ღუდუშაური სამუშიას: "პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე - ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?!" - კვირის პალიტრა

ღუდუშაური სამუშიას: "პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე - ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?!"

პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე. სახეს ნუ კარგავთ! ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?! - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა, რომელიც სხდომას რამდენიმე წუთით უძღვებოდა, "ლელოს" წევრს ლევან სამუშიას.

ღუდუშაურის გაღიზიანება "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე ლევან სამუშიას შეფასებებს მოყვა, რომლის მიხედვითაც სამუშია აცხადებდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისს სისხლიანი ღამის მოწყობის შემდეგ საკუთარი თავის ამნისტიის გადაწყვეტილება მიიღო.

"თქვენ თავს ვერ იკავებთ. როგორც ჩანს, მისამართი შეგეშალათ, სხვა გალაქტიკაში რომ ხართ, ეს ფაქტია. თუ თქვენ არ იცით პარლამენტში მოქცევა როგორ უნდა, აქედან გამომდინარე ვატყობ, რომ ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძადებოდე, სახეს ნუ კარგავთ. ნამდვილად არ იცით, სად ხართ. შოუმენი ხართ, ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ნულპროცენტიანო. გაჩერდი. ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი?!"- აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის განცხადებას დარბაზიდან ლევან სამუშიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასაც" არ გაუკეთებია ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს - "საკუთარი თავის ამნისტირება".

"მე ვარ იქ, სადაც საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა აქ ვიყო. თქვენ თუ კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე გადმოგიყვანეს, შეგცვალეს და უფრო მკაცრის დაჭერას აპირებთ არ ვიცი. ასეთი საუბარი ჩემთან არ გასვლია არავის. ვკეკლუცობ კია რა წესიერად მესაუბრეთ. ჩემთან ეს საუბარი არ გაგივათ. სისხლიან ღამე მოაწყვეთ, გამოდიხართ და საკუთარი თავის ამნისტირებას ცდილობთ. ჩემს კვალიფიკაციას რომ ეხები, ამ შემთხვევაში არგუმენტი არ გაქვს მეტი", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ინციდენტის აღმოსაფხვრელად კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 19-20 ივნისის ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და პარტია "ლელოს" წევრი ლევან სამუშია დაუპირისპირდნენ.