რა ვიცით კორონავირუსის "ინდური შტამის" შესახებ - რამდენად სწრაფად ვრცელდება და როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები - კვირის პალიტრა

რა ვიცით კორონავირუსის "ინდური შტამის" შესახებ - რამდენად სწრაფად ვრცელდება და როგორ მოქმედებენ მასზე ვაქცინები

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოში სულ უფრო სწრაფად ვრცელდება. ამჟამად ვირუსის ეს ვარიანტი 53 ქვეყანაშია დაფიქსირებული. საქართველოში მუტირებული კორონავირუსი ჯერ არ გამოუვლენიათ, თუმცა არსებობს რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევებით სწავლობენ.

"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი [გავრცელება], საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ, ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს" - განაცხადა 23 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

რას წარმოადგენს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი და რამდენად საშიშია?

SARSCOV2-მა მისი არსებობის 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მუტაცია განიცადა, რის შედეგად ჩამოყალიბდა ვირუსის შემდეგი შტამები : ბრიტანული, ბრაზილიული, სამხრეთ აფრიკული და ინდური. ყველა ჩამოთვლილისგან ინდური იმით განსხვავდება, რომ იგი ორმაგად მუტირებულია. B.1.617 (ასე მოიხსენიებენ ოფიციალურად ინდოეთში გავრცელებულ კორონავირუსს) ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსის აღრიცხული შემთხვევების მეოთხედზე მეტი სწორედ ამ ახალ შტამზე მოდის. სართაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ინდური შტამი" ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე SARSCOV2 და "ბრიტანული შტამი".

ამასთან, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრების მიხედვით, ის გაცილებით აგრესიულიც არის, რაც სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელში გამოიხატება.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას შეფასებით, ინდოეთში გავრცელებული ვირუსი კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული საშიშროებით არ უნდა გამოირჩეოდეს.

მისი თქმით, ამის შესახებ საბოლოო დადასტურებული ცნობები არ არსებობს.

"ინდოეთში არსებული სიტუაცია არ არის განპირობებული იმით, რომ ეს შტამია განსაკუთრებით აგრესიული. უბრალოდ იქ ეპიდსიტუაცია უმართავია, პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო სერვისს, რაც ზრდის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მართალია, უმეტეს შემთხვევაში მუტაციის შედეგად უფრო აგრესიული შტამები წარმოიქმნება, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. რადგანაც ინდური შტამი ორმაგად მუტაციური ვირუსია, მისი გენი უფრო მეტად არის შეცვლილი, ვიდრე სხვა ვარიანტების, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უფრო საშიშია.

მართალია, ერთ-ერთი კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ "ინდური შტამის" შემთხვევაში უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, თუმცა ეს არ არის საბოლოო დასკვნა, ამიტომ მტკიცებით ამაზე საუბარი მართებული არ იქნება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დიდი სხვაობა "ინდურ შტამსა" და კლასიკურ კორონავირუსს შორის დაავდების სიმძიმის მხრივ არ არის. რაც შეეხება მისი გავრცელების დონეს, ეს ნამდვილად არის გამოკვლეული - ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე SARSCOV2 და მისი სხვა შტამები" - ამბობს AMBEBI.GE - სთან ინფექციონისტი.

კორონავირუსის "ინდური ვარიანტი" რომ უფრო გადამდებია, ვიდრე კოვიდის უჰანური ვერსია, ამაზე ჯანმოც ლაპარაკობს. ორგანიზაციის შეფასებით, სართო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ "ინდური შტამი" ღელვის საფუძველს იძლევა.

როგორ მოქმედებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები "ინდურ შტამზე"?

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის უახლესი კვლევის შედეგებით" კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებმა ე.წ.ინდური შტამის მიმართ მაღალი ეფექტი აჩვენეს. სასიხარულო ინფორმაცია კვლევის დასკვნაზე დაყრდნობით 23 მაისს გაავრცელა BBC-მ.

გამოცემის თანახმად, ინდური ვარიანტის მიმართ ზემოთ აღნიშნულმა ორივე ვაქცინამ ერთი დოზის გაკეთების შემთხვევაში, აჩვენა თანაბარი, 33%-იანი დაცულობა. შედეგი თვალსაჩინო პირველი დოზის მიღებიდან 3 კვირაში აღმოჩნდა. ხოლო სრულყოფილად, ანუ ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში, "ფაიზერმა"88%, ხოლო " ასტრაზენეკამ" – 60%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

იცავს თუ არა ჩინური ვაქცინები ე.წ. ინდური შტამისგან? გააგრძელეთ კითხვა