"ვადასტურებ, რომ ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით უნდა დაიხუროს ნიკა მელიას საქმე" - კვირის პალიტრა

"ვადასტურებ, რომ ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით უნდა დაიხუროს ნიკა მელიას საქმე"

ვადასტურებ, რომ ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით უნდა დაიხუროს ნიკა მელიას საქმე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს.

"თუ ბატონ კობახიძეს ჰგონია, რომ რაიმე უხერხულობა მექნება, არა. ყოველთვის, რა პირობასაც ვდებ, მითუმეტეს ჩვენი საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე, ყოველთვის ვასრულებ ამ პირობას. ამიტომ, ამით ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეგვზღუდავენ. რაც მთავარია, არის რაღაც ხრიკი, რაც მოიგონეს ახალ ჩანაწერთან დაკავშირებით, გაუგებარი რამ, რაც საქართველოს სამართლის ისტორიას არ ახსოვს, ეს ჩანაწერი უნდა ამოვიდეს ამ კანონპროექტიდან", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.