"ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს"

"ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტიც მის გარშემო ბრუნავს", - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ოპოზიციის კრიტიკას, რომ მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტში არსებული ჩანაწერი, რომ პირზე იმ შემთხვევაში გავრცელდება ამნისტია, თუკი ის ამაზე უარს არ იტყვის, სპეციალურად ნიკა მელიას გამოა ჩადებული.

სერგეენკოს თქმით, არავინ აპირებს ნიკა მელიასთვის შექმნას ქვეყანაში კანონები. ამასთან, სერგეენკო იმედოვნებს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება.

"ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კონსტრუქციაზე, მის შემადგენლობაზე არამცთუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც არის, რომ შეჯერებული იყოს პოზიციის და ოპოზიციის შეხედულებები და მიდგომები. ის, რომ კანონპროექტი მზად არის, არ ნიშნავს, რომ იგივე ფორმით გადაიქცევა კანონად. ამას მოჰყვება პლენარული სხდომის დებატები, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი არგუმენტები გამოიყენოს, რომ ყველასთვის მისაღები და სამართლიანი კანონი იქნას მიღებული. ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანა და საქართველოს პარლამენტი მის გარშემო ბრუნავს. არავინ აპირებს მასზე დამიზნებულად და მისთვის შექმნას ქვეყანაში კანონები," - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები დაიწყო. ამნისტიის შესახებ 2 დამოუკიდებელ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.