართვეს" - რას ჰყვებოდა მეტროპოლიტენის ყოფილი მემანქანე...

"კვირის პალიტრის" არქივიდან

46 წლის იოსებ ციცქიშვილი მეორე ჯგუფის შშმ პირია. წლებია, მძიმე დაავადებას ებრძვის. საუბრისას მითხრა, სტანდარტულ ცხოვრებას მაინც ვერ ვეგუები, მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან დინებას, მე კი მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მივცურავ, ბრძოლისთვის ვარ გაჩენილიო.

კარგა ხანს ვისაუბრეთ. ადარდებს და აწუხებს საქართველოს დღევანდელობა და მომავალი. წუხს, ამდენი ახალგაზრდა რომ ტოვებს ქვეყანას, აქაურობას ვინღა უპატრონებსო?..

იოსებ ციცქიშვილი:

- მეტროპოლიტენის ყოფილი მემანქანე ვარ. ეს ერთ-ერთი რთული პროფესიაა. გარდა იმისა, რომ მგზავრთა უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი, ცხოვრების უმეტეს დროს მიწის ქვეშ, შახტაში ატარებ. ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობა, წნევის ცვალებადობა ჯანმრთელობას ვნებს, რკინის, ტყვიის მტვერი და სხვა მავნე ნივთიერებები იქ მომუშავეთა ფილტვებში ილექება, მხედველობაც გიუარესდება. რაც უნდა ჯანმრთელი იყო, ეს პროფესია თავის დაღს მაინც გასვამს. საწარმოო ტრავმა მივიღე წლების წინ. საბჭოთა კავშირის დროს, 12-წელიწადნახევრიანი უწყვეტი სტაჟის შემდეგ უკვე შეგეძლო პენსიაში გასვლა, დღეს კი ჩვენი ბიჭები სიბერემდე მუშაობენ, რომ ოჯახები არჩინონ. ვინც ვშრომობთ, სწორედ ისინი ვართ დაზარალებულები და არავის ვახსოვართ. ვინ ფიქრობს მშრომელ ადამიანებზე?.. წლების წინ მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება შეიქმნა, მისი დამფუძნებელი ვარ. ხომ გითხარით, რამდენად მძიმე გარემოში, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ვმუშაობთ მემანქანეები, 2006-დან 2011 წლამდე კი განსაკუთრებულად რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა: გაგვიუქმეს შეღავათები, უქმე დღეები შეგვიმცირეს, ხელფასები დაგვაკლეს; ვინც პროტესტს გამოხატავდა, ის მიუღებელი ხდებოდა იმდროინდელი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის.

8 თვის განმავლობაში, ღამის ცვლაში ყოფნისას, ბეტონის სველ იატაკზე ვიძინებდი, რადგან საწოლი აიღეს, ლეიბი და საბანიც წამართვეს. ამან კიდევ უფრო გააუარესა ჩემი მდგომარეობა. გამოდის, რომ ჩემს ამგვარ დასჯას პოლიტიკური მიზეზიც ედო საფუძვლად, რადგან მათ გადაწყვეტილებებს არ ვემორჩილებოდი. 2008 წელს სამკერვალო ფაბრიკაში მიმავალს ავტომანქანა დამეჯახა. სამსახურის ფორმების წამოსაღებად გამგზავნეს. ხერხემალი დამიზიანდა და იმის ნაცვლად, რომ კომპანიას პასუხისმგებლობა ეგრძნო და მოვეკითხე მაინც ან რაიმე ფორმით დამხმარებოდა, უფრო მიუღებელი გავხდი მათთვის. მერე 2011-ში კვლავ მივიღე საწარმოო დაზიანება, თავში მძიმე საგანი დამეცა, მაგრამ როგორც კი შევძელი, იძულებული გავხდი, სამსახურს დავბრუნებოდი - ცოლ-შვილი მყავდა და პასუხისმგებელი ვიყავი მათ წინაშე. ამ დროს უკვე ხელჯოხით დავდიოდი. უკვე რამდენიმე წელია, გაუსაძლისი მდგომარეობა მაქვს, ყოველ წუთს სიკვდილს ვუყურებ თვალებში და ვებრძვი. საწოლს მივეჯაჭვე, დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შემიძლია, თუმცა სოციალურად მაინც აქტიური ვარ. მე სხვისი დამხმარე ვიყავი, სხვის უფლებებს ვიცავდი ყოველთვის და საბოლოოდ კი, აი, ასე მოხდა.

- რა დიაგნოზი გაქვთ?

- ლიმფოსტაზი - ეს არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება. შეგუბების ადგილას სხეული შუპდება, კიდურები დიდდება, დეფორმირდება, ჩნდება ნაკეცები... ამის გარდა, სხვა არაერთი ქრონიკული დაავადებაც მაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ყოველ დღეს ვიწყებ მადლობით, რომ ღმერთმა დილა გამითენა. არ მინდა, ვინმეს ჩემი წუწუნით თავი მოვაბეზრო, სხვას ყოველთვის იმედს ვაძლევ. რომ ვიწუწუნო, თქვენ რამეს მიშველით?.. შვილებს ვეხუმრები, ვეთამაშები, ხალისიანად ვარ, ვამხნევებ, - მამა თქვენთანაა, ყოჩაღად უნდა იყოთ, ცოცხალი ვარ და ნურაფრის გეშინიათ-მეთქი. მე მგონია, ეს არის ადამიანობა და არა მხოლოდ "მე"-ს ძახილი... ძალიან ვბრაზდები, მუდმივად ხელი რომ აქვთ გაშვერილი და სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას. კი, მაგრამ თვითონ რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის, ვის დაეხმარე, რა გაიღე იმის საფასურად, რომ გაჩნდი და სუნთქავ? უკანმოუხედავად გარბიან აქედან, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ თუ არ მოვუარეთ, სხვა ვერავინ მიხედავს და უპატრონებს! აი, ასეთ მდგომარეობაში მყოფიც კი ვიბრძვი, არ შემიძლია სხვისი ხელის შემყურე ვიყო. არც ის მესმის, როგორ უნდა ეამაყებოდეს მთავრობას, ამდენი სოციალურად დაუცველი რომ ჰყავს. სოციალურ დახმარებაზე "ჩამოკიდეს" მთელი ერი და ადამიანებს ღირსება წაართვეს. ყველაზე მეტად ქართველს რცხვენოდა მათხოვრობის, ახლა კი გამათხოვრებულია ხალხი. ვიცი, ბევრი იმის გამო არ მუშაობს, დახმარება რომ არ მოუხსნან. თუ ღირსებას წამართმევენ, საჭმელი რად მინდა?! თუ შრომა არ გეზარება, სამუშაოს ნახავ. სატრანსპორტო კომპანიის სათავო ოფისში დასუფთავების მიმართულება მაბარია. ხუთი ქალბატონია დასაქმებული ჩემთან, დიპლომიც აქვს ზოგს, მაგრამ დამლაგებლად მუშაობს. მათ ყველაზე მეტ პატივს ვცემ, რადგან შრომას არ თაკილობენ. შიშველი დაგბადა ღმერთმა და რატომ ელოდები, ვინმემ წყალობა მოიღოს, ჩაგაცვას და გაჭამოს? ვიდრე ცოცხალი ხარ, ღირსეულად უნდა იცხოვრო...

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.

- 2004 წელს დავოჯახდი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური და ვხუმრობ ხოლმე, - რაც მიწის ქვემოთ მოვხვდი, მას მერე ვიპოვე მიწის ზედა ბედნიერება-მეთქი. მე და ჩემი მეუღლე ერთი რაიონიდან ვართ, ხაშურიდან, ამჟამად თბილისში ვცხოვრობთ. გვყავს 2 შვილი, 15 წლის ვაჟი და 13 წლის გოგონა.

- თურმე ლექსებს წერთ და რამდენიმე კრებულიც გაქვთ გამოცემული. საუბრის დასასრულს თქვენი ერთი ლექსიც წაგვიკითხეთ.

- ბავშვობიდან დავიწყე წერა, თუმცა ხმამაღალი ნათქვამია ჩემზე, პოეტიაო. რამდენიმე კრებული გამოვეცი, ახლაც ვამზადებ ერთს. ვცდილობ, ჩემი კვალი დავტოვო, შვილებმა რომ იამაყონ და თქვან, მამა არასოდეს არ გვარცხვენდაო. ფიქრი უნდა უყვარდეს ადამიანს, ბევრი რამ უნდა დააფასოს და ბევრიც - გადააფასოს. მორწმუნე ვარ და მომხდარის მიუხედავად, ღმერთის სამდურავი არასდროს წამომცდენია. ამიტომაც ტკივილებზე კი არა, უფრო მეტად ადამიანობაზე, რწმენაზე, გაზაფხულზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე ვწერ...

პ.ს. საუბარი ამ ლექსით დავასრულეთ: "გაზაფხული დადგაო,/ მზე ულოცავს ყვავილებს,/ ვინც პირველი ადგაო,/ ადრე დაიყვავილებს./ ნუ გაშინებთ ქარი და/ მისი ცივი ალები/ მშვიდობა ხომ გისურვეთ,/ წავალ, დავიმალები./ მზეო, გამოანათე,/ შევძლოთ ფეხზე ადგომა/ უშენოდ რა ფასი აქვს/ გაზაფხულის დადგომას./ დილა რომ მოგვილოცე/ და გაზაფხულს გვპირდები,/ ეგ ღრუბელი გაიძრე,/ შენ გაზაფხულს სჭირდები".

შევთანხმდით, რომ ფოტოებსაც გამომიგზავნიდა, მაგრამ მისმა მეგობარმა მომწერა, იოსები აღდგომის მეორე დღეს გარდაიცვალაო...

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"