სუბსიდია - ვისთვის "დედა", ვისთვის "დედინაცვალი"
"მოსახლეობის დაკვეთა იყო, რომ პურის ფასი არ გაზრდილიყო და სახელმწიფომაც ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდირების გზა გამონახა... აბსოლუტურად სწორია, როცა პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ გაუძვირდათ ინგრედიენტები და ხარჯი გაეზარდათ, მაგრამ ფქვილის ფასის შემცირებაზე ამ ტვირთის დაკისრება არასწორად მიმაჩნია"
პური შესაძლოა კიდევ გაძვირდეს, ამის მიზეზად კი პურის მწარმოებლები ცხობისთვის საჭირო ინგრედიენტების, მათ შორის ზეთის, მარილის, საფუვრისა და ენერგორესურსების გაძვირებას ასახელებენ. გარდა ამისა, კორონავირუსის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა უფრო გაზარდა ყოველდღიური დანახარჯი, მათ შორის პურის შეფუთვის ვალდებულების. პურის მწარმოებლების თქმით, ფქვილის სუბსიდიის პროგრამით განსაზღვრული ფასი - 53 ლარი ტომარაზე დღეს საკმარისი აღარ არის პურის არსებული ფასების შესანარჩუნებლად და ხორბალზე მსოფლიო ფასების ვარდნის გამო წისქვილკომბინატებს სთხოვენ ფქვილის სუბსიდირებული ფასი უფრო შეამცირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პურის 10-15 თეთრით გაძვირება მოუწევთ.
"ფქვილის მწარმოებლებზე მეტად სუბსიდია მეპურეებს სჭირდებათ"
მალხაზ დოლიძე, პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე:
- ითქვა, რომ სუბსიდიის პირობებში პური არ გაძვირდება, ამაზე საქმიანადაც შევთანხმდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტყვა შევასრულოთ კიდეც, მაგრამ გვინდა ვისაუბროთ პურის მწარმოებლების მძიმე მდგომარეობაზეც და სახელმწიფოსთან ერთად გამოსავალი ვიპოვოთ. არ ვამბობთ, რომ დღეს-ხვალ პურს გავაძვირებთ, მაგრამ ვსვამთ საკითხს - ამ პირობებში პურის წარმოება რომ გადარჩეს, ან პურის ფასი უნდა გავზარდოთ, ან ფქვილის ფასი უნდა შემცირდეს. მეექვსე თვეა, ფქვილის ფასი სახელმწიფოს სუბსიდირებულია. ექვსი თვის წინ 1 ტომარა ფქვილის ფასი ჩვენთვის მისაღები იყო და პურის ფასის შენარჩუნება შესაძლებელი გახლდათ, მაგრამ 6 თვეში შეიცვალა ენერგომატარებლების ტარიფები, საფუვრის, მარილისა და ზეთის ფასი, ძალიან გაუჭირდა დისტრიბუციას, რადგან მოგეხსენებათ, საწვავის ფასმა საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამ ყველაფერმა კი ზეწოლა მოახდინა პურის ფასზე. ამიტომ მთელი რიგი მიზეზების გათვალისწინებით ვითხოვთ, რომ სუბსიდირებული ფქვილის ფასი პურის მწარმოებლებისთვის ტომარაზე 53-დან 50 ლარამდე შემცირდეს. მოგეხსენებათ, სუბსიდიის თანხა ტომარა ფქვილზე იმის მიხედვით იზრდებოდა, თუ როგორ იცვლებოდა ხორბალზე მსოფლიო ფასები. სუბსიდია ჯერ 10 ლარი იყო ტომარა ფქვილზე, შემდეგ 15-მდე გაიზარდა და ბოლო, ანუ მიმდინარე ეტაპზე, 20 ლარი გახდა. არადა, დღეს ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირებულია და ადგილობრივ ბაზარზეც ფქვილის საბაზრო ფასი 68-დან 60 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სუბსიდირებული ფქვილის ფასი უნდა შემცირდეს, რაც ჩვენ სხვა ინგრედიენტების გაძვირებით გაზრდილი ხარჯების კომპენსირების შესაძლებლობას მოგვცემს, ან სუბსიდიით გათვალისწინებული იმ 20 ლარიდან თუნდაც მცირედი თანხა პურის სუბსიდირებისკენაც მიმართოს სახელმწიფომ, რათა ჩვენც გვქონდეს ამოსუნთქვის შესაძლებლობა.
პურის მწარმოებლები პირისპირ ვდგავართ მოსახლეობასთან, ამიტომ პურის გაძვირებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენ გვეკისრება, მაგრამ ამ პირობებში უკვე ძალიან გვიჭირს ფასების შენარჩუნება.
სტანდარტით არ არის გათვალისწინებული პურის შეფუთვის ვალდებულება, მაგრამ გამომდინარე პანდემიური ვითარებიდან, დღეს თითქმის ყველა პური იფუთება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარჯები. ლარის გაუფასურების გამო შესაფუთი მასალაც თითქმის 50%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, საფუარზე, რომელსაც პურის წარმოებაში ვიყენებთ, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა მსოფლიოში, რადგან მას ინტენსიურად იყენებენ ვაქცინის წარმოებაში და ამ გაზრდილმა მოთხოვნამ მასზე ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.
თუ ფქვილის ფასი 50 ლარამდე შემცირდება, მაშინ ჩვენ შევძლებთ სხვა მხრივ გაზრდილი ხარჯების დაბალანსებას, შევძლებთ ჩავეტიოთ ხარჯებში და პურის ფასის მატებაზე საუბარი არ იქნება.
თუ პურის ფქვილის სუბსიდირებული ფასი არ შემცირდება 50 ლარამდე, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ პურზე ფასის 10-15 თეთრით გაზრდა დასჭირდება წარმოებას, რათა თავი გადაირჩინოს და სტაბილურად იმუშაოს.
დღეს პურის ფასის შენარჩუნების მთელი ტვირთი სწორედ პურის მწარმოებლების ზურგზე გადადის, ამიტომ სახელმწიფომ სამართლიანად უნდა გადაანაწილოს სუბსიდია, მით უფრო, როცა თვალსაჩინოა, რომ ფქვილის მწარმოებლებზე მეტად ეს სუბსიდია ახლა მეპურეებს სჭირდებათ. ამასთან, ახლა ხორბლის მოსავლის აღების პერიოდი იწყება, ძველი მოსავლისგან თავისუფლდებიან ხორბლის მწარმოებელი ქვეყნები, რაც ფასის შემცირებას იწვევს და შესაძლოა სულ არ გახდეს საჭირო ქვეყანაში ფქვილის ფასის სუბსიდირება. რაკი გრძელდება სუბსიდირება, მაშინ საბაზრო ფასებსაც უნდა პასუხობდეს და მიჰყვებოდეს შემცირების ტენდენციას. შესაბამისად, სუბსიდია იგივეა, რაც ორი-სამი თვის წინ იყო, ფასი კი ისევ 53-ლარიან ნიშნულზეა გაყინული, მაშინ როცა საბაზრო ფასები ქვემოთ მიდის, ლეგიტიმურია ჩვენი მოთხოვნა, რომ სუბსიდირებული ფასის 3 ლარით შემცირება მაინც მოვითხოვოთ. ეს ჩვენ დიდ შეღავათს მოგვცემდა და პურის გაძვირებას აგვაცილებდა თავიდან.
"1-ლი ივლისიდან ახალი მოსავლის აღების დროს კვლავ მოხდება ფასების კორექტირება"
ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
- სუბსიდირების პროგრამა გულისხმობს წისქვილკომბინატებიდან პურის ქარხნებისთვის ტომარა ფქვილის მიწოდებას 53 ლარად, 1-ლ ივლისამდე, ანუ პროგრამის ამოწურვამდე ამას ჩვენ შევასრულებთ. ეს არის ტენდერის პირობებით განსაზღვრული საკითხები და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ პური ამ პერიოდში არ გაძვირდეს.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 53 ლარი ტომარა ფქვილზე ზედა საფასო ზღვარია. მაშინ როცა ხორბალი მსოფლიო ბირჟებზე იაფდება და ადგილობრივ ბაზარზეც იკლებს არასუბსიდირებული ფქვილის ფასი, ხოლო სახელმწიფო სუბსიდია ისევ 20 ლარია ტომარაზე, არ არის შესაძლებელი უფრო ხელსაყრელ ფასად შესთავაზოთ პურის მწარმოებლებს ფქვილი? - დღეს ფქვილის საბაზრო ფასი ტომარაზე 60 ლარია, ხოლო ჩვენი სამიზნე ფასი სუბსიდირებით 53 ლარი. თუ ამას საბაზრო ფასი ჩამოსცდებოდა, მაშინ იყო შესაძლებელი ამ შეკითხვის დასმა. მსოფლიო მოსავლის პროგნოზი საკმაოდ კარგია, აქედან გამომდინარე, მსოფლიოში ხორბლის გაიაფების ტენდენციაა და სახეზეა შედეგი - ტომარა ფქვილზე ფასი 68-დან ჩამოსულია 63 ლარამდე. ველოდებით, რომ 1-ლი ივლისიდან ახალი მოსავლის აღების დროს კვლავ მოხდება ფასების კორექტირება. ჩვენთან ასამდე მცირე, საშუალო და დიდი წისქვილკომბინატი მუშაობს. დღეს საქართველოში ხორბლის 123 შემომტანია და ფასი სწორედ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე რეგულირდება. დღეს ფქვილის ფასი 60 ლარზე ქვემოთ არ ჩამოსულა. შესაძლებელია დაიკლოს და სულაც აღარ გახდეს საჭირო სუბსიდირება. გულწრფელად გეტყვით,
წისქვილკომბინატების სუბსიდირება არ გვჭირდებოდა და არც გვჭირდება, მაგრამ იმის გამო, რომ პროგრამის მონაწილე 8 წისქვილის ადმინისტრირება უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე პურის 70-მდე ქარხნის ან 2000-მდე მწარმოებლის, ამიტომაც გადაწყდა ფქვილის ფასის სუბსიდირება.
ერთი საკითხიც: წისქვილი სუბსიდირებას რომ იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ აქედან რამე დივიდენდი აქვს. ჰიპოთეზურად, თუ ჩვენ ტომარა ფქვილი 52 ლარი გვიჯდება და 53 ლარად ვყიდით, ან 67 ლარი თუ გვიჯდება და 68 ლარად ვყიდით, მოგება ასეც და ისეც მაინც 1 ლარია.
სუბსიდირება გამოყენებულია მომხმარებლისთვის, რათა მას არ გაეზარდოს პურის საბოლოო ფასი და არა წისქვილკომბინატისთვის.
- როცა ტომარა ფქვილი 68 ლარი ღირდა, სახელმწიფო სუბსიდიის სახით 20 ლარს გიხდიდათ და ახლაც, როცა 60 ლარამდე ჩამოვიდა ფასი, კვლავაც 20 ლარს გიხდით ბიუჯეტიდან... - 1-ლი იანვრიდან შემოვიდა დღგ-ის გადახდის ახალი წესი, რომელიც სუბსიდირებასაც ბეგრავს. შესაბამისად, სუბსიდიის თანხას დღგ-ს თუ გამოვაკლებთ, გამოდის, ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია არა 20, არამედ 15 ლარია. შესაბამისად, 68 ლარს თუ სუბსიდირებულ თანხას გამოვაკლებთ, გამოდის სწორედ 53 ლარი, რასაც დღეს პურის მწარმოებლები ტომარა ფქვილში იხდიან.
- კი მაგრამ, ახლა ხომ 60 ლარამდეა შემცირებული ტომარა ფქვილის საბაზრო ფასი და შესაბამისად, 15 ლარს თუ გამოვაკლებთ, 45 ლარი გამოდის, წისქვილკომბინატები კი პურის მწარმოებლებს ისევ 53 ლარად აწვდიან ტომარა ფქვილს. - ფასი რომ გაზრდილიყო, რისკი ხომ წისქვილკომბინატებს უნდა გაეწიათ(?). ტენდერის პირობებით განსაზღვრულია ტომარა ფქვილის ფასად 53 ლარი. გარდა ამისა, მაშინ, როცა სუბსიდირება 10 ლარი იყო, ხორბლის ფასი ისე გაიზარდა და დოლარიც გაძვირდა, რომ ბევრი წისქვილკომბინატი ზარალზეც კი მუშაობდა.
- ფაქტია, სახელმწიფო სუბსიდირება იყო X თანხა, ამის შემდეგ მსოფლიო ფასებმა ქვემოთ ჩამოსვლა დაიწყო და სახელმწიფო სუბსიდია ისევ იმ მაღალ ნიშნულზე დარჩა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფქვილის მწარმოებლებს ამ პირობებში მოგების მარჟა გაეზარდათ, პურის მწარმოებლებს კი პირიქით, შეუმცირდათ? - არა, ამის თქმა არ შეიძლება! ისევე როგორც აღმავალი ფასის პირობებში ვცდილობდით საშუალო ფასი შეგვენარჩუნებინა და ერთბაშად არ გაგვეძვირებინა, ასევე ვიქცევით ფასის ვარდნის შემთხვევაში და ფქვილის ფასი საშუალო შეწონილი ფასებით მოდის ქვემოთ ნელ-ნელა. როცა ძვირად გაქვს ნაყიდი ხორბალი და დასაწყობებული, იმის გამო, რომ დღეს მსოფლიო ფასი დაეცა, ვერ მიჰყვები მყისვე ამ ტენდენციას. ტენდერით არის განსაზღვრული სუბსიდირების პროგრამის ვადები, სამიზნე ფასი და ეს სრულდება. ერთი თვის წინ რომ მაღალ ფასად შეიძინა ხორბალი და ჩაეტია სამიზნე ფასში, ახლა რა უყოს იმ ხორბალს? ჩვენ სუბსიდირება არ გვჭირდება და მომხრე ვართ გადაიტანონ პურში.
ზოგადადაც არ ვემხრობით სუბსიდირებას, მაგრამ ეს იყო მოსახლეობის დაკვეთა, რომ პურის ფასი არ უნდა გაზრდილიყო და სახელმწიფომაც ეს გზა გამონახა ფასის შესანარჩუნებლად. სხვათა შორის, ჯარიმებიც არის ჩადებული სატენდერო პირობებში - ფქვილი 53 ლარად რომ არ მივაწოდოთ, ჯარიმა 50 ათასი ლარია. აბსოლუტურად სწორია, როცა პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ გაუძვირდათ ინგრედიენტები და ხარჯი გაეზარდათ, მაგრამ ფქვილის ფასის შემცირებაზე ამ ტვირთის დაკისრება არასწორად მიმაჩნია.
P.S. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. ამ ეტაპზე თანხის ნაწილი, დაახლოებით 8 მილიონია ათვისებული. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა ხალხის ფული რაციონალურად დახარჯოს ან ახსნას, რატომ იხდის ერთ ტომარა ფქვილში იმდენივეს, რამდენსაც გაიაფებამდე უხდიდა წისქვილკომბინატებს. ხელისუფლების მოვალეობაა, განსაკუთრებით კი მძიმე ეკონომიკურ პირობებში, მოსახლეობაზე, მის სოციალურად ყველაზე მოწყვლად ფენაზე ზრუნვა, მაგრამ არა რომელიმე ერთი ბიზნესის დაჩაგვრისა და მეორისთვის სასათბურე პირობების ხელშეწყობის ხარჯზე.