"აბა, გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული" - კვირის პალიტრა

"აბა, გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული"

"თუკი კობახიძეს აქვს თავი ამნისტიის ის კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც მას სურს, აბა, გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული - ჩემი პასუხი ცნობილია", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ზუგდიდში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ამნისტიაზე მის თანხმობას ვერ ეღირსება.

"რამდენჯერ უნდა გააკეთოს კომენტარი ბატონმა კობახიძემ და რამდენჯერ უნდა ვუპასუხო მას, როგორც ოლიგარქის წამომადგენელს, რომ "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი ჩემგან ვერ ეღირსება იმ განცხადების მოსმენას ან წერილობითი სახით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელიას ამნისტიაზე თანხმობას აცხადებს ან როგორც ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო. ეს გამორიცხულია! ჩემს კოლეგებს სწორი პოზიცია აქვთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან, რამდენად არაგულწრფელი რეჟიმია. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეთანხმების აღსრულება შეთანხმების თანახმად მოხდეს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ უმრავლესობა ჯერ კიდევ "ქართულ ოცნებას" აქვს და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ.

კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მას სურს. მესმის, რომ მას ოპოზიციის ეშინია. მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მომეცა შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას ამის ატანა მოუწევს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის.

როგორც ის განმარტავს, კონსულტაციებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში კორექტივები.