"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფორსირებულად გრძელდება" - კვირის პალიტრა

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფორსირებულად გრძელდება"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფორსირებულად გრძელდება.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო ოთხმა კანდიდატმა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადი უკან გაიტანა, რაც კითხვებს აჩენს. მისი ინფორმაციით, ესენი არიან: მოსამართლე თათია გოგოლაური, მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი, ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტი, ყოფილი პროკურორი გიზო უბილავა და იურისტი ლეილა ფოლადაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამ პირებმა თავიანთი კანდიდატურა ისე მოხსენს, რომ გასაუბრება არც კი გაუვლიათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორც ჯანეზაშვილი განმარტავს, ამგვარი ქმედებით, შესაძლოა ჩაითვალოს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმართებით გასაუბრება დასრულდა და დაიწყო შეფასების პროცესი იმ კანდიდატების, ვინც უკვე გაიარეს გასაუბრება.

"უზენაესი სასამართლოს კადიდატურების შერჩევის პროცესი დაიწყო 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ამის შემდეგ პარლამენტმა პირველ აპრილს მიიღო კანონი და ეს პროცესი შუაში გაჩეხა იმ ფორმით, რომ ამ კანონის საფუძველზე დამატებითი განაცხადები შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ უნდა დაპაუზდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი, ეს ასე არ მომხდარა. ანუ, 19 აპრილის შემდეგ გასაუბრება ჩატარდა რამდენიმე კანდიდატთან და მეტიც, დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადავიდა კონურსის შემდგომ ეტაპზე, რაც კანდიდატების შეფასებას გულისხმობს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ეს პროცესი დააჩქარა იმ გარემოებამ, რომ რამდენაც მე მაქვს ინფორმაცია - ხუთშაბათს, პარასკევსა და ორშაბათს ზედიზედ, ბოლო ოთხმა კანდიდატმა, რომლებიც გასაუბრებაზე უნდა გასულიყვნენ, განაცხადი უკან გაიტანა. ოთხივემ უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე, როგორც კანდიდატებმა. ამით ასეთი რეალობა აღმოჩნდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე დაიწყო ახალი ეტაპი და ეს არის კანდიდატების შეფასება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ამ კანდიდატებისგან არის საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება. ანუ როცა ზედიზედ 4 კანდიდატი უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე, ამით ხდება პროცესის ფორსირება, ეს საკმაოდ უცნაური დამთხვევაა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აპირებს გაჩერებას იმ მხრივ, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებთან დაკავშირებით მხედველობაში მიიღოს პოლიტიკური შეთანხმება და ამასთან მიმართებით არც პარლამენტი აკეთებს რამეს. ორივე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტს უნდა მიეღო კანონში ცვლილებები და მას ეს არ გაუკეთებია, ასევე საბჭო მხედველობაში არ იღებს იმას, რომ ეს დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის მომავლისა და მართლმსაჯულების სიტემისთვის არის მნიშვნელოვანი. მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი ვერ მივიღებ პრცესში მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ამ საზიანო გადაწყვეტილებაში არ ვიქნები ერთგვარი კოსმეტიკური დანიშნულებით ხელმომწერი პირი. მიიღოს გადაწყეტილება ისევ იმ ხალხმა, რომელიც აქამდე უჭერდა მხარს ჩინჩალაძის "კლანს" და ნახოს საზოგადოებამ, როგორ ხდება მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა პარლამენტში",- აცხადებს ჯანეზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში 3 კონკურსი მიმდინარეობს. ჯამში 11 ვაკანსიაა გამოცხადებული, აქედან გასაუბრება გაიარა 38-მა კანდიდატმა.