მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და გადაიხედება თუ არა ბუნებრივი აირის საფასური - რას პასუხობს სემეკის თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა და გადაიხედება თუ არა ბუნებრივი აირის საფასური - რას პასუხობს სემეკის თავმჯდომარე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისში ტარიფის ცვლილების საკითხზე ასევე კომისიისთვის მიმართული აქვთ "ვარკეთილაირისა" და "ენერგოკავშირის" აბონენტებს.

"ახალი დადგენილი ტარიფით 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში და 22 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

თუ ვალუტის კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ტარიფი შენარჩუნდება ამ ვადით. როცა პარამეტრების არსებითი რღვევა ხდება და კომპანიები ზარალზე გადიან მათ გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით. დარწმუნებული ვართ, ასეთი გადახედვა არ მოგვიწევს, თუ ყველა სხვა პარამეტრი იქნება შენარჩუნებული. ვალუტის კურსის გამყარების შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება გადახედოს ტარიფს შემცირების კუთხით",- განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ტარიფს, როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, "სოკარ ენერჯი გაზი" ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს.

"ჩვენთან ამ დროისთვის შემოსულია ორი პატარა კომპანიის განაცხადი მოხდეს იგივე პირობებით ტარიფის გადახედვა "ვარკეთილაირის" და "ენერგოკავშირის" აბონენტებისთვის.

დადგენილი წესით იმსჯელებს კომისია აღნიშნულ საკითხზე.

რაც შეეხება რეგიონებს, მათგან რაიმე განაცხადი არ შემოსულა",- განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, სემეკის გადაწყვეტილებით, "თბილისი ენერჯის" აბონენტებს ბუნებრივ აირზე ტარიფი დაახლოებით 8 თეთრით ეზრდებათ და 1 კუბური მეტრის ფასი 54 თეთრით განესაზღვრებათ.

დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ თუ იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

"ელექტროენერგიის ნაწილში არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის გადაანგარიშებები ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ კალათაში. ეს ხაზს უსვას იმას, რომ ადგილობრივი გენერაცია უნდა განვითარდეს და ადგილობრივი ჰესები უნდა ავაშენოთ. ჩვენ თუ იმპორტი გაგვეზარდა ენერგიის ნაწილში, გაუარესებული კურსის პირობებში ბუნებრივია ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს", - განაცხადა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"