"ცხოვრება ისე უნდა განვვლოთ, რომ მარადისობაში აღმოვჩნდეთ. სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგება" - კვირის პალიტრა

"ცხოვრება ისე უნდა განვვლოთ, რომ მარადისობაში აღმოვჩნდეთ. სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგება"

ინტერვიუები დიდად არ უყვარდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამით თავს იფასებდა! ან იმიტომ, რომ შენ - ჟურნალისტს არ გენდობოდა! უბრალოდ, არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. თუნდაც რა მოკრძალებით შეხვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ წელს მინიჭებულ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიას! იმდენად დიდი ადამიანი იყო და ისეთი თავმდაბალი, რომ გრძნობდი, თითქოს, ერიდებოდა, უხერხულობდა საკუთარ წარმატებასა თუ ცხოვრებაზე რამის თქმას... ოღონდ, თუ დაითანხმებდი და შეხვედრას დაგითქვამდა, არაფრით დაგაღალატებდა. თანაც, საუკეთესო რესპონდენტი იყო - ინტელექტუალი, მშვიდი, გაწონასწორებული, შესანიშნავად მოსაუბრე, ყველასგან გამორჩეული და დამატყვევებელი ხმის ტემბრით, ადამიანი, რომელიც გარეგნობით დაწყებული, მთელი არსებით გხიბლავდა და მისდამი უდიდესი მოწიწებით განგაწყობდა. მასთან შენც შეგეძლო, გულახდილად გელაპარაკა, მაგრამ... ვერასდროს გაუშინაურდებოდი. თუმცა სცენაზე სულ სხვადასხვაგვარ "მას" ხედავდი და, ყველაფერთან ერთად, სწორედ ეს იყო მისი განსაკუთრებულობაც და სიდიადეც!

ბოლო წლებში რამდენჯერმე ვისაუბრეთ ტელეფონით, მაგრამ ინტერვიუ მაინც ვერ ჩავწერე - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გვაძლევდა ამის საშუალებას, თუმცა მასთან სატელეფონო საუბარიც კი ძალიან სასიამოვნო იყო. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლ "მოხუც ჯამბაზებში" "შპაგატზე" რომ უნდა ჩამჯდარიყო და... მართლაც უბადლოდ შეასრულა ეს ეპიზოდი!

რა დახვეწილი ხელოვანი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სამსახიობო ცხოვრების ორი საოცნებო როლი "გამოტოვა", ხოლო "მოხუც ჯამბაზებში" იმ ასაკში ითამაშა, მოხუცად მხოლოდ გრიმითა და არტისტიზმით წარმოგვიდგა, მოხუცებულობას კი მაინც ვერ მიაღწია...

საქართველოს კიდევ ერთი დიდი ადამიანი და დიდი არტისტი დააკლდა - 71 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, მარინა (მარი) ჯანაშია გარდაიცვალა...

უცნაური ბედისწერა

თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს მსახიობობაზე. არც ის აღმოჩნდა გამონაკლისი. ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს კინოლეგენდად ქცეულ მუსიკალურ ფილმს - "მზიური ველის სერენადას" უყურა და მანაც დაიწყო ოცნება... თუმცა ცხოვრება სხვაგვარად გაგრძელდა. როდესაც თსუ-ის იმჟამინდელმა რექტორმა, აკადემიკოსმა ილია ვეკუამ თბილისში, თურმე, უფასო ჰუმანიტარული სასწავლებელი დააარსა და ღვაწლმოსილი პედაგოგებით დააკომპლექტა, თბილისის სკოლებიდან ჰუმანიტარული საგნებით დაინტერესებული გამორჩეული მოსწავლეები შეარჩიეს და, ცხადია, მათივე სურვილის გათვალისწინებით, ამ სკოლაში სასწავლებლად წაიყვანეს. რჩეულთა შორის აღმოჩნდა მეცხრე კლასის მოსწავლე მარი ჯანაშიაც, რომელიც ისე გაიტაცა ჰუმანიტარულმა სწავლებამ, მსახიობობა გადაიფიქრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ჩანს, ბედისწერა სხვა რამეს უმზადებდა... სკოლის დამამთავრებელი წლის ერთ მშვენიერ დღეს თავის მეგობართან ერთად "პლეხანოვზე", კინოსტუდიასთან ჩაიარა. სწორედ ამ დროს იქიდან უცნობი ვაჟი გამოვიდა და გამოელაპარაკა. აუხსნა, რომ რეჟისორი რეზო ჩხეიძე ფილმის გადაღებას იწყებდა (ლაპარაკია ფილმზე - "ღიმილის ბიჭები") და მთავარი როლისთვის სკოლის მოსწავლე გოგონას ეძებდა. მარი ჯანაშიას გარეგნობიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვაჟმა მასაც სთხოვა სასინჯ გადაღებაში მონაწილეობა. ჩანს, ახალგაზრდა გოგონას ძველი ოცნება გაუახლდა, სულმა წასძლია და გაჰყვა. მართალია, სასინჯი ფოტო და კადრი მაინც არ გადაიღო, ხოლო მთავარი გმირის - ნათელას როლზე ასევე ულამაზესი ლეილა ყიფიანი დაამტკიცეს, აღმოჩნდა, რომ მარი ჯანაშიამ უსინჯოთაც მიიქცია ბატონი რეზოს ყურადღება. დიდი რეჟისორის დამსახურებით მისი სამომავლო ცხოვრების გზაც სხვაგვარად გამოჩნდა - რეზო ჩხეიძემ იქვე ურჩია, უნივერსიტეტში რა გინდა, შვილო, ხვალ თეატრალურ ინსტიტუტში მთავრდება საბუთების მიღება და აუცილებლად იქ ჩააბარეო. ფიქრიც კი არ დასჭირვებია, ისე, ელვისუსწრაფესად წამოიღო შინიდან უნივერსიტეტისთვის გამზადებული საბუთები და თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. და მერე როგორ გაუმართლა? - იმ წელს დიდ რეჟისორსა და პედაგოგს - მიხეილ თუმანიშვილს პირველად აჰყავდა სარეჟისორო-სამსახიობო ჯგუფი, ის კი, თუ ჩააბარებდა, სწორედ დიდ მაესტროსთან მოხვდებოდა. ჰოდა, ჩააბარა კიდეც და მოხვდა კიდეც... თანაც ბედმა ისე განსაზღვრა, რომ პირველი სასცენო ნაბიჯიც სწორედ იმ თეატრში გადადგა, სადაც ბევრი წლის შემდეგ - უკანასკნელი... მოხუცი ჯამბაზები

პირველ კურსზე იყო, როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში ჟან ანუის "ანტიგონეს" დადგმა დაიწყო და სპექტაკლში პაჟის როლის შესასრულებლად თავისი სტუდენტი, პირველკურსელი მარინა ჯანაშიაც წაიყვანა. წარმოგიდგენიათ, რა განცდა ექნებოდა ახალგაზრდა გოგონას, როდესაც უდიდეს არტისტებთან - სერგო ზაქარიაძესა და ზინა კვერენჩხილაძესთან ერთად უნდა დამდგარიყო სცენაზე?! შემდეგ გაგრძელდა სტუდენტობა და მას პირველი მთავარი როლი მოჰყვა იმავე თეატრში - რეჟისორ თემურ ჩხეიძის მიერ დადმულ ფედერიკო გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლში" მარი ჯანაშიამ მარტირიო განასახიერა. მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი როლიც სწორედ ეს აღმოჩნდა. ასე დაიწყო ოცნებების ასრულება და ჯადოსნური სამსახიობო ცხოვრება დიდი წარმატებებით და შიგადაშიგ, ალბათ, ტკივილითაც და იმედგაცრუებითაც, ოღონდ იგი არ მიეკუთვნებოდა მათ, ვინც იმაზე მეტს ილაპარაკებდა ხმამაღლა და საქვეყნოდ, რაც არ ითქმოდა! მარიამ სტიუარტი

ცხადია, საოცნებო თეატრალური როლებიც ჰქონდა, თუმცა ორივემ ისე ჩაუარა, მათი თამაში ვერ მოასწრო. არც დაუმალავს, რომ ერთ-ერთი მათგანი ელიზა დულიტლი გახლდათ ჯორჯ ბერნანდ შოუს "პიგმალიონიდან". რას ვიზამთ? - ხანდახან ასეთიცაა ცხოვრება!

როგორი იყო მარი ჯანაშია?!

ქალბატონი მარი ჯანაშიას გარდაცვალების დღეს მისმა უახლოესმა ადამიანმა, პარლამენტარმა და ჩვენი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა ქეთი დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: [მარი ჯანაშიამ] გადაცემაში რომ მიმიწვია, მამაზე ვსაუბრობდით... - მე ჩემს ანიკო ბებიას არ მოვსწრებივარ და ყოველ ჯერზე, როცა "კუკარაჩას" ვუყურებ, ბებია ზუსტად ისეთი წარმომიდგენია, როგორიც შენი შესრულებული ქალბატონი ანიკოა-მეთქი, - ვუთხარი. გადაცემის დასრულებას არ დავლოდებივართ, მომეხვია და ორივემ ვიტირეთო...

ჩემ ირგვლივ ადამიანი არ მეგულება, ამ ფილმის ნახვისას თუნდაც გულში არ ეტიროს. ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი. და არათუ "კუკარაჩას" წაკითხვისას ან ფილმის ყურებისას, მაშინაც ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, ქალბატონ მარი ჯანაშიასთან შინ სტუმრობისას, პირისპირ რომ ვეჯექი, იგი ფილმის გადაღების ამბებსა და მისი დეიდა ანიკოს პატარა ვაჟის როლის შემსრულებელს, ტრაგიკულად დაღუპულ ლადო ტატიშვილს რომ იხსენებდა, თან კი ცრემლს ვერ იკავებდა. 'ოტელო' - ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად

როგორი იყო სცენასა და ეკრანს მიღმა? - ვფიქრობ, სწორედ ისეთი, როგორიც დეიდა ანიკო იყო - მართალი და კეთილშობილი, სხვისთვის სამაგალითო და სხვისგან მუდამ საუკეთესო თვისებების შემთვისებელი; უდიდესი სიყვარულისა და, ზოგადად, განცდების მატარებელი! არ მავიწყდება, იმ მოგონებებისას რომ მითხრა, - ხომ გახსოვთ, როგორც ამთავრებს ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩას": მე უკვე 40-ს გადაცილებული კაცი ვიყავი, სიზმარში ვნახე კუკარაჩა, ის კვლავ 21-22 წლის ბიჭი იყო, კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლიდაო? დაახლოებით, იგივე შეგრძნება მაქვს ლადოსთან დაკავშირებით: მე უკვე ამხელა ვარ, შვილიშვილები მყავს და ლადუნა ჩემთვის ისევ ის პატარა, 10-11 წლის ბიჭიაო! მიამბო, მე და ლადო ფილმის რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ გაგვაცნო ერთმანეთს და გვითხრა: ეს არის შენი შვილი - ლადო, ეს კი არის დედაშენი - ქალბატონი მარინაო. იმ წამსვე ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის გაჩნდა წარმოუდგენელი სიახლოვე, რომელიც სწორედ დედა-შვილს აკავშირებს და სახელს ვერ უწოდებ. ისეთი ახლობელი და მართლა შვილივით გახდა ლადო ჩემთვის, რომ მერე, გადაღებებზე, თითქმის მისი თანატოლი ჩემი შვილიც მიმყავდა ხოლმე და ეს ორი, პატარა ადამიანი ძალიან შეეთვისა ერთმანეთს. ასე რომ, ლადო მართლა ჩემი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, "კუკარაჩა" ჩემთვის ერთდროულად უსაყვარლესი და ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი ფილმია. 'კუკარაჩა' - ლადო ტატიშვილი და მარი ჯანაშია ლადოს დაღუპვის ამბავიც უცნაურად გავიგე. სამოქალაქო ომი იყო. წამდაუწუმ ვიღაც იღუპებოდა, იმ დღესაც შინ გავდი-გამოვდიოდი, ვსაქმიანობდი, ტელევიზორი ჩართული მქონდა და უცებ ჩამესმა ტრაგიკული ტექსტი, რომ მამის თვალწინ დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ჩემთვის ჩავილაპარაკე კიდეც, ღმერთო, რა საშინელებაა, როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ სულელურ, უაზრო ომს, როდის უნდა დასრულდეს ეს უბედურება-მეთქი. ახსენეს ლადო ტატიშვილი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება - ჩანს, ტვინის რომელიღაც მონაკვეთი აპროტესტებდა და არ იღებდა ამ ინფორმაციას. დიქტორი განაგრძობდა: ახლა მისი ხსოვნის პატივსაცემად გიჩვენებთ ფილმ "კუკარაჩასო". მე ვამბობ, - ვა, "კუკარაჩა" უნდა აჩვენონ! კვლავ ჩავიარე ტელევიზორთან, შევხედე, ფილმი დაიწყო, პირველი კადრია: მე ყვავილებს ვრწყავ და შემოდის ლადოს პერსონაჟი - თამაზი... უცებ ისეთი ქვითინი ამივარდა... უკვე, ეტყობა, სხვა გზა არ იყო, ტვინმა ეს ამბავი გააცნობიერა... ამიტომაც დარჩა "კუკარაჩა" ჩემთვის საოცრად ტრაგიკულ ფილმად, ლადო - კვლავ 10 წლის ბიჭად, ჩვენი ურთიერთობა კი - იმ ფაზაში, როდესაც ერთმანეთს დავშორდით. ლადო ნამდვილად სასუფეველშია, მარადისობაში. თუ მე ჩემი ცხოვრებით დავიმსახურებ იქ მოხვედრას, სადაც ახლა ლადოა, ალბათ, ჩვენი ურთიერთობა იმ ფაზიდან გაგრძელდება, სადაც დამთავრდაო...

ვერაფრით წარმომიდგენია, რომ იმ ქვეყნად მათი სულები ერთმანეთს არ შეხვდნენ. ქალბატონი, რომელმაც დედამიწაზე მხოლოდ დიდი სიყვარული ატარა და ყველას გაუნაწილა-ამყოფინა, ისე იცხოვრა, რომ მასზე იოტისოდენა აუგის მთქმელს კი არა, მხოლოდ ჭირისუფლების ჯარს აღმოაჩენთ; ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს, 2 წელიწადში 14 ოპერაცია გაუკეთეს და იმედი არასდროს დაუკარგავს, ასე, უკვალოდ ვერსად გაქრება.

მეუღლე თემურ გოცაძესთან და მის ნამუშევრებთან ერთად

მახსოვს, ვკითხე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯანმრთელად იყო, - ქალბატონო მარინა, ცხოვრების დიდი ნაწილი გავიდა, ალბათ, ბევრი ადამიანი აღარ გყავთ გვერდით, როგორც კუკარაჩა ეკითხება დეიდა ანიკოს, მეც გკითხავთ: რა არის სული, ახლა რას ფიქრობთ-მეთქი? და წამიერი პაუზის შემდეგ მომიგო, - ახლაც იმავეს გეტყვით, რაც მაშინ კუკარაჩას ვუთხარი: სული ბოთლიდან გათავისუფლებულ ჯინს ჰგავს, რომელიც სასწაულებს სჩადის... ცხოვრება მართლაც ისე უნდა განვვლოთ, რომ მარადისობაში აღმოვჩნდეთ. სხვანაირი ხიბლი აქვს ცხოვრებას, როცა იცი, რომ მისი დასრულების შემდეგაც შენი სული ვიღაცას გამოადგებაო.

მისი სული, უპირველესად, მის ოჯახს გამოადგება და მუდამ გააძლიერებს, მერე კი, ალბათ, ბევრ სხვა ადამიანს, ვისაც სევდასთან ერთად სიყვარული დაგვიტოვა.

ვუსამძიმრებ ქალბატონი მარის ოჯახს, რომელსაც პირადად ვიცნობ, ვუსამძიმრებ რუსთაველის ეროვნულ თეატრს, მთელ ჩვენს სახელოვნებო საზოგადოებას და ვუსამძიმებ სრულიად საქართველოს!

ნათელში იყავით, ძვირფასო ქალბატონო მარი!

იხილეთ ასევე: "მარინა ჯანაშიას ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი როლი ადამიანურობა იყო... ის გაყინულ სულს გითბობდა"

(სპეციალურად საიტისთვის)