რას აცხადებს პირბადის ტარების მოხსნაზე თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს პირბადის ტარების მოხსნაზე თენგიზ ცერცვაძე?

პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოფს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადეების გამოყენების მაჩვენებლის 90%-მდე გაზრდა შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნის საშუალებას გააჩენს, თუმცა პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში დიდხანს დარჩება.

"ნაწილობრივ საფუძველი გვაქვს ვილაპარაკოთ, რომ პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის. თუ მესამე ტალღის პიკში გვქონდა 1500-1700 ახალი შემთხვევა, ახლა გვაქვს 1000-1200 ახალი შემთხვევა. მივდივართ სტაბილიზაციისკენ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია საქართველოში სამწუხაროდ, დაიწყო დაგვიანებით და ახლა იკრებს ძალას და ტემპს.

გარდა ამისა, მინიმალური შეზღუდვები იყო საქართველოში ბოლო ორი თვის მანძილზე და ახლა პრაქტიკულად აღარ დარჩა შეზღუდვები თუ არ ჩავთვლით „კომენდანტის საათს“. ფაქტობრივად, შეზღუდვები საქართველოში არ არის, მაშინ როცა ჯერ კიდევ რჩება სერიოზული შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში, თუმცა იქაც დაიწყეს ნელნელა მოხსნა.

ჩვენთან ისევ დაბალია პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი - იყო 40%, ახლა მოიმატა და არის 70%, მაგრამ ეს მაინც დაბალია, 90% მაინც უნდა იყოს პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი, რომ მყარი ეფექტი გვქონდეს.

დღეისთვის სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 20 000-მდე ადამიანი, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებულია 100 000-მდე ადამიანი. ეს დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ ისე, ძალიან ცოტაა. სხვა ქვეყნების მაგალითმა გვაჩვენა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 2/3 აიცრას. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ მაჩვენებელს მიუახლოვდნენ, მოახერხეს ახალი შემთხვევების დრამატული შემცირება და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების დრამატული შემცირებაც. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძირითადად ორი მიმართულებით: გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი და გავზარდოთ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი და დავიცვათ სოციალური დისტანცია. კარგი ის არის, რომ მიუხედავად აი ამ მესამე ტალღის საკმაოდ მაღალი პიკისა, ჯანდაცვის სისტემა დაწყებული სასწრაფო დახმარებიდან გაგრძელებული ოჯახის ექიმით და ჰოსპიტალური სექტორით გამართულად და აბსოლუტურად შეუფერხებლად მუშაობს. არც ერთი შეფერხება მესამე ტალღის დროს, განსხვავებით მეორე ტალღისგან არ დაფიქსირებულა. საქართველოზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები ასე კარგად და გამართულად ვერ უმკლავდებიან მესამე ტალღას, მაგრამ არ შეიძლება კლინიკური სექტორი მუდმივად გვყავდეს ასეთი წნეხის ქვეშ და არ შეიძლება, რომ მაინც შეზღუდვები რჩებოდეს ქვეყანაში. ამიტომ ორი რამ - მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება - ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუს"