"ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება გააჩნდეს" - კვირის პალიტრა

"ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება გააჩნდეს"

"ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება გააჩნდეს", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საკითხების გადასაწყვეტად, დიალოგი და არგუმენტების მოსმენაა საჭირო. სარჯველაძის განცხადებით, თუ დიალოგი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდება, პროტესტს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, ის მართლზომიერად უნდა განხორციელდეს.

"რიტორიკულად უნდა დაისვას კითხვა - 12 საათამდე რა უნდა მოხდეს?! მაგალითად, მშენებლობის შეწყვეტა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, საკმარისი წინაპირობა იყოს ულტიმატუმების დაყენებისთვის მომიტინგეთა მხრიდან. ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი კონსტრუქციული დამოკიდებულება სჭირდება ყველა მხარეს, რომელსაც ევალება, გაუფრთხილდეს და პატივი სცეს ერთმანეთის პოზიციას, რომელიც არსებობს ჰესის მშენებლობაზე. ასევე ვალდებული ვართ, კონტრარგუმენტები მოვისმინოთ და საამისოდ ყველა წინაპირობა შექმნილია. წინასწარ ულტიმატუმების დაყენება სწორი არ მგონია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ნების გამოსახატად დრო 12 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დედაქალაქის პარალიზებას გეგმავენ.