"გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, როცა პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს..." - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

"გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, როცა პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს..." - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

დღეს, 26 მაისს, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 82 წლის გახდებოდა.

კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მშობლები განათლებული ადამიანები იყვნენ. ბაბუა - ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ.

მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი იდეები მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად აყალიბებდა.

სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას და მასტან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა.

1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი "პლეხანოვის" გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს.

სკოლის მერხიდან ასე ელიტური ოჯახების შვილები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი) საპყრობილეში. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

* * *

მან მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის დასრულების შემდეგ (სხვადასხვა წელს) მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში...

მოგვიანებით, ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი გახდა, სადაც ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა.

1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისთვის.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.

"ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, - დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში "კაგებე" იყო შესული," - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.

1980 წელს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში გადაასახლეს. იქ მისი მონახულება დედამ და მეგობარმა მოახერხეს. "ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია. ავტირდი. მერაბი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მან თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ, შეკონილი იყიდებოდა," - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.

გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, - 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ზედმეტი ხუთი წელი ამის გამო მიუსაჯეს. გააგრძელეთ კითხვა