"ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთზე შევთანხმდეთ - ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება დარღვევით" - კვირის პალიტრა

"ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთზე შევთანხმდეთ - ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება დარღვევით"

ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი, რომელიც არის დაინიცირებული, უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

იოსელიანის შეფასებით, თუ ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შეთანხმება არ მოხდება, ამას შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტების დარღვევაც მოჰყვება და "საბოლოო ჯამში, 6 - თვიანი წვალება წყალში ჩაიყრება".

"მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან არის ის, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან როგორ განხორციელდება შეთანხმება, რომელსაც მოეწერა ხელი. ცალსახად ითქვა, რომ შეთანხმება არის საქმის ნახევარი, მეორე ნახევარ არის მისი იმპლემენტაცია და იმდგავრად ასახვა კანონმდებლობაში, რომ მან რეალური შედეგები მოიტანოს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე საარჩევნო რეფორმის და პარლამენტში ოპოზიციის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ამნისტიის ეს ორი კანონპროექტი, რომელიც არის დაინიცირებული და გამოდის პირველი მოსმენით, უნდა ვაქციოთ ერთ დოკუმენტად და ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას.

ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ ამ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით. თუ ჩვენ არ წავალთ ამ გზით, დავიწყებთ ამ შეთანხმების შესრულებას უკვე დარღვევით, რასაც მოჰყვება სხვა პუნქტების დარღვევაც და საბოლოო ჯამში, ეს 6 თვიანი წვალება, მედიაცია და ამხელა ჩართულობა ჩაიყრება წყალში. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამნისტიის კანონს და ყველამ დავთმოთ რაღაც, რომ საბოლოო ჯამში არ დავაზიანოთ ეს შეთანხმება", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"