"ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემატური მომენტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში" - რას წერს თურქული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემატური მომენტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში" - რას წერს თურქული გამოცემა?

თურქული გაზეთი "ჯუმჰურიეთი" (Cumhuriyet) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემატური მომენტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში", რომელშიც გაანალიზებულია მოსკოვ-ანკარის ურთიერთდამოკიდებულებაში ბოლო პერიოდში გაჩენილი უთანხმოებები (ავტორი - ორჰან ბურსალი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს.

პირველი მომენტი - ტურიზმის პრობლემები

ანკარა უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთმა თურქეთში რუსი ტურისტების ნაკადი შეაჩერა და ავიარეისები აკრძალა, ვითომდა, პანდემიის გამო. "ამბობენ, რომ სიტუაციას ივნისის ბოლოს გადახედავენ და შეიძლება აკრძალვა გაუქმდესო... მაგრამ, აბა, დააკვირდით: ივლისის დასაწყისში ავიამიმოსვლა რომც აღდგეს, თურქეთის მთავრობის იმედები შემოსავლების მიღების თაობაზე ქარს მიაქვს - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ერსოი ამ მიზნით მოსკოვში იმყოფებოდნენ...

მეორე მომენტი - თურქული იარაღის ექსპორტი უკრაინაში არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა თურქული დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) მიყიდვით უკრაინისათვის, ასევე, იმითაც, რომ ანკარა კიევს რადარების მშენებლობას და სამხედრო კატერების მიყიდვას დაჰპირდა. ანკარის მიერ კიევის მიმართ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას კრემლი ანტირუსულ ნაბიჯად მიიჩნევს. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ თავისი თურქი კოლეგა უკვე გააფრთხილა. გარდა ამისა, რუსეთი თვლის, რომ თურქეთის ხელით ნატო ცდილობს უკრაინა (და, რა თქმა უნდა, საქართველოც) მთლიანად დასავლეთის კონტროლირებად ქვეყნად გადააქციოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ალიანსის ალყაში მოექცევა.

მესამე მომენტი - ყირიმი და ყირიმელი თათრები

თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს ყირიმელი თათრების თვითგამორკვევას, თვითონ ყირიმს კი რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარებს. ანკარა ხშირად იხსენებს ყირიმელი თათრების გადასახლების (დეპორტაციის) უკანონო ფაქტს, რომელიც 77 წლის წინათ განხორციელდა - საბჭოთა ხელისუფლების ყალბი ბრალდებით, თითქოსდა, ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ. თურქეთის ასეთ განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკვეთრად პასუხობს: "რატომ არ აკრიტიკებდით უკრაინას 2014 წლამდე, როცა ყირიმელი თათრების უფლებები მართლაც ირღვეოდა? თუ თქვენ ასეთ, ანტირუსულ რიტორიკას გააგრძელებთ, მაშინ ჩვენც გავიხსენებთ, რა მდგომარეობაა თურქეთში ეთნიკური საკითხის თვალსაზრისით". მინიშნება გასაგებია: ქურთების საკითხი, ქურთული ენა, ალავიტების პრობლემა...

მეოთხე მომენტი - კონფრონტაცია სირიაში

ანკარა ვარაუდობს, რომ ამ საკითხში მოსკოვთან შიზოფრენიულ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს ანუ "კიდეც მიყვარხარ, კიდეც გებრძვი, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ და, რაც მსურს, იმას ვიღებ". არადა, თურქეთმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დროებითი ბალანსი, რომელიც განსაკუთრებით იდლიბში შეიქმნა, მალე დაირღვევა: მოსკოვის მიერ, სავარაუდოდ, მორიგ სვლაში გამოყენებული იქნება როგორც პაიკი, ასევე - მხედარი ან კუ. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ