"ხანდახან მგონია, პარალელურ სამყაროში ხართ ძვირფასო კოლეგებო და არ იცით რა ხდება ქუჩაში, არ იცით სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე" - კვირის პალიტრა

"ხანდახან მგონია, პარალელურ სამყაროში ხართ ძვირფასო კოლეგებო და არ იცით რა ხდება ქუჩაში, არ იცით სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე"

რატომ არის ქვეყანაში ორი საქართველო? ერთი საქართველო, რომელიც აქ სხედხართ და მეორე, სადაც უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლების "ოდიოზური სადღეგრძელოები" საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია.

"ხვალ არის 26 მაისი და 30 წელიწადია ამ დღეს აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ოღონდ ხვალინდელ დღეზე რომ ვფიქრობ, ერთი შეკითხვა მაქვს - რანაირ სახელმწიფოში და ქვეყანაში ვხვდებით ამ დღეს - იმ ქვეყანაში, რომელიც გვესმის ხოლმე მარჯვენა ფლანგიდან და წარმოსახვითი სახელმწიფოა თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, რომელიც აქ თქვენს შორის არ ზის?! მეორე, მესამე კვირაა აქ ვარ და ხანდახან მგონია, რომ პარალელურ სამყაროში ხართ ძვირფასო კოლეგებო და არ იცით რა ხდება ქუჩაში, არ იცით სად ცხოვრობს ჩვენი ხალხი, არ იცით რა პრობლემებია ამ ადამიანების წინაშე და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები, როდესაც ვისმენ ამ დარბაზში თქვენს ოდიოზურ სადღეგრძელოებს, რომელიც შეურაცხმყოფელია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ახლა მინდა რეალურად შეგახსენოთ სად ცხოვრობთ და სად ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეები და თქვენ ვის წარმოადგენთ, რატომ არის ქვეყანაში ორი საქართველო. ერთი საქართველო, რომელიც აქ სხედხართ და მეორე - სადაც უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. მეორე საქართველოა ჭიათურაში, საქართველო რომელიც არის ბორჯომში, საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. ასევე ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, რადგან ვერ გაიგეს პასუხი ვერც ერთ კითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას და დასცინის მათ თქვენი პრემიერ-მინისტრი და "ბნელებს" ეძახის იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს კითხვებს. ის საქართველო თქვენგან ითხოვს პასუხს და ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში.

მაინტერესებს სად არის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი და რატომ არ იწვევს მოსმენაზე ქალბატონ თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრს, რატომ არ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს? რას აკეთებთ აქ და რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს?" - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა დასაქმების ეროვნული სააგენტოს მუშაობა და აღნიშნა, რომ არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც დასაქმების სააგენტო ყურადღებას არ აქცევს გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს.

"ეროვნული დასაქმების სააგენტომ 2 წელიწადში 400 მილიონი ლარი დახარჯა და 1096 ადამიანი დაუსაქმებია. 350 ათასი ლარი გვაქვს თურმე დახარჯული ერთი ადამიანის დასაქმებაზე. ოღონდ იგივე სააგენტო ვერ იცლის მონური შრომისთვის ევროპაში გასტუმრებული ხალხისთვის. თქვენმა უფროსმა ბიძინა ივანიშვილმა რომ ბრძანა, ხალხი აქ სამსახურს ვერ იშოვის, ევროპაში უნდა წაბრძანდეს და იქ დასაქმდეთო, ყურადღებას რომ არ აქცევთ და ადამიანებად რომ არ თვლით თქვენი საკონსულო სამსახურიდან დაწყებული და დასაქმების სააგენტოთი დამთავრებული ამ ხალხს? რაში ხარჯავთ საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებულ ასობით მილიონს ფულს, არავინ იცის. მაინტერესებს რატომ არ უნდა მოიწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასაქმების სააგენტო? ეს ხალხი გაჭირვებაში რომ არის ჩავარდნილი, ვინ არის მათი პატრონი? ისინი თქვენი თანამოქალაქეები არ არიან?

მაინტერესებს, ხვალ რომ 26 მაისს აღნიშნავთ, თქვენი აზრით, ჩვენს წინაპრებს რომლებისთვისაც სანუკვარი ოცნება იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც ევროპის ნაწილი იქნებოდა, ამ ხალხს როგორ წარმოედგინათ ეს ჩვენი სახელმწიფო, საქართველო ქართველების გარეშე? უნდა გაიქცეს ამ ქვეყნიდან ყველა, ვისაც გადარჩენა უნდა, თუ არ არის "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული და შესაბამისად, დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე?", - განაცხადა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"