პირველი ინდუსტრიული ტური არემჯის სტიპენდიანტებისთვის
21 მაისს, არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე, პირველი ინდუსტრიული ტური მოეწყო. Industrial Tourism RMG - რიჩ მეტალს გრუპის ინოვაციური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორები ახლოდან გაეცნობიან ოქროს დორე შენადნობისა და სპილენძის კონცენტრატის წარმოების პროცესს, დაათვალიერებენ გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ეკოლოგიურ პროექტებს, ასევე მოინახულებენ "მადნეულის“ ისტორიულ კარიერს. საწარმოო ტერიტორიაზე ვიზიტორებს ადგილზე გიდობას შესაბამისი დარგის სპეციალისტები გაუწევენ.
ტურის პირველი მონაწილე არემჯის სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული 25 სტუდენტი იყო. სტიპენდიანტები ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს, მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი, გროვული გამოტუტვის მოედნები, სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. მათ სამთო მიმართულებით საკუთარი გამოცდილება წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა გაუზიარა, ხოლო ინდუსტრიული ტურისზმის ახალი პროექტის შესახებ, ინფორმაცია კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა მიაწოდა.
სტიპენდიანტების პროგრამას არემჯი, 2018 წლიდან, ყოველწლიურად ახორციელებს და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის: სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა არემჯისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. აღნიშნული მიმართულებით არემჯი არაერთი პროექტის ავტორი და მხარდამჭერია. მათ შორის არის სტუდენტებისთვის განკუთვნილი, დუალური განათლების პროექტი "ინდივიდუალური განვითარების პროგრამა“ და "საზაფხულო სკოლა“.
ინდუსტრიული ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მზადდება ონლაინ პლატფორმა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ტურზე და საკუთარი თვალით ნახონ მადნების მუხტებით გაფხვიერების ტექნოლოგია, გროვული გამოტუტვის და ფლოტაციის მეთოდებით მადნების გამდიდრების ტექნოლოგიები, 1000 მეტრის სიმაღლეზე სპეციალურად მოწყობილი გადასახედიდან ჩაიხედონ კარიერის გულში და სხვა.