"ბევრი სირთულე, უამრავი გამოწვევა გამოვიარეთ და მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი" - კვირის პალიტრა

"ბევრი სირთულე, უამრავი გამოწვევა გამოვიარეთ და მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი"

"ჩვენ ბევრი ბრძოლა გვახსოვს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და შემდეგ ისევ დაბრუნებისთვის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

მან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დღეს მართლაც განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი დღეა - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ყველას გილოცავთ. მართლაც არ ყოფილა მარტივი გზა, ჩვენ ბევრი ბრძოლა გვახსოვს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი შენარჩუნებისთვის და შემდეგ ისევ დაბრუნებისთვის. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, უამრავი გამოწვევა გამოვიარეთ და მეამაყება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც სამწუხაროდ ამ ბრძოლას შეეწირა, მათი სულები დღეს ხარობენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გამოწვევები, რომელიც ყველას გვტკივა და ყველას გვაწუხებს, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეულ ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ არასდროს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ხალხი და მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს", - განაცხადა კალაძემ.