"საქმე გვქონდა საჰაერო ბრაკონიერობასთან... გამორიცხულია, რომ ევროპამ და ამერიკამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვონ" - კვირის პალიტრა

"საქმე გვქონდა საჰაერო ბრაკონიერობასთან... გამორიცხულია, რომ ევროპამ და ამერიკამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვონ"

"საერთაშორისო სკანდალი, სამარცხვინო თავდასხმა, საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფა... " - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შეფასებებისა, რომლითაც დასავლელი ლიდერები ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. "ის, რაც ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი", - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"შეერთებული შტატები უმკაცრესად გმობს თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ბატონმა პროტასევიჩმა ძალდატანებით ჩაწერა, არის სამარცხვინო თავდასხმა როგორც პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, ასევე, პრესის თავისუფლებაზე. შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნების მოთხოვნას მისსა და აგრეთვე, ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები ლუკაშენკის რეჟიმის მიერ,"- ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.

დაუწესებს თუ არა დასავლეთი ბელარუსს სანქციებს და როგორ შეცვლის ეს რეგიონში არსებულ ვითარებას? - ამის შესახებ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- დასავლეთი აუცილებლად დაუწესებს ბელარუსს სანქციებს. ფაქტობრივად, საქმე გვქონდა საჰაერო ბრაკონიერობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მნიშვნელოვანი ფიგურა არ იყო, მის გამო მინსკი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. გამორიცხულია, რომ ევროპამ და ამერიკამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოთხოვნას, ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. ამ ფაქტს უახლოეს პერიოდში აუცილებლად განიხილავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შეიმუშავებენ ვარიანტებს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. სანქციები ძალიან მძიმედ დაარტყამს ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფ ბელარუსს და მთლიანად რუსეთზე იქნება ჩამოკიდებული.

- ალბათ, ლუკაშენკომ იცოდა, რა მოჰყვებოდა მის ასეთ ნაბიჯს. თუ ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არ იყო, რატომ გადაიმტერა საბოლოოდ ცივილური სამყარო?

- ამით მან დასავლეთს უთხრა, რომ მისთვის დაბრკოლებას არავინ და არაფერი წარმოადგენს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ დასავლელი ლიდერები, სანქციების დაწესებამდე გაითვალისინებენ იმას, რომ თუ ლუკაშენკოს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ, მისი ერთადერთი მოკავშირე რუსეთი დარჩება და კრემლის პოზიციები კიდევ უფრო მეტად გამყარდება ამ ქვეყანაში.

ხათუნა ბახტურძე (სპეციალურად საიტისთვის)