"გამსახურდიამ მთხოვა ავსულიყავი მასთან, ავედი კოლხურ კოშკში და იქ თქვა..." - რა ამბავი გაიხსენა ჰესების თემაზე სოზარ სუბარმა? - კვირის პალიტრა

"გამსახურდიამ მთხოვა ავსულიყავი მასთან, ავედი კოლხურ კოშკში და იქ თქვა..." - რა ამბავი გაიხსენა ჰესების თემაზე სოზარ სუბარმა?

ზვიად გამსახურდიამ თქვა, უნდა გავაჩეროთ „ხუდონჰესი" , რადგან ეს რაღაც იმპერიული გეგმააო - ერთ-ერთი აქტივისტი ვიყავი „ხუდონჰესის" წინააღმდეგ ბრძოლის, ვნანობ და თან ძალიან ვნანობ, რადგან ამით უზარმაზარი დარტყმა მივაყენეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, ზარალი ყოველწლიურად იზრდება, რადგან „ხუდონჰესი" არ აშენდა.

"გარკვეულწილად აღიარებაც გამომდის, მაგრამ ერთ-ერთი აქტივისტი ვიყავი „ხუდონჰესის" წინააღმდეგ ბრძოლის. ყველაზე ნაკლებად არის ცნობილი ამ საქმეში გამსახურდიას როლი, მაგრამ ზვიად გამსახურდიამ მთხოვა ავსულიყავი მასთან, ავედი კოლხურ კოშკში და იქ თქვა, რომ ჩვენ უნდა გავაჩეროთ „ხუდონჰესი", რადგან ეს რაღაც იმპერიული გეგმააო. შემდეგ შევხვდი ზურაბ ჟვანიას, რომელსაც ვუთხარი, რომ ასეთი თემაა და რას ფიქრობდა, რადგან მაშინ უკვე „მწვანეთა მოძრაობის" ჩამოყალიბებას იწყებდა და აქედან ჩაერთო ზურაბ ჟვანია.

დაიწყო მოძრაობები, თავიდან იყო კამათი მეცნიერებთან, სადაც გულწრფელად გეტყვით ყველა შეხვედრაზე თავზე გვამხობდნენ ყველაფერს - კილოვატები, ვატები და არაფერი გვქონდა საპასუხო, მაგრამ მერე უკვე, როცა ეს გადავიდა აქციებში, შიმშილობებში, გზის გადაკეტვაში, მერე ვერაფერს გვიშვებოდნენ და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ „ხუდონჰესი" გაჩერდა. ამაზე ლაპარაკის დროს სულ მინდა ბოდიში მოვუხადო ხაიშელებს. ვნანობ და თან ძალიან ვნანობ, რადგან ამით უზარმაზარი დარტყმა მივაყენეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. რაღაც ეტაპის შემდეგ როდესაც შიმშილობაზე და აქციებზე გადავიდა პროცესი, მე ჩამოვშორდი ამ პროცესს და დავით გარეჯში, მონასტერში წავედი. ზარალი გრძელდება ყოველწლიურად იმიტომ, რომ ეს არ აშენდა", - განაცხადა სუბარმა.

"ინტერპრესნიუსი"