კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე:" ჩვენ ვი­ცით, რომ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ დიდი ფუ­ლით...დღე­ში ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ლარი იხარ­ჯე­ბა აქ­ცი­ა­ზე" - კვირის პალიტრა

კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე:" ჩვენ ვი­ცით, რომ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ დიდი ფუ­ლით...დღე­ში ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ლარი იხარ­ჯე­ბა აქ­ცი­ა­ზე"

"ქართული ოცნების“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დიდი ფულით არის დაფინანსებული და მასში კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

როგორც კობახიძე განმარტავს, თუკი, აღნიშნული აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.

"რეალურად გამოჩნდა, რომ პროტესტს მყარი საფუძველი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, რის გარშემოც პროტესტის აგორების მცდელობა იყო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ექსპერტული დისკუსია უნდა გაიმართოს, რაც მნიშვნელოვანია. თუ სადმე ასეთი დისკუსიის და კომუნიკაციის ნაკლოვანება არის, ეს უნდა შეივსოს, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს, თბილისის პარალიზება აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი იყო, რომელმაც ვერ პოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გამო, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ეჭვის დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ, შეუძლიათ ივარაუდონ, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით სათანადოდ დამოუკიდებელი არ იყოს.

"რაც შეეხება მართვას, ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ.

გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება. ეჭვების დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა, ეჭვებზე საუბარს ჯობს დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით მივაწოდოთ საზოგადოებას.

ეს არის სხვა ორგანოების ფუნქცია, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარად იკვეთება ფინანსური-კომერციული- პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო იდება საკმაოდ დიდი ფული ამ აქციებში. შემიძლია დანანებით აღვნიშნო, რომ გუშინ, აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი. ერთხელ ითქვა, რომ თითქოს, წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი ხელში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, ეს შეუძლებელია რომ მობილიზებული იყოს ასეთი რესურსით, წვრილმანი შემოწირულობით, ყოველდღიურად ათეულობით ათასი ლარი, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი - ემიგრანტების გადმორიცხვა, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"