"ხეობაში გზა ჩაკეტილია - გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ, მოსახლეობას პრობლემა არ ექნება" - კვირის პალიტრა

"ხეობაში გზა ჩაკეტილია - გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ, მოსახლეობას პრობლემა არ ექნება"

"რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.

მისივე განმარტებით, მათი პოზიცია უცვლელია, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია "ენკას" ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

"ხეობაში გზა ჩაკეტილია - შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადააადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ზოგადად დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში "რიონის ხეობის მცვლების" დარბევა ხუთჯერ მოხდა. შესაბამისად, გოლეთიანის თქმით, შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდეს ზოგადად.

"ჩვენ არ ვპროვოცირებთ, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. იერიში არ მიგვაქვს პოლიციაზე და ბარიკადს იქეთ გადასვლას არ ვცდილობთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რადგან არ განხორციელდეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"ნამახვან ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათის შესასვლელთან დგანან, იმ ტერიტორიასთან, სადაც განლაგებულია ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" ერთ-ერთი საწყობი.